შშმ ქალები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით (შემდეგში -სრჯუ) სარგებლობისას არაერთ ბარიერს აწყდებიან. სრჯ უფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, მნიშვნელოვანია, იურისტები, ექიმები და ფსიქოლოგები ფლობდნენ ინფორმაციას სრჯუ საკითხებზე, ჰქონდეთ მგრძნობელობა შშმ პირების მიმართ, სერვისის მიწოდების დროს უზრუნველყონ მათი სრჯ უფლებების დაცვა. PHR აქტიურად მუშაობს შშმ ქალების უფლებების ადვოკატირებაზე, რა დროსაც გამოიკვეთა რეგიონებში დარგის სპეციალისტების გაძლიერების საჭიროება. მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და სრჯუ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, PHR-ის იურისტებმა 19-21 ივლისს ქუთაისსა და ხაშურში ტრენინგები ჩაუტარეს იურისტებს, ფსიქოლოგებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
ტრენერებმა განიხილეს რას მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ასევე, განხილულ იქნა რა სამართლებრივი გარანტიები არსებობს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებების, ასევე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. ტრენინგების დროს განხილულ იქნა ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური ბარიერები, რასაც შშმ ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. არა ადაპტირებული გარემო, თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ხელს უშლით დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სრჯ უფლებებით სარგებლობაში.
შეხვედრების დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა შშმ ბავშვების მშობლებისა და მზრუნველების ცნობიერების ამაღლების საჭიროება. კერძოდ, მშობლების ნაწილს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულების გავლენით, არ აქვთ შვილის სტატუსის მიმღებლობა, სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია მათი შვილების მდგომარეობისა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით PHR-ის ადვოკატებმა ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში, დამატებით შეხვედრები ჩაატარეს ზესტაფონისა და ქუთაისის დღის ცენტრის ბენეფიციარების მშობლებთან და მზრუნველებთან.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ სულ 10 ტრენინგი ჩატარდა. PHR მომდევნო წელს კვლავ გეგმავს სხვადასხვა რეგიონში როგორც თავად შშმ ქალებთან, ასევე, მათ უფლებებზე მომუშავე სპეციალისტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის “Supporting Women with Disabilities in Being, doing and becoming independent” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.