ეკა კვირკველია არის ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი (მოიცავს გინეკოლოგიასა და ანდროლოგიას), სექსოლოგი, ასევე კავკასიის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორი. ეკა კვირკველია 1 წელზე მეტია აწარმოებს პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც საუბრობს მის პროფესიულ საქმიანობაზე. მის საგანმანათლებლო ბლოგს, რამდენიმე ათასი ქალი ყოველდღიურად თვალს ადევნებს.
ეკა ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე, მისი პროფესიული საქმიანობის გამო აღმოჩნდა. ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე, ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ. თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატიური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით.
2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მოქმედი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადექვატურ ზომებს.
ეკას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მის მიმართ განხორციელებული ონლაინ სექსუალური ძალადობის უპასუხო დატოვება, იქნებოდა ეკას მრავალათასიანი მსმენელი ქალისთვის გზავნილი, რომ ამ სახელმწიფოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქალებისთვის აკრძალულია. სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიწვევს ქალების პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის უფლებების დარღვევას. ამ გზავნილის სანაცვლოდ, ჩვენ ეკას და სხვა ქალების გაძლიერებას ვემსახურებით, რათა, არცერთი წუთით, თავი დაუცველად არ იგრძნონ ონლაინ, გენდერული ძალადობის წინაშე.
საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, საქმის მიმდინარეობისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ზომების შესახებ.