“კოალიცია თანასწორობისთვის” წინამდებარე ანგარიში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის პროგრამებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კრიტიკაა ქ. თბილისის სოციალური საცხოვრისებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ექთანი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის უფლების პერსპექტივიდან.  სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა. ცალკეული სოციალური პროგრამებისა და განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დაცვის გამართული სისტემა და შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფდა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იქნებოდა ორიენტირებული1. კვლევის ზოგად ამოცანას წარმოადგენს კოალიციური მუშაობის შედეგად ქვეყნის სოციალური დაცვის პოლიტიკის შეფასება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაანალიზების გზით. კვლევის ანგარიშის შედეგები მნიშვნელოვან ტენდენციებს გამოკვეთს სოციალური დაცვის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის საჭიროებების ასახვის მიმართულებით.

ანგარიში ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი თავი მიმოიხილავს ქ. თბილისის სოციალური საცხოვრისების ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს, არსებულ ფულად და არაფულად დახმარებებს და მათ შესაბამისობას ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებთან. მეორე თავი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის კრიტიკულ ანალიზს. მესამე თავი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი აანალიზებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არსებულ სოციალურ პოლიტიკას, ხოლო მეორე ნაწილი აფასებს ექთანი ქალების სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებს. ბოლო, მეოთხე თავი ეთმობა ლგბტქი ადამიანების სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის კრიტიკულ ანალიზს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა თავთან მიმართებით შეფასებულია სოციალური დაცვის სისტემის მზაობა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში წარმოშობილი სირთულეების დასაძლევად, რომელმაც კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სისტემის სისტემური ხარვეზები.

კვლევის ავტორები:

  • სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური დაცვა – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად – კავშირი „საფარი“ ექთნების სამუშაო პირობები თუ სოციალური გარანტიები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ლგბტქი თემის სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობა – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

კვლევის ანგარიში გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადმოწერე: