როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით, თუმცა, 02 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.  ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას.

მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა.