2023 წლის 05 მაისს, PHR-ის ადვოკატებმა, თამარ კაპანაძემ და თამარ გაბოძემ SOS ბავშვთა სოფელში სოციალური მუშაკებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (შემდეგში - სრჯ) უფლებებზე ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს ორგანიზაციის 14 თანამშრომელი ესწრებოდა.
შეხვედრის მსვლელობისას PHR-ის ადვოკატებმა მონაწილეებთან ერთად მიმოიხილეს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ, ასევე ისაუბრეს სოციალური მუშაკების როლზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიერ სრჯ უფლებებით სარგებლობის პროცესში, განიხილეს ორგანიზაციის სტრატეგიული და წარმატებული საქმეები აღნიშნულ სფეროში.
მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს წარმატებული საქმეების მიმართ, ადვოკატებს გაუზიარეს გამოწვევები, რასაც თავიანთ პრაქტიკაში აწყდებიან. ასევე, მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ტრენინგებში რათა აიმაღლონ ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების, მათ შორის სრჯ უფლებების შესახებ.
შეხვედრა პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წვდომა სექსუალურ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებზე" ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების სექსუალური ჯანმრთელობასა და რეპროდუქციული უფლებების (SRHR) ეფექტურ განხორციელებას როგორც ინსტიტუციონალური ცვლილებების გამოწვევით, ასევე საზოგადოების ინფორმირების გზით. პროექტის გუნდი მუშაობს ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაზე, როგორც პროფესიონალებში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, რითაც გვსურს გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების SRHR საკითხებზე ცოდნა, დღის წესრიგში დადგეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე აქტიური მუშაობა.
შეხვედრა RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.