2023 წლის 03 აგვისტოს, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ამავე დღეს დაიწყო.
PHR-ი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ერთი წლის განმავლობაში როგორ მიმდინარეობდა გამოძიება შოვის საქმეზე და რა დარღვევები გამოიკვეთა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში PHR-ის ადვოკატები გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედის, ია მერებაშვილის ინტერესებს წარმოადგენენ.
PHR-ის იურისტები შოვის საქმეში 2023 წლის 17 აგვისტოს ჩაერთნენ. ჩართვიდან დღემდე 35-მდე განცხადება და საჩივარი იქნა შეტანილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში რელევანტური გარემოებების დადგენის, მტკიცებულებათა მოპოვების, დაზარალებულად ცნობის, სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოების, საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისათვის გადაცემისა და საქმის გარემოებათა გაუხმაურებლობის შესახებ შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით.
ორგანიზაციის ადვოკატებმა საქმეში არსებული არაერთი დარღვევა გამოავლინეს და ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. სამწუხაროდ, საგამოძიებო უწყებისა და პროკურატურის გადაწყვეტილებით ადვოკატს 2024 წლის 29 თებერვალს შეეზღუდა საქმეში არსებული მასალების შინაარსზე საუბრის უფლება, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობა საქმეში არსებულ დარღვევებზე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.
შოვში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ რა დარღვევები გამოიკვეთა საქმეში, რის შესახებაც PHR-მა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია.
◾ გამოძიების წარმოება არასრული კვალიფიკაციით
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2023 წლის 03 აგვისტოს დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. PHR-ის არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად საქმეს ამ დრომდე არ დაემატა სამოხელეო დანაშაულისა და განსაცდელში მიტოვების კვალიფიკაცია.
◾ გამოძიების მიკერძოებულობა და ადვოკატებისთვის მტრული გარემოს შექმნა
შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 2 თვეში შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის დროს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით წინასწარი შეფასებები გააკეთა და გამოძიების ჩატარების გარეშე ცალსახად გამორიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა (მათ შორის იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მხრიდან რაიმე გადაცდომის/დარღვევის ჩადენა, რაც მეტყველებდა გამოძიების წინასწარგანწყობებით წარმოებაზე.
გარდა ამისა, საქმეში პრობლემად რჩება ყველა რელევანტური მტკიცებულების შეგროვებისა და პასუხისმგებელ პირებთან კრიტიკული კითხვების დასმის საკითხი.
საქმისმწარმოებელი გამოძიებისა და ხელმძღვანელი პირების მხრიდან გარდაცვლილი დავით ბერიაშვილი ადვოკატების მიმართ მუდმივად ჰქონდა ადგილი მტრული გარემოს შექმნას, რაც უმეტესად გამოიხატებოდა საქმესთან დაკავშირებით მედია საშუალებებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ადვოკატების მიმართ გამოთქმულ საყვედურებში, შეურაცხმყოფელ მიმართვასა და ა.შ.
◾ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის შეზღუდვა
PHR-ის ადვოკატებს უარი ეთქვათ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემაზე, რის გამოც მათ თვეების განმავლობაში უწევდათ მასალების წაკითხვა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში პოლიციის თანამშრომელთა მეთვალყურეობის ქვეშ.
2024 წლის თებერვალში კი ადვოკატს, მათ შორის, შეეზღუდა საქმის მასალების შინაარსზე საჯაროდ საუბარი. ადვოკატის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც ზემდგომ პროკურორთან, ასევე სასამართლოში, თუმცა უშედეგოდ.
გამოძიების მიმდინარეობის 1 წლის განმავლობაში საგამოძიებო უწყებას საზოგადოებისთვის არცერთხელ მიუწოდებია ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ამ პირობებში, ადვოკატისთვის მასალების გადაცემაზე უარის თქმა და საქმის გარემოებების გაუხმაურებლობის შესახებ შეზღუდვის დაწესება მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებების ეფექტურ განხორციელებაში ხელშეშლასა და ამყარებს ვარაუდს გამოძიების მიკერძოებასთან დაკავშირებით.
◾ დაზარალებულად ცნობაზე უარი
პროკურატურას ამ დრომდე არ უცვნია დაზარალებულად შოვში სტიქიას გადარჩენილი პირები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ღვარცოფულ მასაში იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. ფიზიკური და უმძიმესი ემოციური ზიანის მიუხედავად სახელმწიფო მათ დაზარალებულებად არ მიიჩნევს.
◾ ცხედრების ადგილზე დაყოვნება და დასურათება
საქმის მასალებით დგინდება, რომ სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა პოვნისას ცხედრების მონიშვნა არ განხორციელებულა. შესაბამისად, დაუდგენელია გარდაცვლილთა ადგილზე დაყოვნების ხანგრძლივობა. საქმეში დღემდე არ არის იდენტიფიცირებული საჯაროდ გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი იმ ექვსი გარდაცვლილის ვინაობა, რომელთა ცხედრების შოვში მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვება და დაყოვნება მოხდა.
სამასთანავე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ადგილზე არ შეუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოგვაწვდიდა გარდაცვლილთა პოვნის შესახებ ობიექტურ მონაცემებს, მათ შორის რა სიღრმეში იქნა ნაპოვნი ცხედრები.
მაშველების გამოკითხვის ოქმების თანახმად, ცხედრების პოვნისას გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალასა და ლოკაციებს ისინი შტაბში აპლიკაციით „WhatsApp” გზავნიდნენ, თუმცა მასალას გაგზავნისთანავე შლიდნენ მობილური ტელეფონებიდან. გამოძიების დაწყებიდან დღემდე PHR ითხოვს მაშველების მიერ გაგზავნილი აღნიშნული შეტყობინებების გამოთხოვას აპლიკაციიდან, რათა დადგინდეს და გადამოწმდეს მასალათა მოპოვების ზუსტი დრო, ლოკაცია და კომუნიკაციის მხარეები. ამ დრომდე გამოძიებას ინფორმაციის გამოთხოვა არ განუხორციელებია. ზემოხსენებული მონაცემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო ექსპერტიზის შედეგზე.
სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია ყველა გარდაცვლილს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს არ უცდიათ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის.
◾ მაშველების აღჭურვილობა
მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციისა და საქმის მასალების თანახმად შოვში ადგილზე მომუშავე მაშველებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა ღვარცოფულ მასაზე გადაადგილებისთვის, რისთვისაც ისინი ადგილზე ნაპოვნ ფიცრებსა და თუნუქის ნაჭრებს იყენებდნენ.
◾ დრონები
მედია საშუალებებში თვითმხილველი მოწმეების მიერ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 03 აგვისტოს სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დრონებს არ უმუშავია. გამოძიება ამტკიცებს, რომ 2023 წლის 03 აგვისტოდან სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 5 დრონი მუშაობდა, თუმცა არცერთი მათგანით არ განხორციელებულა სტიქიის ზონის უწყვეტი გადაღება-ჩაწერა. მხოლოდ 1 დრონით იქნა გადაღებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო (რამდენიმე წამიანი ჩანაწერი), თუმცა ამ დრომდე დადგენილი არ არის აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა.
ამასთანავე, მტკიცებულების სანდოობის კუთხით კითხვებსს აჩენს თუ რატომ ვერ დააფიქსირა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა დრონმა ღვარცოფულ მასაში მყოფი დაახლოებით 7 გადარჩენილი პირი, თუკი ეს დრონი 18:20-18:48 საათის შუალედში ათვალიერებდა სტიქიის ზონას და აღნიშნული პირების დაფიქსირება შეძლო ტურისტის დრონმა.
ყურადსაღებია გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განმარტებით, მან დრონით გადაღებული კადრები წაშალა სამინისტროს კუთვნილი დრონიდან მეხსიერების სიმცირის გამო და ზემოხსენებული კადრები პირადი მობილური ტელეფონით გადაგზავნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ საინფორმაციო ცენტრში. საქმის მასალებით დგინდება, რომ კადრების წაშლის შემდეგ მას ახალი კადრების მეხსიერების ბარათზე ჩაწერა არ განუხორციელებია.
გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა იმ ტურისტის ვინაობა, ვინც სტიქიის ზონაში პირველი კადრები დრონით გადაიღო. საქმეში არ მოიპოვება ტურისტის დრონით გადაღებული კადრების ჩანაწერებიც.
◾ შვეულმფრენები
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ შვეულმფრენების ჩართვასთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციაში მოთხოვნა 03 აგვისტოს 15 საათსა და 56 წუთზე შევიდა, მაშინ როდესაც პირველი ზარი „112“-ში 15:07 წუთზე განხორციელდა და პირველი და შემდგომი შეტყობინების ავტორები ვერტმფრენის ჩართვის გადაუდებელ საჭიროებაზე მიუთითებდნენ.
გამოკითხვის ოქმების თანახმად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ორივე შვეულმფრენს ჰქონდა მხოლოდ აფრენა-დაჯდომისთვის გარე განათების ფარები და არა ღამე განათების ფუნქცია, რაც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნული შვეულმფრენის ღამე გამოყენებას.
◾ გამაფრთხილბელი შეტყობინებები და უსაფრთხოების პასპორტი
2023 წლის 03 აგვისტოს სტიქიის შესაძლო განვითარების შესახებ გამაფრთიხლებელი შეტყობინება ონის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუღია. საქმის მასალებით დგინდება, რომ საინფორმაციო ბაზა, რის მიხედვითაც სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამაფრთხილებელი შეტყობინებები უნდა გაეგზავნა, რამდენიმე წელია არ განუახლებია. შედეგად კი, გამაფრთხილებელი შეტყობინებები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერსა და თანამშრომლებს გაეგზავნათ. გარდა ონის მუნიციპალიტეტისა, საგენტოს მიერ შეტყობინებები არაუფლებამოსილ პირებთან გაიგზავნა სხვა არაერთ მუნიციპალიტეტსა თუ უწყებაში.
სტიქიის განვიათარების დროისთვის ონის მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა სამოქალაქო უსაფრთხოების პასპორტი, არ არსებობდა კურორტ შოვის საევაკუაციო გეგმა და შესაძლო საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები.
ზემოთ ჩამოთვლილი და საქმეში არსებული სხვა დარღვევები მიუთითებს გამოძიების არაეფექტურობასა და სხვდასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე.
შესაბამისად, PHR მოუწოდებს სახელმწიფოს აღმოფხვრას გამოძიებაში არსებული ხარვეზები, უზრუნველყოს მიუკერძოებელი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
შოვის საქმესთან დაკავშირებით PHR-ის წინა განახლებებს (05.10.23; 25.03.24) შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://www.phr.ge/search/633 ; https://www.phr.ge/search/689
საქმეზე მუშაობენ PHR-ის ადვოკატები ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი.