„ეს განცდა ალბათ არასოდეს დამავიწყდება, ამდენი უსამართლობის შემდეგ, რაც კი წლების მანძილზე შემხვედრია რატის დიაგნოზიდან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარი შვება და ვიგრძენი საოცარი ძალა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ვიგრძენი სამართლიანობა. ასევე, ძალას მაძლევდა ჩემს გვერდით მყოფი იურისტების განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომ მარტო არ ვიყავი ამ ბრძოლაში და მათ შეუძლიათ ყოველთვის დაიცვან შშმ პირთა უფლებები, რაც მე , როგორც დედას კიდევ უფრო მიმძაფრებს ბრძოლის უნარს რათა მომავალში მეტი შევძლო ჩემი შვილისთვის“.-თამუნა ელიკაშვილი, რატის დედა.

2021 წლის 09 მარტს, PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - ჯანდაცვის სამინისტრო) დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოსაცდელი პერიოდის გარეშე დააფინანსებდა ყველა იმ შემთხვევას, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების ან/და კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისთვის ზოგადი ანესთეზიით ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება. 

მიუხედავად იმისა, რომ დროებითი განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს განჩინების გამოცემიდან 14 თვე დასჭირდა, ვიდრე სასამართლოს დავალებას შეასრულებდა. სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო 12 წლის რატიმ, ვერ მიიღო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით სახელმწიფოს დაფინანსებით, ბავშვს უწევდა ტკივილის მოთმენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გაუუარესდა მდგომარეობა.

რატის უყვარს ფიგურების გამოჭრა, ვიდეოების ნახვა და მანქანით სეირნობა.

ბავშვის დედამ სამინისტროს დაფინანსების მოთხოვნით ორჯერ მიმართა - 2021 წლის 28 ოქტომბერს და 2022 წლის 09 მარტს. სამინისტრომ 2022 წლის 21 სექტემბერს მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და ბავშვის დედის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, კბილი რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დასაბჟენი იყო, ამოსაღები გახდა. ასევე დაუზიანდა სხვა კბილებიც. ვინაიდან ბავშვი განიცდიდა აუტანელ ტკივილს, 2022 წლის ივლისში, რატის-ს დედამ ისესხა თანხა, რათა შვილს მიეღო სტომატოლოგიური მომსახურება.

„როცა რატის დასჭირდა სტომატოლოგიური მომსახურება, მივმართე რამდენიმე კლინიკას. რატის სჭირდებოდა ანესთეზიით მკურნალობა კბილებზე, განსაკუთრებით მწვავედ იდგა მუდმივი კბილის შენარჩუნების საკითხი. მოვითხოვე დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროსგან და რვა თვიანი ლოდინის მერე უარით გამომისტუმრეს. ძნელი წარმოსადგენია, რამდენი მტკივნეული დღე გავიარეთ და რამდენი სირთულე ამ პერიოდში. შემდეგ ვისესხე თანხა და მოვძებნე კლინიკა, სადაც შეღავათიან ფასად გაუწიეს რატის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით, ოთხი საათი იყო ბავშვი ნარკოზის ქვეშ. ამ ყველაფრის შემდეგ მოვიძიე ახლა უკვე ჩემთვის საამაყო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და მათი პროფესიონალი იურისტთა გუნდი, რომლებიც მზად აღმოჩნდნენ ჩემი შვილის უფლებების დასაცავად ებრძოლათ სასამართლოში,“-თამუნა ელიკაშვილი, რატის დედა.

2022 წლის 30 ნოემბერს ბავშვმა PHR-ის დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 18 ნოემბერს, ისე რომ რატი ყოჩიაშვილის იმჟამინდელი მდგომარეობა არ შეუსწავლია, დააკმაყოფილა რატის 2021 წლის 28 ოქტომბრის მოთხოვნა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად იყო შეცვლილი, კერძოდ, მან ამოიღო კბილი რომლის დაპლომბვაც შესაძლებელი იყო 2021 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას რატი ფაქტობრივად ვერ გამოიყენებდა.

2023 წლის 07 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბავშვის მოთხოვნა და ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას დააკისრა 7130 ლარის გადახდა არასრულწლოვანის სასარგებლოდ.

“დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა სასამართლო პროცესს. საბოლოოდ მოსამართლემ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა. ეს განცდა ალბათ არასოდეს დამავიწყდება, ამდენი უსამართლობის შემდეგ, რაც კი წლების მანძილზე შემხვედრია რატის დიაგნოზიდან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარი შვება და ვიგრძენი საოცარი ძალა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ვიგრძენი სამართლიანობა. ასევე, ძალას მაძლევდა ჩემს გვერდით მყოფი იურისტების განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომ მარტო არ ვიყავი ამ ბრძოლაში და მათ შეუძლიათ ყოველთვის დაიცვან შშმ პირთა უფლებები, რაც მე , როგორც დედას კიდევ უფრო მიმძაფრებს ბრძოლის უნარს რათა მომავალში მეტი შევძლო ჩემი შვილისთვის“.- თამუნა ელიკაშვილი, რატის დედა.

სასამართლომ აღნიშნა:

„სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში ეფექტიანად აღსრულება, რამდენადაც აღსრულება წარმოადგენს მთლიანად ამ უფლების საბოლოო მიზანს და არსს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გზით უფლების დაცვა იქნება არასრული და არაეფექტიანი“.

სასამართლომ  მიიჩნია, რომ ის ვადა, რაც სამინისტროსა და მთავრობას განჩინების აღსასრულებლად დაჭირდა სრულად სცილდება ყოველგვარი გონივრულობის ფარგლებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების დაუყოვნებლივ გაწევის უზრუნველყოფას, თუნდაც შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან სასამართლომ იმსჯელა დროებითი განჩინების აღსრულების გონივრულ ვადაზე, ხოლო ვალდებულების შესრულებისთვის არაგონივრულად დიდი დროის გამოყენება შეაფასა უკანონო ქმედებად, რაც ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა. ამ გადაწყვეტილებით ყველა პირს, ვინც განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი სახელმწიფოს არაეფექტური მოქმედების გამო (სასამართლო განჩინების აღუსრულებლობა არაგონივრულად დიდი დროის განმავლობაში, რის გამოც კომუნიკაციისა და ქცევის სირთულის მქონე პირებს არ შეეძლოთ ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება სახელმწიფოს დაფინანსებით) შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.