შორენას ძალიან უყვარს მოგზაურობა და საქართველოსა და მსოფლიოში ბევრს მოგზაურობს. მას ბავშობიდან სმენის დაქვეითება აღენიშნება.

2019 წელს შორენამ აღმოაჩინა, რომ ეკუთვნოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სოციალური პაკეტი (შშმ პირთა პენსია). მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ პოლიკლინიკას. თუმცა, ვინაიდან ვერ წარადგინა ბავშვობაში ჩატარებული აუდიოგრამა, პოლიკლინიკამ უარი უთხრა შშმ პირის სტატუსის  მინიჭებაზე, რაც მას შშმ პირის პენსიას მისცემდა. 

შორენამ, კუთვნილი შშმ პირის პენსიის მოპოვების მიზნით სასამართლოს მიმართა.

შორენას ბრძოლის ისტორია

შორენას, 11 წლიდან, სმენის დაქვეითება აღენიშნება, რომელიც ბოლო წლებში თანდათან უფრო დამძიმდა. იგი, ბავშვობიდან იტარებდა სამედიცინო კვლევებს და სხვადასხვა წლებში გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; თუმცა, ვერ მოხერხდა, ბავშვობაში გადაღებული აუდიოგრამის მოძიება, რომლის გარეშეც მას შშმ პირის პენსიის მიღებაზე უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შორენამ მოიპოვა გენეტიკური კვლევის შედეგი, რაც ადასტურებდა სადაო ფაქტობრივ გარემოებებს (ბავშვობაში არსებულ სმენის დაქვეითებას). ასევე, სპეციალისტის სახით, გამოიკითხა პროფესორი, რომელმაც სასამართლოს არსებითი მნიშვნელობის ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაავადების მახასიათებელია, გენის დაზიანება ჩასახვის მომენტიდან.

სასამართლომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა შორენა ფხალაძის მოთხოვნა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით. PHR საქმეში სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ჩაერთო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და მიიჩნია, რომ:

მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს, იმის გამო რომ ქვეყანაში დოკუმენტების შენახვის სისტემა და მათი წარდგენის შესაძლებლობა გამართული არ არის.

 

რა თქვა უზენაესმა სასამართლომ?

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ. სააგენტო მიუთითებდა კონკრეტული, კანონის საფუძველზე განსაზღვრული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის არარსებობაზე, რაც შორენა ფხალაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და აღნიშნა, რომ კონკრეტული დოკუმენტის არარსებობის პირობებშიც, სასამართლოს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის ექსპერტის ჩვენება) შეუძლია დადგენილად მიიჩნიოს ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დასტურდება ფაქტი, რომ შორენა ფხალაძეს ბავშვობიდან აღენიშნებოდა სმენის დაქვეითება.

PHR-ს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ შშმ პირს საშუალებას მისცემს, საკუთარი უფლებები, სასამართლოს გზით დაიცვას და ადმინისტრაციული ორგანოების დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას ამ გზით მიაღწიოს.

შორენას გამარჯვება

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როცა შემქონდა სასამართლოში საბუთები ვერც წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. თუმცა თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში, ამასთანავე გვერდში მედგნენ პროფესიონალები, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო: ადვოკატები სამივე ინსტანციის, გენეტიკოსი, ჩემი პირადი ექიმები, ეკა თორთლაძის მეთაურობით. აღსანიშნავია პირველი ინსტანციის მოსამართლის- დავით წერეთლის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ და მისი ყოველთვის სამართლიანი გადაწყვეტილებები. ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით“- შორენა ფხალაძე.

მოსამართლეები:

საქალაქო სასამართლო: დავით წერეთელი (გადაწყვეტილება)

სააპელაციო სასამართლო: თამარ ონიანი (გადაწყვეტილება)

უზენაესი სასამართლო: ბიძინა სტურუა, მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე (გადაწყვეტილება).

საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები: ანა არგანაშვილი, თამარ კაპანაძე