ავტორი: სოფო მენაბდიშვილი
შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ შშმ ქალების უფლებების დაცვის ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს, პირდაპირ დაკავშირებულია შშმ ქალებისა და გოგოების პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვასთან.
განსაკუთრებულად მნიშნველოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-19 მუხლი (დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება), რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული კონვენციის გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა (მუხლი 22) და საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის (მუხლი 23) უფლებებთან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის განმარტებით, თემზე დაფუძნებული მომსახურებების არარსებობა, პირდაპირ წარმოშობს 23-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევის რისკს, ვინაიდან, შშმ პირებს, ერთი მხრივ, არ ეძლევათ თემში ცხოვრების შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, ხელი არ მიუწვდებათ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერ მომსახურებებზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება შშმ ქალების შემთხვევაში, როდესაც მათი ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვა, შვილების დამოუკიდებლად აღზრდა უშუალოდ არის დაკავშირებული თემში არსებულ ეფექტიან მხარდამჭერ მომსახურებებთან.
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის მიმართულებით სამართლებრივ გარანტიებს ადგენს საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“. კანონის მე-13 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას შშმ პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და აღმოფხვრას ყოველგვარი დისკრიმინაცია ამ სფეროში. თუმცა, კანონის მოთხოვნები პრაქტიკაში ნაკლებად სრულდება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არცერთი პროგრამა პასუხობს შშმ ქალი მშობლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე, არ ითვალისწინებს მშობელთა განათლების, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტებს, რაც ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებებისთვის საკვანძო საკითხია.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს უფრო მეტად სჭირდება მხარდამჭერი სერვისის არსებობა, ვიდრე იგივე ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცს. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ქალის გენდერული როლის შესახებ გაბატონებული შეხედულებით, რომლის მიხედვითაც სწორედ მას ევალება სახლის მოვლა, საჭმლის მომზადება და შვილების აღზრდა. მაშინ როცა, კაცს არ ეკისრება ამ საოჯახო მოვალეობათა შესრულება და მისი შეზღუდული შესაძლებლობა არ წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრებისთვის იმგვარ დაბრკოლებას, როგორსაც შშმ ქალისთვის.
ამავდროულად, შშმ ქალებს, მომეტებული მოწყვლადობიდან გამომდინარე, უფრო ხშირად ერთმევათ საკუთარი ცხოვრების ისეთ ასპექტებზე კონტროლის შესაძლებლობა, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება, ფინანსების კონტროლის საშუალება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილების ყოლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება და სხვა.
სამწუხაროდ, მიუხედავად კონვენციის რატიფიცირებისა, საქართველომ ვერ შეძლო ვერც შშმ ქალებისთვის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნა და ვერც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულება, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზების ხელშემშლელი გარემოებაა. ამჟამად, უამრავი შშმ ქალი სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს დიდი ზომის სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში, შშმ პირთა პანსიონატებსა თუ თავშესაფრებში. სახელმწიფოს დღემდე არ გააჩია ზოგადი თუ კონკრეტული ხედვა საზოგადოებაში მათი დაბრუნების, ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფისა და შვილების ყოლის შემთხვევაში ყოვლისმომცველი სათემო სერვისების შექმნის კუთხით, რათა დაცული იყოს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
მშობლის უფლების განხორციელების შეზღუდვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმ შშმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც შშმ პირთა პანსიონატებსა და დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იქმნება ამ მიმართულებით სათემო ორგანიზაციების შემთხვევაშიც. მართალია, სათემო სახლების შემთხვევაში კანონმდებლობაში არ არის პირდაპირი აკრძალვა ბავშვის მშობელთან ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მაგრამ, მაშინ როცა პრაქტიკაში შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი არ არსებობს, და არც სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტში ამ კუთხით შესაბამისი ჩანაწერი არ მოიძებნება, ეს უფლება განუხორციელებელი რჩება.
სახელწმიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები პირებისთვის მშობლის უფლების შეზღუდვასთან ერთად, ხშირია შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ქალებისგან მოშორებით ბავშვების მინდობით აღზრდაში განთავსება, რაც არღვევს ბავშვის უფლებას იცხოვროს და გაიზარდოს ბიოლოგიურ ოჯახში, ჰქონდეს ურთიერთობა მშობლებთან და და-ძმებთან. ბავშვისა და მშობლების განცალკევება ხელს უშლის მშობლისა და შვილის რეგულარულ კონტაქტს, რაც არ წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს და აზიანებს ბავშვის აღზრდა-განვითარებას.
რეალურად, ინსტიტუციური სისტემის ნაწილია ის, რომ ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში ქალებს პრაქტიკულად ეზღუდებათ შვილის ყოლის უფლება და თუკი მათ შვილი ეყოლებათ, სახელმწიფო ერთადერთ გამოსავლად მშობლის უფლების შეზღუდვასა და ბავშვისა და დედის დაშორებას ხედავს. ასეთი ფაქტები ჩვენი ქვეყნის რეალობაში მრავლადაა. ამ დროს შშმ ქალებისათვის ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის მიმართულებით დაბრკოლებას წარმოადგენს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების არარსებობა, რის გამოც, ხშირად, შშმ ქალი ვერ ახერხებს დატოვოს საცხოვრისი და და დამოუკიდებლად შეძლოს მშობლის მოვალეობების შესრულება.
ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზებაში დაბრკოლებას წარმოადგენს შშმ ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა და შემოსავლის არქონა. ამისათვის კი, აუცილებელია მრავალფეროვანი სოციალურ ეკონომიკური სერვისების არსებობა, რათა შშმ ქალებმა შეძლონ სხვებთან თანასწორ პირობებში, საჭირო მხარდამჭერი სერვისების მიწოდების გზით, საკუთარი შემოსავლით შვილთან ერთად ყოფნა.
განსაკუთრებით პრობლემურია, საზოგადოებაში გავრცელებული დისკრიმინაციული ხედვა და სახელმწიფო უწყებების დისკრიმინაციული დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალების მიმართაც, როდესაც ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი საკმარისი ხდება მშობლის უფლების შესაზღუდად.
PHR-ში მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, „ქალები საქართველოდან“ პლათფორმაზე წავიკითხე ისტორია ნინოს შესახებ. ისტორია შშმ ქალზეა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობისა და სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამო, სახელმწიფომ შვილი არ დაუტოვა და მინდობით აღზრდით სხვა ოჯახში გადაიყვანა.
შემდეგ მალევე მომიწია მისი მონახულება სათემო სახლში, სადაც იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მისი ისტორია ზუსტად ამ თანმიმდევრობით, გულისტკივილითა და ემოციით მომიყვა, როგორც „ქალები საქართველოდან“ პლათფორმაზეა ნაჩვენები.
ნინო:„საკეისროს შემდეგ, ჩემი შვილი რომ მოვიკითხე, მითხრეს ზესტაფონში წაიყვანესო. ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ…“
„კლინიკაში... თვლიან, რომ ჩვენ არ განვიცდით, როგორც დედები და მშობლები. არ ესმოდათ, რომ მეც მინდოდა შვილი ჩემს გვერდით გაზრდილიყო. მახსოვს იქ ერთ-ერთ ექთანს ვუთხარი, გთხოვ, შენც ხომ დედა ხარ, იცი რა არის ეს გამოცდილება და ერთხელ მაინც მანახე ჩემი ახლად დაბადებული შვილი-მეთქი. მითხრეს აქ აღარ არის შენი შვილიო…“
„მე სულით და გულით მინდოდა, რომ ჩემი შვილები ჩემთან ყოფილიყვნენ. სულ ამაზე ვფიქრობ ახლაც. სამინისტრომ ასე მითხრა, არ შეიძლება შვილები შენთან იყვნენო. გაოცებული დავრჩი. მეც მინდა, როგორც სხვებს, ჩემი შვილები ჩემს გვერდში იზრდებოდნენ, გრძნობდნენ ჩემს სითბოს და სიყვარულს-მეთქი.
მე ერთი დღეც კი არ მიცხოვრია ჩემს არც ერთ შვილთან, მაშინვე მართმევდნენ…“
პრობლემის მოგვარების უპირველესი გზა სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაა - შეიქმნას შშმ ქალებისათვის ოჯახის გაძლიერების, შშმ ქალების მხარდაჭერის და საჭირო სერვისები.
აუცილებელია შეიქმნას შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანი პროგრამები, რათა შშმ ქალებს შეეძლოთ მშობლის ფუნქციის შესრულება და შვილების საჭიროებების დაკმაყოფილება.
მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა შშმ ქალები არ იყვნენ გარიყულნი საზოგადოებიდან და მათ არ აღიქვამდნენ მოწყვლად ადამიანებად. გარდა ამისა, არსებული სოციალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე (იქნება ეს ინფრასტრუქტურული გარემო თუ ფინანსური ხელმისაწვდომობა). გარდა ამისა, აუცილებელია სახელწმიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები მშობლები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი საცხოვრისითა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, იმისთვის რომ შვილები გაიზარდონ მშობლებთან, ოჯახურ გარემოში.
ბლოგი მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.
_________________________________________
1. General comment No. 3 (2016) on women and girls with disabilities, Committee on the Rights of Persons with Disabilities, CRPD/C/ GC/3, https://bit.ly/32RMybH;
2. General comment No. 3 (2016) on women and girls with disabilities, Committee on the Rights of Persons with Disabilities, CRPD/C/ GC/3, https://bit.ly/32RMybH