არსებული ვითარება

პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე ჩატარებული არაერთი კვლევით დასტურდება, რომ COVID 19-ის პანდემია განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ამის მიზეზი ყველა სხვა ფაქტორთან ერთად არის ის ბარიერები, რომლებიც არსებობს ჯანდაცვის სერვისებისა და ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით.

დღეის მდგომარეობით ვინაიდან COVID 19-ის ცხელი ხაზი მუდმივად გადატვირთულია, საავადმყოფოებში ადგილები ლიმიტირებული ხოლო, სასწრაფო დახმარება ხშირად დროულად მიუწვდომელი, შშმ პირს და შშმ ბავშვის მშობელს ფაქტობრივად უწევთ იბრძოლონ შეზღუდული რესურსებისთვის და კონკურენციაში ჩაერთონ COVID 19-ის მკურნალობის მისაღებად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია შშმ ბავშვების მშობლების კრიზისული მდგომარეობა, რომელთაც COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში უწევთ შშმ ბავშვების ზრუნვის გარეშე დატოვება, რაც შესაძლოა ამ ბავშვებისთვის უდიდესი რისკის მატარებელი იყოს. აღნიშნული ვითარება სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს და ჰუმანურობის პრინციპებს.

შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად იზრდება ხელისუფლების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათანადო ინფორმირებისა და მათთვის დროული და ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები განახორციელა პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღნიშნული მიმართულებით, ის ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაუდებელ საჭიროებებს, რომელიც უკავშირდება სამედიცინო სერვისებთან დროულ დაკავშირებასა და ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის მისაწვდომი ფორმით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. 

COVID 19-ის პანდემიის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყონ ინფორმაციის მისაწვდომობა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და ამისთვის გამოიყენონ სხვადასხვა ალტერნატიული მიდგომა:

  1. სპეციალური, სხვადასხვა ფორმატის ცხელი ხაზი მათ შორის სატელეფონო;
  2. მეილით კომუნიკაციის შესაძლებლობა;
  3.  მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
  4.  ვიდეო ზარები; 
  5. მარტივი ხმოვანი პროგრამები, რათა მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე;
  6. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოყენებული იყოს კომუნიკაციის ყველა შესაძლო არხი, რათა ყველა სახის ინფორმაცია მისაწვდომი იყოს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის პირისთვის.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოუწოდებს, ხელისუფლებას დროულად განიხილოს  და შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ,,დამოუკიდებელი ცხელი ხაზი, რათა შშმ პირებმა თანასწორად შეძლონ ცხელ ხაზთან ან/და სამედიცინო პერსონალთან დაკავშირება. ხოლო ცხელი ხაზის ოპერატორებმა კი შეძლონ შშმ პირთა და შშმ ბავშვების მშობელთა სპეციალური საჭიროებების ზედმიწევნით გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების აღმოჩენა.