ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები ვეხმიანებითშშმ პირთა უფლებების შესახებკანონპროექტის განხილვის პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საერთაშორისო ვალდებულებებთან  სრულ შესაბამისობაში მოყვანა და შშმ თემის აქტიური ჩართულობა მისი განხილვის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში 2020 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. ჯერ კიდევ ინიცირებამდე, იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების მრავალწლიან პროცესში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა შშმ პირთა და ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა. სამუშაო პროცესი ვერ გადაიქცა ფართომასშტაბიანი განხილვისა და დისკუსიის პლატფორმად, რომელიც თემის წევრების ხედვების, გამოწვევებისა და რეკომენდაციების საპასუხოდ, ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის საფუძველი იქნებოდა.

ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების პარალელურად, პრობლემურია კანონპროექტის შინაარსობრივი მხარეც. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, კანონპროექტი, დეკლარაციული ბუნების გამო, ძირითადად ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ცალკეულ შემთხვევებში კი, გაეროს შშმ პირთა კონვენციასთან შედარებით დაბალ სტანდარტს აწესებს. დოკუმენტში ასევე გამოტოვებულია მთელი რიგი საკითხები, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს რეალობაში (მაგ. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვა). კანონპროექტის შემუშავების პროცესთან, ასევე შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ საჯარო განცხადება და შეფასება შემუშავდა, რომელიც პარლამენტს წერილობით გადაეგზავნა.

რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენებში შშმ თემის მონაწილეობას, ერთი მხრივ, გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ განხილვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პარლამენტის ვებ-გვერდზე იყო ხელმისაწვდომი და არ იყო გამოყენებული ინფორმირების მრავალფეროვანი ფორმები. შედეგად, შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანებს ჰქონდათ. ამასთანერთ-ერთი საკომიტეტო განხილვის დროს სხდომის დარბაზი მისაწვდომი არ იყო ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისათვის, რის შედეგადაც, აქტივისტმა დიდი დაბრკოლებების შედეგად, ფაქტობრივად ღირსების შემლახველი ხერხით (რამდენიმე ადამიანმა აიყვანა ეტლით ხელში) შეაღწია დარბაზში. ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი შშმ თემის ეფექტიან და აქტიურ ჩართულობას პროცესში.

კომიტეტებში პირველი მოსმენით დოკუმენტის განხილვისას ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების რისკი საგრძნობლად გაიზარდა. კანონპროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შშმ აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა განცხადებით მიმართეს პარლამენტს. მიმართვა ეხებოდა ქვეყანაში არსებული სახიფათო მდგომარეობისა და ამ ჯგუფის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის რისკ-ჯგუფში ყოფნის გამო განხილვების გადადებას და პროცესების განახლებას მხოლოდ მაშინ, როდესაც საგანგაშო პერიოდი ჩავლილი იქნებოდა და დაინფიცირების საფრთხე აღარ იარსებებდა. განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კანონპროექტის განხილვისას შშმ თემის წარმომადგენელთა ეფექტიანი და დაუბრკოლებელი ჩართულობის აუცილებლობას. მიუხედავად აღნიშნული მიმართვისა, 16 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი. მართალია, ცალკეული ელექტრონული საშუალებებით შშმ თემის წარმომადგენლებისთვის არსებობდა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები, თუმცა, ცხადია, რომ ეს ფორმატი ვერ იქნებოდა დისკუსიის, აზრთა გაცვლისა და პროცესში ეფექტიანი ჩართულობის მექანიზმი.

ამასთან, ხაზგასასმელია, კანონპროექტთან დაკავშირებით, 18 მარტს ვიდეო კონფერენციის გამართვა, რომელიც რომელშიც მონაწილეობას შშმ თემის წევრები, მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარლამენტარი, რატი იონათამიშვილი, მონაწილეობდნენ. ცხადია, ვიდეო კონფერენციის დროს კანონპროექტისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის სრულად განხილვა ვერ მოხერხდა და არსებობდა დამატებითი შეხვედრების, ასევე, შეხვედრისას წარდგენილი პოზიციებისა და რეკომენდაციების გაზიარებაზე უკუკავშირის მოლოდინი, რომელსაც ადგილი არ ჰქონია.

18 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით, შშმ პირების მონაწილეობის გარეშე, განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განხილვის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო პარლამენტის ვებ-გვერდზე, სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით, მხოლოდ ამ ფორმით ინფორმაციის მისაწვდომობა არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტიან მექანიზმად და აუცილებელი იყო ამ მიზნით მრავალფეროვანი ფორმატების გამოყენება. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ COVID-19-ით ინფიცირებისას რისკ-ჯგუფში ყოფნა არსებითად აფერხებს საკომიტეტო განხილვებზე მსურველი შშმ პირების დასწრებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოსმენის დაგეგმვის დროს აღნიშნული ფაქტორიც მხედველობაში ყოფილიყო მიღებული პარლამენტის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უმეტესწილად უგულებელყოფილია ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო სტანდარტიხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა რეალური და ეფექტიანი ჩართულობის პრინციპი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მზადყოფნას, სადაც მოგვეცემა შესაძლებლობა, დაწვრილებით წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. მხოლოდ აქტიური კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, დავხვეწოთ დოკუმენტი იმგვარად, რომ მოხდეს მისი სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონპროექტი იქცეს შშმ პირების უფლებების დაცვის ქმედით მექანიზმად. ამასთან, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის პირობებში შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევები, რომელთა დიდმა ნაწილმა, შესაძლებელია, ვერ მოახერხოს განხილვებზე/შეხვედრებზე ფიზიკურად დასწრება. ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ შშმ პირთა კანონის მნიშვნელობას ამ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მისი მიღება უნდა მოხდეს შშმ პირების რეალური და ეფექტიანი ჩართულობის მექანიზმების გამოყენების საშუალებით, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები საქართველოს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი რეკომენდაციებით:

  • უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შშმ პირებთან და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა, რომლის ფარგლებშიც სიღრმისეულად განიხილება კანონპროექტთან და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები და რომელიც მიზნად ზემოაღნიშნული დოკუმენტების დახვეწას დაისახავს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი მექანიზმები და ფორმატები (უმეტესწილად, დისტანციური), რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესში თემის ჩართულობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაითვალისწინებს COVID-19-ით ინფიცირების რისკებსა და შშმ ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვლადობას აღნიშნული ინფექციის წინაშე;
  • გადადგას ყველა შესაბამისი ნაბიჯი კანონპროექტის დეკლარაციულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლების სტანდარტისა და მისი აღსრულების მექანიზმების დასადგენად;
  • მიიღოს ზომები გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან კანონპროექტის ტექსტის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის ცნებების, ასევე, სოციალური მოდელის არსთან მიმართებით და შექმნას სხვადასხვა ჯგუფისათვის აუცილებელი სერვისების განხორციელების საკანონმდებლო ბაზისი;
  • კანონპროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმის უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს მისი ნაჩქარევი მიღება და შშმ პირთა თემის ფართო წარმომადგენლობას მიეცეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია პროექტთან დაკავშირებით.

მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი

მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაშითბილისი (GIP – Tbilisi)

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვისპსკ

კავშირი ქალი და რეალობა

თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის (PER)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

ვოლფრამის სინდრომი-საქართველო

საქართველოს პორტიჯის ასოციაცია

მშობელთა საინფორმაციო ცენტრი ( PIC)

ფონდი აურეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვიმეგობროთ

მოძრაობა ,,ინკლუზიური საზოგადოება-საქართველო

ყოველი მეათე ჩვენგანი

ნერვული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)

გოგა გოგატიშვილიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

დავით ბიბილეიშვილიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

გელა ბერაძედამოუკიდებელი აქტივისტი

ესმა გუმბერიძეშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

კობა ნადირაძეშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

ნათია გოგოლაშვილიდამოუკიდებელი აქტივისტი

ლეილა ხაჭაპურიძევოლფრამის სინდრომი-საქართველო

გია ჯვარშეიშვილიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

მარიკო კობახიძეშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი

შორენა კრაველიძედამოუკიდებელი აქტივისტი