22-25 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მონიტორინგს ვუწევთ ხელისუფლების მიერ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს, შეხვედრები გავმართეთ ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირება.
შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.
ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მირ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.
ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.