კრიზისების დროს გენდერული უთანასწორობითა და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით განპირობებული მრავალი პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და თვალსაჩინო ხდება. COVID-19 ვირუსით (ე.წ. კორონავირუსით) გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უმრავლესობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ქალები წარმოდგენენ. საქართველოს ექიმების 62%, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში მომუშავეთა 81%, ხოლო მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. დღეს ისინი COVID-19 ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

ქალები კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს იმის მიუხედავად, დასაქმებულნი არიან თუ არა. მაგალითად,  საშუალოდ, ქალები საქართველოში კვირაში 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება. დასაქმებული ქალები კი, საშუალოდ, 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას, რაც მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ატარებენ. კრიზისის დროს ქალების შრომა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან დისტანციური მუშაობის პირობებში მათ გაზრდილი საოჯახო საქმის შესრულებაც უწევთ. სკოლებისა და ბაღების დახურვა ორმაგ ტვირთად აწვებათ ქალებს, როგორც მშობლებს, როგორც ოჯახის ხანდაზმული წევრების ზრუნვაზე პასუხისმგებლებს, ასევე, როგორც ოჯახში შემოსავლის შემომტანებს. ერთი მხრივ, ქალებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ, უწევთ საშინაო და ანაზღაურებადი შრომის შეთავსება შვილების განათლებასთან, ხოლო მეორე მხრივ, მასწავლებლებს, რომელთა დიდი უმრავლესობაც ქალია, დამატებით საგანამანათლებლო პროცესის ახალი მეთოდების ათვისებაც ემატებათ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტზე წვდომის პრივილეგია დედაქალაქის გარეთ და, განსაკუთრებით, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ნაკლებად აქვს, რაც, თავისთავად, პრობლემის ინტერსექციურობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. 

დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები (UN Women, CRRC). იმის გამო, რომ ქალები, ძირითადად, დასაქმებული არიან დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, როგორიცაა მომსახურების, კვების, ფარმაცევტული, დასუფთავების და სხვა სექტორები, რაც ხალხმრავალ ადგილებში ყოფნასა და დაბალ სოციალურ გარანტიებს გულისხმობს, ისინი უფრო მეტად არიან მოწყვლადები, შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ: ბევრ მათგანს მუშაობა უწევს დახურულ, უჰაერო, ზოგჯერ უფანჯრო სივრცეში, სადაც, შესაძლოა, არ იყოს სველი წერტილები, ხშირად არის თამბაქოს კვამლი, მტვერი ან ქიმიური ხსნარები, რაც, ცხადია, მათი იმუნიტეტისდაქვეითების რისკებს ქმნის.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ სიტუაციაში მოწყვლადი ჯგუფები აღმოჩდნენ: მარტოხელა დედები, ხანდაზმული ქალები, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, სექსმუშაკები, შშმ ქალები, იძულებით გადაადგილებული, მიგრანტი ქალები და სხვ. ერთი მხრივ, ისინი დარჩნენ დაავადებისა და თანმხლები სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე და, მეორე მხრივ, ძალადობის მომატებული საფრთხის წინაშე, რადგან ებოლას შემთხვევა აჩვენებს, რომ იზოლაციის დროს იზრდება ოჯახში/სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ორსულ ქალებში კი კრიზისით გამოწვეული სტრესი ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის/მუცლის მოშლის რისკს ქმნის.

კრიზისით გამოწვეული გადახდის უუნარობის გამო, ასევე, იზრდება ქალების უბინაოდ/საცხოვრისის გარეშე დარჩენის საფრთხე, იმ ფონზე, როდესაც კაცებთან შედარებით ნაკლებ ქალს აქვს საკუთრებაში ქონება/მიწა.

და ბოლოს, ამ ყოველივეს ემატება ისიც, რომ ისევ და ისევ ქალებს უწევთ ოჯახის დაინფიცირებულ წევრებზე ზრუნვაც.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას:

  • გამოიჩინეთ სოლიდარობა საოჯახო მოვალეობების, ზრუნვის სამუშაოსა და საგანმანათლებლო ფუნქციების თანაბრად განაწილების გზით;
  • სოლიდარულები იყავით იმ ქალების მიმართ, ვინც ეპიდემიის პირობებში განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, დაეხმარეთ საჭირო ცოდნითა და უნარებით;
  • იზოლაციის პირობებში, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის მომატებული რისკის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ ყურადღება და შეძლებისდაგვარად ჩაერთოთ სავარაუდო შემთხვევების შესამცირებლად;
  • არსებულ, ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ამდენი პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, თუმცა, სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციებში ხდება ძალიან ნათელი, თუ რა დიდი პრობლემების წინაშეც ვდგავართ. ამიტომაც,

მოვუწოდებთ მთავრობას:

  • მოვუწოდებთ მთავრობას, დაეხმაროს უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს, უპირატესად კი ქალებს – რადგან მათ ცხოვრებაზე კრიზისი კიდევ უფრო მძიმედ აისახება – დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, და შესთავაზოს ალტერნატიული გამოსავალი;
  • მომსახურების სფეროში დასაქმებულ ქალებს ნებისმიერ შემთხვევაში უწევთ სახლიდან გასვლა, რადგან ყოველდღიური შემოსავალი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, მთავრობამ უნდა იფიქროს გარკვეული სუბსიდირების სქემებზე, თუნდაც კომუნალური გადასახადების გადავადების სახით, რაც შეუმსუბუქებდათ მათ დღიურ საზრუნავს;
  • მოვუწოდოთ მთავრობას, კრიზისის დასრულებისთანავე შექმნას მექანიზმი შრომის ანაზღაურების გენდერული უთანასწორობის (gender pay gap) გასაზომად და შრომის კოდექსით აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია, რაც სამომავლოდ ამ პრობლემასთან ბრძოლაში დაგვეხმარება;
  • მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო სტრატეგიაზე და იზრუნოს, რომ ქალების არაანაზღაურებადი შრომა გადაინაწილოს სახელწიფომ – გამართოს მზრუნველობითი სერვისები, დაარეგულიროს ბაზარზე არსებული უთანასწორო ხელფასები და გადახედოს დეკრეტული შვებულების პოლიტიკას;
  • ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, შეიმუშაოს პოლიტიკა კრიზისის დროს საცხოვრისის გარეშე დარჩენის საფრთხის ასარიდებლად. ყურადღება მიაქციოს ლბტ ქალების ჯგუფის საჭიროებებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, საცხოვრისის გარეშე დარჩენა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ შექმნას ცალკე ცხელი ხაზი და გამოყოს სახსრები აღნიშნულ ჯგუფში ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის;
  • მოვუწოდოთ მთავრობას, კრიზისული სიტუაციის დასრულებისთანავე დაიწყოს მუშაობა მეთოდოლოგიაზე, რომლითაც გაზომავს ქალების მიერ შინ შესრულებული აუნაზღაურებელი ზრუნვის სამუშაოს ოდენობასა და ღირებულებას, რაც ამ მიმართულებით მომავალი პოლიტიკის დაგეგმვისთვის არსებითია; ჩვენი მხრივ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის და გთავაზობთ კონსულტაციებს.

მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს:

  • საწარმოებს, რომლებიც COVID-19 ვირუსის პირობებში აგრძელებენ მუშაობას, უზრუნველყონ დასაქმებულთა უსაფრთხო პირობები და შრომითი უფლებების დაცვა; მათ შორის, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მომუშავე თანამშრომლებისთვის, როგორებიცაა მომსახურების, დასუფთავების, ჯანდაცვის, სავაჭრო, კვების, სააფთიაქო, საბანკო და ა.შ. ქსელებში მომსახურე პერსონალისთვის, რომლებიც ძირითადად ქალები არიან; 

  • არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შექმნან სამომავლოდ გეგმა, დოკუმენტის სახით, სადაც აღწერილი იქნება მსგავს სიტუაციაში მოქმედების პირობები, რათა შემცირდეს კრიზისული სიტუაციების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე; აღნიშნული გეგმის შემუშავების პროცესში მხედველობაში იქნას მიღებული ქალთა საჭიროებები ორმაგი, შინ შრომისა და აუნაზღაურებელი ზრუნვის სამუშაოს პირობებში;
  • უზრუნველყონ სათანადო ინფორმირება თანამშრომლებისა, რომლებსაც დღის განმავლობაში ბევრ ხალხთან უწევთ შეხება, თუ როგორ დაიცვან თავი დაინფიცირებისგან; მიაწოდონ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებისას შრომით უფლებებზე;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს იზრუნონ თანამშრომლების შრომის მოქნილ გრაფიკზე, სამუშაო საათების გადანაწილების/შემცირების ხარჯზე;
  • რეკომენდაციები გაუწიონ კიბერ/ოჯახური/სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია მსგავსი დანაშაულების რისკ ფაქტორს წარმოადგენს, თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაციით,  დიდი კომპანიების შემთხვევაში – ცხელი ხაზის ამუშავებით.

მოვუწოდებთ ქალებს:

  • საჭიროების შემთხვევაში, აწარმოეთ მოლაპარაკებები დამსაქმებელთან უსაფრთხო სამუშაო პირობების მოთხოვნით;
  • იზოლაციის დროს ონლაინ სექსუალური შევიწროების/ძალადობის გაზრდილი საფრთხის გამო, გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ პირადი ინფორმაცია კიბერ სივრცეში.
  • თუ თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა, მიმართეთ: შრომის ინპექციას ცხელ ხაზზე – 1505; სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481; პროფკავშირებს ნომერზე – 032 224 24 49; სოლიდარობის ქსელს – 598 13 81 82; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 032 293 61 01;
  • ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, დაუკავშირდით პოლიციას 112-ზე, ან დარეკეთ ძალადობის მსხვერპლთა დამხარების ცხელ ხაზზე 116 006; ასევე, ორგანიზაციაში “საფარი” 599 407 603 ან/და ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” 032 2 33 13 56;
  • ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში მიმართეთ პოლიციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზს 116 006, ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  032 2 33 13 56;
  • თუ დარეკვის საშუალება არ გაქვთ, გაააქტიურეთ 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც SOS ღილაკის, ჩატის და ზარის განხორციელების მეშვეობით,  შესაძლებლობას გაძლევთ, დაუკავშირდეთ 112-ის ოპერატორს.


ხელმოწერები გრძელდება. შემოგვიერთდით!


ხელმომწერი ორგანიზაციები:

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო

ქვემო ქართლის მედია

ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისთვის

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

თანასწორობის მოძრაობა

ქალები საქართველოდან

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ქალთა მზერა

რეალური ხალხი რეალური ხედვა

კავშირი “საფარი”

თბილისი პრაიდი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი

პანკისის “უხუცეს ქალთა საბჭო”

“სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე”

იდენტობა YOUTH

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

GrlzWave

ჰელფინგ ჰენდ

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”

ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის

კავშირი ქალი და რეალობა

ახალგაზრდა ფემინისტები

“ქალთა მოძრაობა”

კახეთის ბოშათა გაერთიანება

მეგობრობის ხიდი ქართლოსი

კავშირი ქალთა ცენტრი

მირაბალდები / Mirabaldebi

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცეტრი.

ა/ო “ალები ქვეყნის მომავლისათვის”

ორბელიანი საქართველო

ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია “ერთობა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საორსა”