პოლ ალფორდი 20 წლისაც არ იყო, როდესაც ფიმაუნთის საავადმყოფოში წაიყვანეს, ეს დიდი ინსტიტუცია იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ნიუკასლში, დუბლინში. სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ აქ მხოლოდ 6 თვე დარჩებოდა. პოლი ვერ წარმოიდგენდა, რომ 32 წელი დასჭირდებოდა იქიდან წამოსასვლელად. პოლმა რთული ცხოვრება გამოიარა ინსტიტუციაში, დამცირების, შეურაცხყოფის, ინსტიტუციის მკაცრი რეჟიმით ცხოვრების გარდა, მას მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ, მაღაზიაშიც ამუშავებდნენ. პოლი საკუთარ სახლზე და საზოგადოებაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ხანგრძლივი ბრძოლით, მეგობრების და ადვოკატების დახმარებით, პოლი საკუთარ ბინაში დამოუკიდებლად საცხოვრებლად 2016 წლის 11 იანვარს გადავიდა. ეს ბინა მან წლების განმავლობაში ჩამორთმეული პენსიით იყიდა, რომელიც ასევე ადვოკატების დახმარებით დაიბრუნა.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, დეკემბერში, პოლმა თავისი ისტორია და გამოცდილება ერთ დიდ პრეზენტაციაში აღწერა და აუდიტორიას ბორძიკით წაუკითხა, რადგან ინსტიტუციაში კითხვა დაავიწყდა და სულ ახლახანს თავიდან ისწავლა.

პოლის ისტორია უფლებადამცველმა მიშელ ბროუნინგმა შეისწავლა, რომელიც უკვე წლებია იკვლევს, როგორ იღებენ ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით, გადაწყვეტილებებს ადამიანები, რომლებსაც ინტელექტუალური შეზღუდვა აქვთ.

პოლი და მიშელი ერთმა წამოწყებამ შეახვედრა ერთმანეთს, რომლის ფარგლებშიც მათ გარდა, კიდევ 14 წყვილი გვიყვება საკუთარ უნიკალურ გამოცდილებაზე; რა გზა გაიარეს უუფლებობიდან სრულფასოვან მოქალაქეობამდე.

ეს ხალხი სხვადასხვა ქალაქებიდან, ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან ერთმანეთთან ეილიონოირ ფლინმა დააკავშირა, ეს პროექტი სახელწოდებით “ადამიანების ხმები” საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თვითგამორკვევისა და თვითდამკვიდრების მაგალითებს უყრის თავს.

ეილიონოირ ფლინი სამართლის სკოლის პროფესორი და შეზღუდული შესაძლებლობის სამართლისა და პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელია ირლანდიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩართული იყო ირლანდიაში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირების პროცესში. ის ქმედუნარიანობის რეფორმის მკვლევარი და აქტიური მხარდამჭერია.

  • რატომ გადაწყვიტეთ, რომ ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს აკადემიურად იკვლევენ და ადამიანები, რომლებიც ამ გამოცდილებით ცხოვრობენ, ერთმანეთთან დაგეკავშირებინათ? რას შეცვლიდა ეს ტანდემი?

ეს იდეა იმ იმედგაცრუების ნაყოფია, რომელიც პირადად მე აკადემიური სივრცის მიმართ გამიჩნდა. თითქოს ორი სხვადასხვა ოთახიდან ვიბრძოდით ერთი მიზნისთვის. ვთანხმდებოდით, რომ ყველა ადამიანი თავად იყო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი; რომ მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მაგრამ მაშინვე ჩიხში შევდიოდით, როცა რთულ შემთხვევებთან გვქონდა საქმე. კანონები თითქოს ძალას კარგავდნენ. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვერ არწმუნებდი, არ გიჯერებდნენ. სულ ვფიქრობდი, ჩემიც რომ არ ესმით, მათ როგორ ენდობიან მეთქი. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რომ ეს ორი სამყარო დამეახლოებინა. პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა მომეძებნა ვისაც, სისტემის უსამართლობა საკუთარ ტყავზე ჰქონდა გამოცდილი, მათ უნდა ეთქვათ ჩვენთვის, რა იყო არასწორი? რა უნდა შეცვლილიყო? რა უშლიდათ ხელს, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღოთ? შემდეგ, ამ ადამიანებისთვის შესაფერისი წყვილები უნდა მომეძებნა, თუნდაც აკადემიური სფეროდან, უფლებადამცველები, სამართლის სპეციალისტები, რომლებიც დაიწყებდნენ ფიქრს, სად იყო ხარვეზი და როგორ შეიძლებოდა მისი გამოსწორება საკანონმდებლო დონეზე, რომ სხვა ადამიანებს იგივე დაბრკოლებები აღარ შეხვედროდათ. თავიდან ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი სამართლებრივად უკეთესი გამოსავალი მოგვეძებნა. სრულიად მოულოდნელად ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს არ სჯეროდათ, რომ სასამართლო მათ პრობლემებს მოაგვარებდა. მართლმსაჯულებასთან სრული გაუცხოება ჰქონდათ, რადგან მათ სწორედ კანონმა ჩამოართვათ ნება. მხარდაჭერას, უმეტესწილად, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან ან უბრალოდ, კეთილსინდისიერი ადამიანებისგან ელოდნენ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვედრიათ და დახმარებიან, რომ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ. ადვილი არ იყო ამ წყვილების სხვადასხვა ქვეყნებში პოვნა და დაკავშირება. საბოლოოდ, მაინც ყველაფერი გამოვიდა. ძალიან საინტერესო ნამდვილი ისტორიები მოვისმინეთ და გავაანალიზეთ. პროექტის დასასრულს პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, კანონმდებლები, მოსამართლეები მოვიწვიეთ და ყველა ეს გამოცდილება წიგნისა და პრეზენტაციის სახით გავუზიარეთ.

  • პროექტი 2018 წელს დასრულდა, რა შეიცვალა ამ პროექტის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის?

მახსოვს ერთ მოსამართლეს, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, მხოლოდ ერთი წყვილის ისტორია გავუზიარეთ ბროშურის სახით. გადახედა და მთლიანი წიგნი მოითხოვა. ბევრმა დეტალმა დააინტერესა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ისიც კი გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა, სასამართლოში მრჩეველთა ჯგუფი არსებობდეს, რომლის წევრებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც იქნებიან და საქმეების განხილვის დროს, მათ კონტექსტის უკეთ გააზრებაში დაეხმარებიან.

კიდევ ერთი ისტორია მახსენდება ქალზე დემენციის დიაგნოზით, რომელიც თვითმფრინავში არ აუშვეს იმიტომ, რომ ოჯახის წევრი თან არ ახლდა. ამ ამბით ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა. მისი სტატიის შემდეგ, დაზარალებული რადიოშიც დაპატიჟეს. მოგვიანებით, ერთ-ერთმა სატრანსპორტო კომპანიამ თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა, როგორ უნდა დაეხმარონ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანს დამოუკიდებლად მგზავრობისას.

ამ ისტორიების მოსმენის პარალელურად, აუდიტორიიდან შეფასებები ისმოდა: “ეს არ უნდა დაგმართნოდა,” “ეს არ უნდა მომხდარიყო.”

როცა სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ადამიანი, განსხვავებული დიაგნოზითა და გამოცდილებით, მართლმსაჯულების უსამართლობაზე გიყვება, ძნელია ეს შემთხვევითობას დააბრალო ან გამონაკლისად მიიჩნიო. ამ დროს უმჯობესია გესმოდეს: “ეს არ უნდა დაგვეშვა,” “ეს არასწორია.” ზუსტად არ ვიცი, რამდენმა მოსამართლემ და კანონმდებელმა იფიქრა ასე, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ რამდენიმეს წარმოდგენა მაინც შევარყიეთ.

  • ქმედუნარიანობის რეფორმა საქართველოში ექვსი წლის წინ დაიწყო. ახალ საკანონმდებლო ბაზას უფლებადამცველები დადებითად აფასებენ. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, ადამიანების ყოველდღიურობა, რომლებმაც რეფორმის შედეგად, სამოქალაქო უფლებები დაიბრუნეს, არსებითად არ შეცვლილა. მეურვის ნაცვლად დღეს მათ მხარდამჭერები ჰყავთ, ხშირად იგივე ადამიანები. როგორ მიიღწევა რეალური ცვლილებები?

მე ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე დაასახელეთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ცვლილება ვერ ხდება. თუ ზუსტად იგივე ადამიანები გახდნენ მხარდამჭერები, ვინც მანამდე მეურვეები იყვნენ, გამოდის, რომ მხოლოდ დასახელება შეიცვალეს. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდწილად განსაზღვრავს, რა უძღვის რეფორმას წინ. თუ რეფორმა იმიტომ იწყება, რომ ცვლილებებს თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ითხოვენ და მას მხარს უჭერენ მშობლები, აქტივისტები, პროფესიული თემი, მაშინ უფრო დიდი შანსია, რომ რეფორმა წარმატებული იქნება, რადგან მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

სხვა შემთხვევაში, რაც როგორც წესი, უფრო ხშირია, ცვლილებებს უფლებადამცველების ვიწრო წრე ითხოვს და ის ვერ გადაიქცევა მოძრაობად. მას ფართო საზოგადოება არ ემხრობა. ეს არის მიზეზი, რატომაც პრაქტიკაში ცვლილებები არ იგრძნობა. რეფორმას დრო სჭირდება, ხალხში ცნობიერება უნდა შეიცვალოს. ამისთვის ცალკე საინფორმაციო კამპანიებია დასაგეგმი. ხალხმა უნდა გაიგოს, რა განსხვავებაა მეურვესა და მხარდამჭერს შორის. ამ პროცესს მკაცრი მონიტორინგიც სჭირდება.

მხარდამჭერები, რომლებიც კანონის მიხედვით, ცალკეული ადამიანის წარმომადგენლები არიან, მათ ნებას საკუთარი შეხედულებების მიხედვით ვერ ჩაანაცვლებენ. რა თქმა უნდა, ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმას კარგი სამართლებრივი მექანიზმი სჭირდება, თუმცა, არანაკლებ მნშვნელოვანია მხარდამჭერებს გავაგებინოთ, რა არის მათი ძირითადი მოვალეობები, რა შეცვალა ახალმა საკონმდებლო ბაზამ სისტემაში. ამის გარეშე, ძალიან რთული იქნება ნამდვილი ტრანსფორმაცია.

  • შეგიძლიათ ისეთი ქვეყნები გაიხსენოთ, სადაც რეფორმა წარმატებული იყო? განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნების გამოცდილება გვაინტერესებს.

რთულია ამის თქმა. ყველა კარგი პრაქტიკა რაც მახსენდება, საშუალო და მდიდარი ქვეყნების გამოცდილებას უკავშირდება. შვედეთსა და კანადაში სახალხო მოძრაობა დაიწყო ცვლილებების მოთხოვნით, რომელსაც მოგვიანებით, მთავრობამაც დაუჭირა მხარი და საკანონმდებლო ბაზაც შეიცვალა.

კანადაში კანონმდებლობა გაეროს შშმ პირების უფლებათა კონვენციის რატიფიცირებამდე შეცვალეს. მათ წარმომადგენლობაზე შეთანხმების აქტი 1996 წელს მიიღეს. წარმოიდგინეთ, ეს კონვენციის რატიფიცირებამდე 10 წლით ადრე იყო. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც ფაქტობრივად, ხელისუფლების საქმეს აკეთებდა. ხალხს აცნობდა როგორი უნდა ყოფილიყო მხარდაჭერა და ზრუნვა ახალი კანონის შესაბამისად. დახმარების ცხელი ხაზიც შექმნეს, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დაერეკათ და სხვადასხვა შემთხვევაზე ემსჯელათ. შესაძლო გამოსავალსაც სთავაზობდნენ.

ცხადია, ეს არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობად არ უნდა დარჩეს, ამაში ინვესტიცია სახელმწიფომ უნდა ჩადოს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ სახელმწიფო ასეთ წამოწყებაში მონაწილეობას არ იღებს, სხვათა შორის, არც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. ამიტომ მგონია, რომ თუ შესაძლებელია ეს რომელიმე ორგანიზაციამ აიღოს თავის თავზე, ან აქტივისტების მოძრაობა შეიქმნას, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ საინფორმაციო კამპანიას და ახალი მოდელის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ქსელში აქტიურად ლაპარაკს, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლის გზაზე. მედიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მაგალითად, ბულგარეთში, ახალი კანონი ჯერ არ ჰქონდათ მიღებული, როცა მედიამ კონკრეტული ადამიანების ისტორიების მოყოლა დაიწყო და აჩვენებდა, როგორ უზღუდავდა მეურვის სისტემა ადამიანს თავისუფალ არჩევანს. მხარდამჭერის შემთხვევაში კი, როგორ იბრუნებდნენ ისინი მოქალაქის სტატუსს. საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, სხვანაირად გულგრილი დარჩებოდა და ვერც ამ ცვლილების მნიშვნელობას გაიაზრებდა. მოკლედ, უნდა დაფიქრდეთ და ყველა პლატფორმა და ორგანიზაცია გამოიყენოთ, რომლებსაც სწორი ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ ხალხში. არ არის თქვენთან მშობლების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ან მათი ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ორგანიზაციები? იქნებ, მათ წამოიწყონ დისკუსია? თუმცა, შეიძლება სწორედ ისინი იყვნენ კონსერვატორულად განწყობილები რეფორმის მიმართ და ფიქრობდნენ, რომ უკეთესია, თუ მხოლოდ მათ ექნებათ მეტი კონტროლი. ამ მიზეზით შეიძლება მეურვის ინსტიტუტის მსგავსი მოდელი ურჩევნიათ. ამაზე წინასწარ არის საფიქრალი. ადვოკატირების კამპანიები რომ გავიხსენოთ, მას ძირითადად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მშობლები და ოჯახის წევრები იწყებენ ხოლმე.

  • ვინ ითვლება ყველაზე კარგ მხარდამჭერად? ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი, თუ საავადმყოფოს თანამშრომელი? რას აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება?

პასუხი არც ისე რთულია: ის, ვისაც კარგად იცნობს და ენდობა ადამიანი. ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ის არც ოჯახის წევრს ენდობოდეს და ამის მიზეზიც ჰქონდეს. როგორც წესი, ინსტიტუციაში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება ვისაც აქვს, ინსტიტუციის გარეთ არც არავის ენდობა. დიდი ძალისხმევაა ხოლმე საჭირო მხარდამჭერებად სანდო ადამიანები რომ იპოვო და ამ ხალხთან დააკავშირო. ჩემი აზრით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს სერვისი შექმნას. მე არ ვამბობ, რომ ახალი პროფესია უნდა გაჩნდეს მხარდამჭერის სახით, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ადამიანი, რომელიც მეურვეს ჩაანაცვლებს, ხანგრძლივი დროით უნდა იყოს ამ ადამიანის გვერდით, ეს გრძელვადიანი ვალდებულებაა. თან ასეთი რამდენიმე ადამიანი გვჭირდება, მხოლოდ ერთს ვერ დავაკისრებთ ამ პასუხისმგებლობას. ეს დიდი ძალაუფლებაც არის ამავე დროს, და ერთი ადამიანის ხელში საშიშია. ამიტომ უკეთესია, თუ მას ადამიანთა ჯგუფი გაინაწილებს. მათ შორისაც შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. ამ ჯგუფში დისკუსია უნდა იყოს არა იმაზე, ჩვენ რას ვფიქრობთ, რა იქნებოდა უკეთესი, არამედ მას თვითონ რა მოეწონებოდა. ამ სისტემამ ადამიანებს თვითრწმენა უნდა გაუჩინოს, დამოუკიდებლობა უნდა აგრძნობინოს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ხოლმე, როცა მხარდამჭერის ინსტიტუტს ეჭვის თვალით უყურებენ. მეურვე ისედაც ყველა უფლებას ართმევდა ქმედუუნაროდ აღიარებულ ადამიანს და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ხალხს სისტემური ცვლილებები მოეთხოვა. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მხარდამჭერი მაინც დამოუკიდებელი მოხალისე იქნებოდა, რადგან ყველას არ ჰყავს ოჯახი, რომელსაც ენდობა. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ ამ საქმისთვის ისეთ პირს ვეძებთ, რომელიც დიდ ხანს დარჩება ამ ადამიანის ცხოვრებაში. მხოლოდ ანაზღაურების გამო, არამგონია ეს ვინმემ იტვირთოს. ყველა ქვეყნის სისტემაში, რომელიც მე მინახავს, მთავრობა ძირითადად ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეყრდნობა, რადგან არ უნდა ამაში ფინანსური რესურსი დახარჯოს. ერთი მხრივ, შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მხარდამჭერი ის უნდა იყოს, რომელსაც მხოლოდ ანგარება არ ამოძრავებს, თუმცა, ბალანსის დაცვაა საჭირო, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ყველგან.

  • არის ისეთი ქვეყნები, სადაც მხარდამჭერებს ყოველთვიური ანაზღაურება აქვთ გაწეული სამუშაოსთვის? შეიძლება ეს სიმბოლური თანხა იყოს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წახალისება მათთვის.

არ მახსენდება ქვეყანა, სადაც მხარდამჭერები ხელფასს იღებდნენ, მეურვე შეიძლება. ირლანდიაში ახალი კანონი 5 წლის წინ მიიღეს, მაგრამ აღსრულებას ჯერ კიდევ ველოდებით, მინიმუმ ორი წელი მოგვიწევს. ახლა წარმომადგენელია დანიშნული, რომელიც, ფაქტობრივად, ადამიანის ნების ჩამნაცვლებელია ისევ, შინაარსით მეურვის მსგავსი. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანის სურვილი მაინც გათვალისწინებულია, ეს ერთგვარი კომპრომისული მოდელია მხარდაჭერასა და ნების სრულ ჩანაცვლებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მისაღებია ფულად ინვესტიციაზე ან სხვა ფინანსურ გარიგებაზე და ადამიანს რჩევა სჭირდება სპეციალისტისგან, რომელიც კარგად ერკვევა ბაზრის წესებში, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ მრჩეველს ანაზღაურება გადაუხადონ. როცა კანონმდებლობაში ცვლილებებზე მსჯელობდნენ, ეს იყო მთავრობის პოზიციაც. თუმცა, ეს მაინც გამონაკლისი შემთხვევაა. სტანდარტულად კი ასეა: თუ ადამიანმა თავისი ფული გადაიხადა ამ დროს, მას სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ეს თანხა მოგვიანებით.

მაგალითად, შვედეთში მხოლოდ ფსიქო-სოციალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის პერსონალური ომბუდსმენის სისტემა არსებობს. მათ ხელფასს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უხდის, მაგრამ მათ მხარდამჭერებისგან განსხვავებით, უფრო ფართო მოვალეობები აქვთ. ისინი ადვოკატებივით არიან. შეიძლება შეხვედრაზე გაყვნენ ადამიანს, ან მათი სახელით წერილის დაწერა მოუწიოთ, ან კვირაში ერთხელ რეგულარულად ჰქონდეთ გასაუბრება. ეს სახელმწიფო სერვისია. ეს ბიუჯეტი მაშინ დაიზოგა, როცა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაიწყო შვედეთში და დიდი ზომის საავადმყოფოები დახურეს. მათ ერჩიათ ეს ფული სათემო სერვისში დაეხარჯათ. რეფორმის შემდეგ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა უსახლკარო, მხარდამჭერის გარეშე. ამიტომ, ეს პრობლემა რომ გადაეჭრათ, ცალკე ბიუჯეტი გამოყვეს. ძირითადად, ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებლებისგან შექმნილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა მუნიციპალიტეტი და მათთან აფორმებდა კონტრაქტს. სწორედ ისინი ამუშავებდნენ პერსონალური ომბუდსმენის სისტემას. პოულობდნენ უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ათევდნენ ღამეს; ასევე, ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სახლებში იყვნენ გამოკეტილები და უარს აცხადებდნენ გარეთ გამოსვლაზე. საათობით ელაპარაკებოდნენ მათ და დახმარებას სთავაზობდნენ. ამ სისტემაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაებნენ. ზოგი სოციალური მუშაკი იყო, ზოგი უფლებადამცველი, ზოგსაც თავად ჰქონდა გავლილი იგივე გზა. ეს არაფორმალური შეთანხმებასავით იყო, მთავარი ამოცანა კომუნიკაციის დამყარება და ნდობის მოპოვება იყო, რომ ადამიანებს დახმარებაზე უარი არ ეთქვათ. მუნიციპალიტეტი გასცემს თანხას ამ მომსახურებაში, მაგრამ ისინი თავად რომ აკეთებდნენ იმავეს,მაშინ კონტროლიც მთლიანად მათ ხელში იქნებოდა. ირლანდიაში, მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას ამისთვის არ აქვს ბიუჯეტი. ცალსახად მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ექნება თუ არა მსგავსი მომსახურება და როგორ მართავს მას. მუნიციპალიტეტები, ძირითადად, მაინც სხვა ორგანიზაციებისგან ყიდულობენ ამ სერვისს. ამ ტიპის მხარდამჭერები კვირაში განსაზღვრული საათებით მუშაობენ. ვთქვათ, 40 საათი კვირაში. ეს არის სტანდარტული სამუშაო დღე, 9-დან საღამოს 6 საათამდე. შეიძლება მთელი ღამე იმუშაოს და დღე დაისვენოს, მაგრამ როგორც კი მუშაობის 40 საათს ამოწურავს, მას მეტი ვალდებულება აღარ აქვს. თუ ადამიანს კრიტიკული სიტუაცია აქვს, მოულოდნელად გაუმწვავდა მდგომარეობა და დახმარება დასჭირდა, თუ უკვე ნამუშევარი აქვს 40 საათი, შეიძლება ვეღარ დაეხმაროს. ეს ხდება მაშინ, როცა მხარდაჭერის ანაზღაურებად სამუშაოზე ვლაპარაკობთ. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ დროს რესურსი ყოველთვის შეზღუდული იქნება. ამიტომ ყოველთვის უკეთესია თუ მხარდაჭერას ადამიანი მაშინ მიიღებს, როცა ეს მას დასჭირდება.

  • ადამიანის ქმედუნარიანობის შეფასების პროცესი როგორი უნდა იყოს, არსებობს ამ პროცედურის ყველაზე სამართლიანი და ზუსტი პრაქტიკა?

მე თუ მკითხავთ, ადამიანის გონების, მისი უნარების შეფასების პროცედურაზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არც ისე კარგად გამოგვდის. არ აქვს მნიშვნელობა, რა დისციპლინას ან მიდგომას ვიყენებთ ამისთვის, ადამიანს მაინც ერთნაირად ვაზიანებთ.

მისთვის ნაცნობ გარემოში, მისთვისვე მოსახერხებელ დროსაც რომ შევხვდეთ, ჩვენ მაინც საკუთარ ღირებულებებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით განვსჯით მის მდგომარეობას და მის არჩევანს. ამიტომ მგონია, რომ შესაძლებლობების ან ქმედუნარიანობის ხარისხის შეფასების ნაცვლად აჯობებს ადამიანის სურვილებზე ვკონცერტრირდეთ. გავიგოთ რა უნდა, რა ურჩევნია ადამიანს. შეიძლება მისი სურვილის დაკმაყოფილება არ იყოს შესაძლებელი, შეიძლება ის რაც მას უნდა მიუღწეველი აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს სურვილი, რატომ ითხოვს იმას, რასაც ითხოვს; თუ მოტივაციას გავარკვევთ, უფრო დიდი ალბათობაა იმის, რომ მის თხოვნას და სურვილს ადეკვატურად ვუპასუხოთ.

მაგალითად, წლების შემდეგ, ინსტიტუციიდან გამოსვლისას ადამიანებს ხშირად საკუთარ სახლში უნდათ დაბრუნება. იმ გარემოში, რომელიც ახსოვთ, მაგრამ ეს სახლი შეიძლება აღარც არსებობდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, რას გვკარნახობს ამ ადამიანის სურვილი? იმას, რომ იქ უნდა დაბრუნება სადაც იცნობდნენ, სადაც მისთვის ახლობელი სივრცე ეგულება. ჩვენ შეიძლება ვერ დავაბრუნოთ ის ბავშვობის სახლში, მაგრამ იქნებ იმ ქალაქში, დაბასა თუ სოფელში დასახლება საკმარისი იყოს, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ მის არჩევანს პატივი სცეს. ამიტომ მგონია, რომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ ადამიანის სურვილის, ნების გაგებას, ვიდრე მისი ქმედუნარიანობის შეფასებას. რაც საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა ირიბად იმის აღიარება, რომ ადამიანის ნების, მისი სურვილის და გადაწყვეტილების პატივისცემა არ შეგვიძლია.

გულწრფელები უნდა ვიყოთ ადამიანთან და პირდაპირ ვუთხრათ, რომ შესაძლოა მისი სურვილი ვერ დაკმაყოფილდეს, მაგრამ მასთან ერთად შევეცდებით საუკეთესო გამოსავლის პოვნას.

გასაგებია, რომ არსებობს სისტემა, უკვე გაწერილი პროცედურა, მაგრამ სწორედ ამ პროცედურის ფარგლებში უნდა შევძლოთ, ადამიანის ინტერესის დანახვა და გათვალისწინება. ამ პროცესში ის არ უნდა იყოს მარტო. მასთან ერთად უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას კარგად იცნობენ; რომლებიც მის საკომუნიკაციო ენას ცნობენ; რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ მტკიცებულებები, რა უნდა და რა შეუძლია ადამიანს. ეს შეიძლება იყოს ის ხალხი, ვისაც ამ ადამიანთან წლების განმავლობაში ჰქონია ურთიერთობა და უმუშავია მასთან. ვინც იცის, რა პირობებში, რა გარემოში და როგორ აჯობებს მასთან ურთიერთობა; ვინც იცის ამ ადამიანის ისტორია, მისი ღირებულებები.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვერანაირი ნახევარსაათიანი შეფასება ან თუნდაც ერთდღიანი ვერ გვეტყვის იმას, რაც ადამიანის შესახებ უნდა ვიცოდეთ; ვიდრე გადავწყვეტდეთ, როგორ იცხოვრებს მომავალში. და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ცხოვრობდა ადამიანი იზოლაციაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ხალხი, ვისაც მასთან, თუნდაც ბევრი წლის წინ, ჰქონდა ურთიერთობა.

ჩვენ ამ ადამიანთან საკომუნიკაციო ენის გამონახვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ, ვიდრე დავასკვნით, რომ ის თავის სურვილს, არჩევანს, ან გადაწყვეტილებას ვერ გვაგებინებს. ყოველთვის იარსებებს ვინმე, ვინც უნდა ვიპოვოთ, რომ გვითხრას რაიმე ამ ადამიანის შესახებ. შეიძლება მათი არ გვჯეროდეს, მაგრამ ჩვენ რაც შეიძლება მეტი აზრი უნდა მოვისმინოთ, რომ ცოტა უფრო მეტად დარწმუნებულები ვიყოთ, რისი თქმა უნდა ჩვენთვის ადამიანს. ეს უნდა მოვახერხოთ არსებული პროცედურის, თუ სისტემის ფარგლებში და არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ სამედიცინო მტკიცებულებას.

  • ძნელი სათქმელია, მაგრამ მაინც რა დროა საჭირო სრულფასოვანი შეფასებისთვის?

არ მგონია, რომ ზუსტი დროის დადგენა შევძლოთ, როცა ვაფასებთ ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელსაც მის მომავალ ცხოვრებაზე ექნება გავლენა. მაგალითად, სად იცხოვრებს ან იქორწინებს, თუ არა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისტორია, რომ გავერკვეთ ახლა რატომ მოუნდა ამის გაკეთება. მიჭირს იმის თქმა, რომ მაგალითად, ერთი თვე ან უფრო მეტია ამისთვის საკმარისი. რადგან თუ ადამიანი მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად და რეალურად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რა უფლებით ვეუბნებით, რომ ახლა არა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ შეძლებს ვთქვათ, დაქორწინებას. ჩვენთან, ირლანდიაში, კანონი არ კრძალავს აბორტს. ეს კანონი რამდენიმე წლის წინ შევიდა ძალაში. მიუხედავად ამისა, ქალებს, რომლებსაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ეუბნებიან, რომ 3 დღე უნდა მოიცადონ. რა აზრი აქვს ამას, თუ ადამიანი დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში, რა უფლებით არ ვენდობით? შესაბამისად, ძალიან რთული სათქმელია, რა დროის დაწესებაა სამართლიანი, როდესაც ადამიანის გადაწყვეტილების სერიოზულობაში ვრწმუნდებით.

  • რა მექანიზმით შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის მხარდამჭერის საქმიანობის მონიტორინგი? ვინ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა?

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს: მაგალითად, კანადაში სავალდებულო ზედამხედველი ინიშნება მხარდამჭერზე, რომელიც ადამიანს ფინანსურ გადაწყვეტილებებში ეხმარება. სხვა დანარჩენისთვის, ზედამხედველობა ნებაყოფლობითია. მაგრამ ზედამხედველს რომელიმე ოფიციალური უწყებიდან, ან ორგანიზაციიდან არ ნიშნავენ. მასაც ისევე ირჩევს ადამიანი, როგორც მხარდამჭერს. მაგალითად, მე შემიძლია ჩემი საკუთარი და ავირჩიო მხარდამჭერად, ხოლო ძმა, ზედამხედველად. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება, ან ვფიქრობდეთ, რომ უმჯობესია, ვინმე ოფიციალური უწყებიდან არსებობდეს, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. ირლანდიის მოდელიც შემიძლია გავიხსენო. ჩვენ გვაქვს ოფიციალური სამსახური, სადაც მხარდამჭერები ვალდებულები არიან თავისი საქმიანობის ანაგრიში ყოველწლიურად წარადგინონ. ამ ანგარიშების განხილვისას, სამსახური თავის წარმომადგენელს გზავნის მხარდაჭერის მიმღებ პირთან, რომ გადაამოწმოს როგორ ცხოვრობს ის; როგორ ასრულებს თავის მოვალეობას მხარდამჭერი და ა.შ. ამავე სამსახურში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განაცხადის ან საჩივრის გაგზავნა, თუ ის ფიქრობს, რომ მის ირგვლივ რომელიმე მხარდამჭერი არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს. სამსახური ამ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა საქმის უფრო საფუძვლიანი მოკვლევა და გამოძიება. ეს არ არის ურიგო მოდელი, რადგან საშუალებას იძლევა, რომ ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. ცნობიერების გაზრდის კუთხითაც უკეთესია, რადგან უსამართლობაზე, ადამიანის უფლებების, მისი ღირსების შელახვაზე ყველა უნდა რეაგირებდეს.

ეს მოდელი არ გამორიცხავს, რომ მხარდამჭერს უსამართლოდ უჩივლონ. მაგალითად, მხარდასაჭერი პირის ოჯახს შეიძლება, უბრალოდ, რაღაც არ მოეწონოს და საჩივარი შეიტანოს, მაგრამ სამსახური იმას ნიშნავს, რომ საქმე მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ და დაადგინონ, მართლაც დაუშვა მხარდამჭერმა შეცდომა, თუ არა.

  • იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ისევ დიდ ინსტიტუციებში არიან გამოკეტილები, სადაც ფსიქიატრიული საავადმყოფოები კვლავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ერთადერთი მისამართია, რა გავლენა აქვს ამ კონტექსტს ქმედუნარიანობის რეფორმაზე და ზოგადად მის იდეაზე?

ეს ჩვენთანაც პრობლემური საკითხია. ხშირად მეკითხებიან, რადგან ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანის არჩევანის თავისუფლებას, იმ შემთხვევაში, თუ ის ინსტიტუციაში გადაწყვეტს დარჩენას, ამ გადაწყვეტილებას რატომ არ უნდა ვცეთ პატივი? ადამიანი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინსტიტუციაშია გამოკეტილი, ყველასგან იზოლირებული და მიტოვებულია, რომელიც იმასაც კი არ წყვეტდა, რა უნდა ჩაეცვა ან ეჭამა, ცხადია, ერთ დღეში ვერ მიიღებს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამას დრო სჭირდება. მათთან მეტი მუშაობა და ურთიერთობაა საჭირო. ყველასთან, ვინც ინსტიტუციაშია, ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ. თავდაპირველად ინსტიტუციიდან, როგორც წესი, გამოჰყავთ ისინი, ვისთანაც ეს პროცესი უფრო ადვილია. პარალელურად, იწყებენ დანარჩენი პაციენტების ინტერესებისა და სურვილების შესწავლას.

ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე ეფექტიანი თითოეულ ადამიანთან თანმიმდევრულად მუშაობაა. ჯერ გადაწყვეტილებაა მისაღები, რომ ინსტიტუციაში არავის აღარ შევუშვებთ და იქიდან ადამიანებს ნელ-ნელა გამოვიყვანთ. ხანდახან ისე ხდება, რომ პაციენტები ყველაზე რთული სოციალური ფონით, ინსტიტუციას სულ ბოლოს ტოვებენ. ეს მაინც უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე სწრაფი და გაუაზრებელი მოქმედება. ნუ დავისახავთ მიზნად, რომ თვის ბოლომდე ყველამ უნდა დატოვოს ინსტიტუცია. სათანადო მომზადებისა და ადამიანისთვის შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის პოვნის გარეშე, ჩვენ შეიძლება უკვე საზოგადოებაში, ისინი უარესი იზოლაციისთვის გავწიროთ. ერთი შემთხვევა მახსენდება: კაცი, რომელმაც ნახევარ ცხოვრებაზე მეტი ინსტიტუციაში გაატარა. ინსტიტუციის დატოვებამდე მას უმეორებდნენ: “საზოგადოებაში უნდა დაგაბრუნოთ, საზოგადოებაში უკეთესია ცხოვრება, საზოგადოებაში ცხოვრებისთვის მოემზადე...” ერთხელაც ამ კაცმა მოკრძალებით იკითხა, კი ბატონო, მაგრამ სად არის ეს საზოგადოებაო?

აღმოჩნდა, რომ ამ კაცს არავინ აუხსნა მართლაც რას ნიშნავს საზოგადოებაში დაბრუნება და იქ ცხოვრება.

  • გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად გვეუბნებიან, რომ სანამ ქვეყანაში სათემო სერვისები განვითარდება, აჯობებს, მცირე ზომის სახლები გახსნან, სადაც 40-მდე ადამიანი უკეთეს პირობებში და გაცილებით უსაფრთხოდ იცხოვრებს. მეორე გამოსავლად მოქმედი ინსტიტუციების რემონტს გთავაზობენ, რადგან მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, პაციენტების უფლებები იქ ყოველდღიურად ირღვევა. რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი ამ რეალობაში?

კარგად მესმის რასაც გულისხმობთ. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტიც აღიარებს და ამბობს, რომ თუ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მყისიერად არის გადაწყვეტილება მისაღები, მაშინ რამე უნდა მოიმოქმედო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავამართლებთ, თუ გვეტყვიან, რომ ადამიანი სხვაგვარად ვერ გადარჩებოდა. თუმცა, ეს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მაინც არავის აცილებს. თუ კედელი ინგრევა, ცხადია, რომ უნდა შეაკეთო, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც, ყველა ადამიანის ინსტიტუციიდან გამოყვანა უნდა იყოს.

დეინსტიტუციონალიზაცია თუ კედლის შეკეთება? - აქ არჩევანის საკითხი არ დგას. ეს მხოლოდ გადაუდებელი ერთჯერადი ღონისძიებაა, რომელიც უფრო დიდ მიზანს ვერ ჩაანაცვლებს და ვერც თავის გასამართლებლად გამოდგება. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიზეზების არც მჯერა. ეს შენობები, ალბათ, 20 წელზე მეტია უკვე სარემონტოა, ამიტომ დღეს მენეჯმენტისგან სხვა რამის მოსმენას ვისურვებდი. ისიც ვიცი, რომ ასეთ დროს ყოველთვის ფულის ნაკლებობას იმიზეზებენ და გეუბნებიან: არსებული ბიუჯეტით ან ერთი უნდა გავაკეთოთ, ან მეორე, ამიტომ რომელი გირჩევნიათ: ადამიანები დაიხოცონ თუ რეფორმა დაიწყოს? მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ერთი პასუხი არ უნდა ავირჩიოთ. ადამიანებისთვის ღირსეული პირობებიც უნდა მოვითხოვოთ და რეფორმის სასწრაფოდ დაწყებაც.

  • რატომ ჩაებით ამ ბრძოლაში?

გულწრფელად რომ გითხრათ, მე პირადი ან ოჯახური გამოცდილება არ მქონია, რაც ცვლილებებისთვის ბრძოლის დაწყების ხშირი მიზეზია ხოლმე. ამ საქმეში რომ ჩავერთე, მალევე გამიჩნდა შეკითხვა: რატომ არ აღელვებს ეს ყველას? რატომ არ ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას ნათლად გამოხატონ თავიანთი სურვილები? რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი ჰქონდეთ? რატომ არ არის ეს ისეთივე ფუნდამენტური ადამიანების კონკრეტული ჯგუფისთვის, როგორც ჩვენთვის?

ჩვენც ხომ გვაქვს პერიოდები, როცა გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი დახმარება გვჭირდება? მაგრამ არის მომენტები, როცა დამოუკიდებლად შეგვიძლია ვიმოქმედოთ. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად გრძნობს ადამიანი პასუხისმგებლობას, რომ აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, დაიზღვიოს თავი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, მით უფრო ნაკლებია რისკი, რომ მისი მდგომარეობა გამწვავდეს, ან კრიზისი დადგეს.

მე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერ შევქმნით კანონს დაახლოებით 1%-ისთვის, ან 10%- ისთვის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევებია, რომლებსაც ხშირად გვახსენებენ, როცა რეფორმაზე ვლაპარაკობთ და ცვლილებისთვის ვიბრძვით. ჩვენ კანონს ვწერთ 90%-ისთვის და რაღაცნაირად უნდა გავუმკლავდეთ რთულ შემთხვევებს, ე.წ. გამონაკლისებს. მათთვისაც უნდა მოვიფიქროთ საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ, თუ ჩვენ მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიღებთ კანონს და ამით 90%-ს თავისუფლებასა და არჩევანს ვუზღუდავთ, ნამდვილად გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებთ.

ინტერვიუს ავტორები: მარიამ ჯაჭვაძე და თამარ მშვენიერაძე

მასალა მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).

მასალაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" პოზიციას.