პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის ეხმიანება 2020 წლის
8 სექტემბერს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნელი დოროყაშვილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის
ნივთების დაზიანების თაობაზე.
21 მაისიდან დღემდე
სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია ნელი დოროყაშვილის
შესახებ (თითქოს ის 21 მაისს შეთანხმების გარეშე მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვის
წამოსაყვანად, ან ყოველთვიურად ითხოვდა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან 100 000 ლარის გადახდას
და სხვ.). 2020 წლის 8 სექტემბერს გავრცელებული
ინფორმაციაც წარმოადგენს ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის, საზოგადოებაში
მისი სახელის შემლახავი კამპანიის ნაწილს და მიზნად ისახავს
ბრალდებულის მსხვერპლად წარმოჩენას.
ნელი დოროყაშვილის
მიერ მოწოდებულ ვიდეოში, რომელიც 2020 წლის 9 სექტემბერს არის გადაღებული ნათლად ჩანს
რომ მის სახლში დღემდე ინახება ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთები, მათ შორის თასები, დაუზიანებელ
მდგომარეობაში. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასოდეს შეშლია ხელი ნივთების წაღებაში და დღესაც
ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ნივთების წაღება. მანამდე კი ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთები
უსაფრთხოდ ინახება ნელი დოროყაშვილის სახლში.
ასევე შეგახსენებთ,
რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა,
რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული
ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი
წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდზე.