ანა არგანაშვილი


ბოლო პერიოდში რამდენიმე მეგობარმა მთხოვა - მიმეთითებინა კონკრეტული მუხლი გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში, რომელიც შშმ პირების სტატუსზე ისაუბრებდა.

მე დისკუსიის ძალის მჯერა და გადავწყვიტე, ეს საკითხი არა მხოლოდ ჩემ მეგობრებს და მე განგვეხილა. სწრაფად მეთარგმნა, რამდენიმე წყარო, რომელიც ინგლისურად გამოქვეყნების გამო შესაძლოა არ იყოს ბევრისთვის მისაწვდომი. შემდეგ, ერთად გვემსჯელა ამ აქტუალურ თემაზე [1].

მაშასადამე, გავარკვიოთ, რას ამბობს გაეროს შშმ პირთა კონვენცია შშმ პირებისთვის ოფიციალური შეფასების ჩატარებაზე და სტატუსის მინიჭებაზე? არაფერს! აი ასე მარტივად. არაფერს.  დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.

რისთვის გვჭირდება შშმ პირის სტატუსი?

არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, შშმ პირის სტატუსს იყენებს მათთვის სერვისების მისაწოდებლად. ამ სტატუსის მიხედვით განსაზღვრავს მთავრობა ვის ეკუთვნის ესა თუ ის სერვისი და ვის, არა.

ამ გზით, შშმ პირების შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემა ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, გააკონტროლოს ბიუჯეტი და ფინანსური დახმარებების გაცემა.

რა ტიპის შშმ სტატუსის მინიჭების სისტემები არსებობს?

მსოფლიოში დღეს არსებობს შშმ სტატუსის განსაზღვრის სამი ძირითადი მოდელი:

1. ბიუჯეტის ინტერესებით წარმართული.

2. ტექნიკური შესაძლებლობებით წარმართული.

3. ადამიანის უფლებებით წარმართული.

პირველი მოდელი აქცენტს აკეთებს ფულის დაზოგვაზე და უმეტესად სამედიცინო მიდგომას ეყრდნობა. მეორე მოდელი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICF) ჩარჩოს და აქცენტს აკეთებს შშმ პირების შეფასების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე (ტესტები, ფუნქციების გაზომვები, ა.შ.). ხოლო მესამე მოდელი კი მთლიანად გაეროს შშმ პირთა კონვენციით არის მხარდაჭერილი. იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ შეფასებაზე და სტატუსის მინჭებაზე, ჯერ გავიხსენოთ, რას ამბობს კონვენცია ზოგადად შეზღუდულ შესაძლებლობაზე.

შშმ პირთა გაეროს კონვენციის მიდგომა შეზღულ შესაძლებლობასთან

რაც არ უნდა საოცრად მოგვეჩვენოს, კონვენცია არ განსაზღვრავს რა არის შეზღუდული შესაძლებლობა. ანუ ის არ აკონკრეტებს მაგალითად რაიმე შეზღუდვა (ვთქვათ, კიდურის ამპუტაცია) ჩაითვლება თუ არა შეზღუდულ შესაძლებლობად. კონვენცია ამას შემდეგნაირად ხსნის: შეზღუდული შესაძლებლობები არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული, რადგან ის შედარებითია. ერთი და იგივე შეზღუდვა (მაგ. ამპუტაცია) შესაძლოა ერთი ადამიანის ცხოვრებას ზღუდავდეს და მეორისას - არა. სამაგიეროდ, კონვენცია განსაზღვრავს თუ ვინ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ადამიანები, რომელთაც აქვთ ხანგრძლივი ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური ან სენსორული შეზრუდვა, ხვდებათ ისეთი ბარიერები, რაც აფერხებს მათ სრულფასოვან და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებაში, სხვებთან თანასწორად.

სამედიცნო, სოციალური თუ ადამიანის უფლებების მოდელი?

კონვენციის ზემოთმოყვანილ დეფინიციაში შემდეგი ფრაზის გამო: „ბარიერები, რომელიც აფერხებს მათ მონაწილებას“ დიდი ხანი ფიქრობდნენ, რომ კონვენციამ შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელი, სოციალური მოდელით ჩაანაცვლა. თუმცა, ეს ზედმიწევნით სწორი არ არის. შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელში, როგორც გახსოვთ, ზედმეტად ხაზგასმულია გარემო ბარიერების როლი და მიჩნეულია, რომ სწორედ ეს ბარიერები და არა სამედიცნო დიაგნოზი  ხდის შშმ პირს შშმ პირად. სოციალური მოდელი, რომელიც ერთი შეხედვით უფრო პროგრესულია ვიდრე სამედიცინო მოდელი, მაინც სუსტად და დათრგუნულად წარმოაჩენს შშმ პირს. თითქოს, მასზე გარემო ბარიერები უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ვიდრე ის -გარემოზე. თუ სამედიცინო მოდელში დიაგნოზი ძალადობდა შშმ პირზე, ახლა გარემო გახდა ასეთივე მოძალადე და შშმ პირი ორივე შემთხვევაში დასუსტებულ პოზიციაშია. ამიტომაც, სოციალური მოდელი, კონვენციამ ახალი, ადამიანის უფლებების მოდელით ჩაანაცვლა, რომელიც მარტივი ენით შემდეგნაირად აიხსნება:

ადამიანის უფლებების მოდელი, აღარ განიხილავს შშმ პირს როგორც ობიექტს ანუ მსხვერპლს, არამედ როგორც ძლიერ, უფლებების მქონე სუბიექტს. ამ მოდელის მიხედვით შეზღუდვები ისევ შშმ პირის გარეთაა გარემოში, მაგრამ ის სხვადასხვანაირ ურთიერთობაშია შშმ პირთან, შესაძლოა ზღუდავდეს მას, ან არ ზღუდავდეს.

კონვენცია მიუთითებს, რომ ამ დეფინიციიდან გამომდინარე,შშმ პირთა შეფასების მოდელი არ უნდა იყოს ორიენტირებული შეზღუდვის შეფასებაზე, არამედ იმ მხარდაჭერის შეფასებაზე, რაც ადამიანს ჭირდება გაძლიერებისთვის.

სად შეეძლო კოვნვენციას შშმ სტატუსის ხსენება და არ ახსენა

ვინაიდან, შშმ პირთა კონვენციის ავტორებისთვის ცნობილი იყო, რომ შშმ პირთა სტატუსის მინიჭების სისტემა მათ შეზღუდვებს უსვამს ხაზს, ალბათ, ამიტომ, შეგნებულად აირიდეს თავიდან შშმ სტატუსის მინიჭების ხსენება კონვენციის ტექსტში.

მაგალითად, მუხლი 26, რომელიც ეხება შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამებს, ამბობს, რომ სახელმწიფომ შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროებების და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინარული შეფასებით უნდა გაუხსნას გზა პირს ამ პროგრამებისკენ.

ასევე, 28-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ სახელმწიფომ სოციალური დაცვის პროგრამები უნდა შეიმუშაოს შშმ პირებისთვის არსად ახსენებს შშმ პირთა სტატუსს.

კიდევ უფრო შორს, კონვენციის ტექსტის მიღმა რომ წავიდეთ, სახელმწიფოების პერიოდული ანგარიშების განხილვისას კომიტეტი ხშირად გამოთქვამს შეშფოთებას შშმ პირთა შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემის არსებული მოდელების გამო. მაგალითად, უნგრეთის ანგარიშის შეფასებიბსას, კომიტეტმა აღნიშნა, რომ არასწორია, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის დეფინიცია ეფუძნება ინდივიდის შეზღუდვებს და არა მის გარეთ არსებულ ბარიერებს, რომელიც ამ პიროვნებას ეხება (2012). ხორვატიას კი მიუთითა „შშმ პირთა ფულადი კომპენსაციის გამოთვლა უნდა დაერყდნოს იმის შეფასებას თუ რა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება ამ ადამიანს“ (2015). ლატვიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა კომიტეტმა:

„შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრა უნდა დაეყრდნოს ადამიანის უფლებების მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა შეაფასოს, რა საჭიროებები და სურვილები აქვს ამ ადამიანს. ამ შეფასების მთავარი მიზანი უნდა იყოს გარემოში ბარიერების აღმოფხვრა და სრული საზოგადოებრივი მონაწილების ხელშეწყობა“ (2017).

ამის საპირისპიროდ, ყველა სხვა ქვეყანა სადაც ჯერ ისევ სამედიცინო მოდელზე იყო დაფუძნებული შშმ პირის სტატუსის მინიჭება, კომიტეტმა მიიჩნია კონვენციის დამრღვევად.

რას მიიჩნევს კომიტეტი დარღვევად

მოდით, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ კომიტეტის თანახმად, შშმ პირის სტატუსის როგორი სისტემა არის მიჩნეული კონვენციასთან შეუსაბამოდ: 

  • სამედიცინო ან დეფექტზე ორიენტირებული ფუნქციონირების მოდელზე დაყრდნობილი ტესტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ სოციალურ ფაქტორს. 
  • ადამიანის დაზიანებებზე და შეზღუდვებზე ორიენტირებული მოდელი.

საბოლოოდ რომ გავცეთ პასუხი კითხვას, საჭიროა თუ არა შშმ პირის სტატუსი სახელმწიფო სერვისების და ბენეფიტების მისაღებად, შშმ პირების კონვენციის თანახმად?

არა. იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს საქართველოში შშმ პირის სტატუსის განმსაზღვრელი სისტემა არსებობს, იგი არღვევს გაეროს შშმ პირთა კონვენციას, შესაბამისად, სტატუსის არ ქონამ, არ უნდა შეუზღუდოს შშმ პირს რაიმე სერვისის ან ბენეფიტის მიღება.

თუმცა, იმისათვის რომ კონვენციის ეს ხედვა იქცეს დაწერილი ტექსტიდან რეალობად, შშმ პირებმა ჯერ სასამართლოს უნდა მიმართონ და, თუ იქ ვერ მიიღეს კონვენციის შესაბამისი ხედვა, შემდეგ უნდა მიმართონ გაეროს შშმ პირთა კომიტეტს. ამ ყველაფერში კი თქვენ PHR-ის ადვოკატები დაგეხმარებიან.

 


[1] აქვე მინდა გავაკეთო შენიშვნა, რომ ეს ტექსტი არ არის სამეცნიერო ხასიათის და მასში უმეტესად მარტივი ენით არის გადმოცეული რამდენიმე სტატიის მასალა, არ არის დაცული სამეცნიერო რეფერირების სტანდარტი, რომელიც ტექსტს რთულად წასაკითხს გახდიდა.