2023 წლის 09 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ დანიელისთვის 3820 ლარის გადახდა დაეკისრა.

დანიელს, 2019 წელს შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ვინაიდან ცენტრი განმარტავდა რომ „დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს, ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა 3 წლამდე შეუძლებელი იყო“.

ვრცლად წაიკითხეთ აქ: https://shorturl.at/eHV39

2022 წლის 29 დეკემბერს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დანიელის მოთხოვნა და შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ დაავალა ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა სტატუსის დაგვიანებით მინიჭების გამო სოციალური პაკეტის (პენსიის) მიუღებლობაში.

გადაწყვეტილება გაასაჩივრა სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა. ცენტრი მიიჩნევდა, რომ იგი არ არის უფლებამოსილი მოპასუხე, ვინაიდან სასამართლო მიუთითებდა სახელმწიფოს მხრიდან დარღვევებზე. ამასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის შეფასებით, მას ლიცენზია მხოლოდ ფსიქიატრიაში აქვს, შესაბამისად, დანიელის დედას შეფასების მოთხოვნით სხვა დაწესებულებისთვის უნდა მიემართა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ცენტრის არგუმენტები და მიიჩნია, რომ „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ ვალდებულია აანაზღაუროს დანიელის მიმართ მიყენებული ზიანი. სასამართლომ ცენტრის მხრიდან ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების არ გათვალისწინება შეაფასა იმ დარღვევად, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველი გახდა.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა ვერ დაასახელა თუ რა სამედიცინო-სოციალური ჩვენებები დაედო ბავშვისთვის სტატუსის განსაზღვრას საფუძვლად, რა არსებითი ცვლილებები განიცადა ბავშვმა შეფასებაზე უარის თქმიდან სტატუსის მინიჭებამდე, მაშინ როდესაც ბავშვის დედის გადმოცემით მისი საჭიროებები იგივეა“.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცენტრმა იხელმძღვანელა სამედიცინო მოდელით, რაც ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რის გამოც უკანონოდ უთხრა შეფასებასა და სტატუსის მინიჭებაზე უარი. შესაბამისად, მან უნდა აანაზღაუროს ზიანი, რაც გამოიხატა სოციალური პაკეტის (პენსიის) მიუღებლობაში -3820 ლარის ოდენობით.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.