შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის
კუთხით ბევრ გამოწვევას აწყდებიან. სირთულეებს იწვევს როგორც სერვისების ნაკლებობა,
ასევე ექიმების კვალიფიკაციის ნაკლებობა. განსაკუთრებით პრობლემურია შშმ ქალთა ინფორმირება
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ პროგრამას, რომელიც
გარკვეულწილად ითავსებს შშმ ქალთა ინფორმირებასა და ცოდნის გაზრდას სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის უფლების შესახებ, წარმოადგენს დღის ცენტრები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში
ხდება შშმ პირთა ინკლუზიისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. „პირველი ნაბიჯი
საქართველო“ თბილისის მასშტაბით ერთადერთი დღის ცენტრია, რომელიც 18 წლამდე მძიმე და
ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირებისთვის ფუნქციონირებს. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო
ჯღარკავასთან, რომელიც „პირველი ნაბიჯი საქართველოს“
სპეციალიზებული დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამების ხელმძღვანელია.
ვინ სარგებლობს თქვენი დღის ცენტრის მომსახურებით?
ჩვენს დღის ცენტში არიან 7-18 წლამდე ასაკის ადამიანები. ჩვენი გამოცდილება
არის უფრო სპეციფიკური, რადგან ვართ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების
ბავშვების და მოზარდებისთვის სპეციალიზებული დღის ცენტრი, თანდართული ქცევითი სირთულეების
მიმართულებით. აქ დიაგნოზი წამყვან როლს თამაშობს.
ბავშვები გვყავს, რომლებისგანაც არ ველოდებით სამეტყველო სიტყვებით გამართულად საუბარს.
ჩვენ ვართ გადასული ალტერნატიულ კომუნიკაციაზე. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ბავშვები
გავხადოთ აქტიური მოსაუბრეები, რომ მათ გააჟღერონ თავიანთი სურვილები. ეს მაინც ეხება
კონკრეტულ საგნებს, თამაშს, საკვებს, სოციალურ ურთიერთობას. პრობლემური ქცევის ფუნქციიდან
გამომდინარე ხდება ხოლმე ალტერნატიული, სოციალურად მისაღები ქცევის სწავლება. ეს არის
ზოგადი პრინციპი.
როგორ აფასებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში სქესობრივი
განათლების მნიშვნელობას?
ყველაზე დიდ შეცდომას რასაც ვუშვებთ, როცა ბავშვები იწყებენ საკუთარი სხეულის
შეცნობას არ ვასწავლით ყველა ორგანოს. ტიპური განვითარების 3-4 წლის ბავშვს შეუძლია
სქესის გარჩევა. ყველამ ვიცით, რომ ჯობია ბავშვებს სკოლამდელი ასაკიდან მივაწოდოთ ინფორმაცია,
ცხადია მათი განვითარების დონის გათვალისწინებით. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს,
რომ ძალადობის, არასასურველი შეხების პრევენცია ხდება ამით. კერძოდ, როდესაც ბავშვმა
იცის თავისი სხეული, აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვის აქვს მასზე შეხების
უფლება და ვის არა, ვის მიმართოს დახმარებისთვის, როდესაც ვინმე მისი თანხმობის გარეშე
შეეხება, იგი მეტად არის დაცული.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან უფრო მეტი საგანმანათლებლო და
თერაპიული მუშაობაა საჭირო. ამერიკული პედიატრების
ასოციაციის, რეკომენდაციაა, რომ თუ ტიპური განვითარების ბავშვებს გარკვეული ასაკიდან ვასწავლით, დარღვევის მქონე
ბავშვს უფრო ადრე უნდა ვასწავლოთ. რადგან მათ უფრო დიდი დრო სჭირდებათ ამ უნარების
გასავარჯიშებლად, ქრონოლოგიურ ასაკს არ უნდა დაველოდოთ. სექსუალური განათლების ადრე
დაწყება ძალადობის და შევიწროების, არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებების პრევენციის ძალიან კარგი მექანიზმია.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობა, უარის
თქმის უნარები, როცა არ მოსწონს მაგალითად ვინმეს შეხება, სად უნდა დარეკოს. ძალადობისგან
დაცვის საფეხურები რაც არის. ეს რომელ ქვეყნებშიც იციან, მცირდება კრიმინალის დონე,
ვირუსული, რესპირატორული გზით გადამდები ინფექციების მაჩვენებელიც კი მცირდება იმ ქვეყნებში.
რა თავისებურებებს აწყდებით დღის ცენტრში ამ მხრივ?
დღის ცენტრის ბენეფიციარები საწყის ეტაპზე პასიურ თვითსტიმულაციას ახორციელებენ.
როგორც კი ეს ქცევა თავს იჩენს, 8 წლისკენ დაახლოებით, მშობლებს ვაფრთხილებთ, ვაყენებთ
საქმის კურსში და ვუხსნით, რომ ეს არის ნორმა. ვასწავლით სად შეიძლება განმარტოვდეს,
შეგვატყობინოს, რომ მარტო ყოფნა უნდა, კლასში გვაქვს ფარდით გამოყოფილი ადგილი.
როგორია მშობლების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
მშობლებს, თავდაპირველად შეიძლება შერცხვეთ. თუმცა, სპეციალისტს როცა ენდობიან
და მისგან იღებენ ინფორმაციას, რაღაც დროის მერე თავისუფლად საუბრობენ მშობლებიც, ჩემი
პრაქტიკით, მნიშვნელობა არ აქვს არც სოციალურ ფონს. მთავარი საკითხი სპეციალისტის ნდობაა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის წამლების დანიშვნის დროს რამდენად
ითვალისწინებენ წამლების გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?
მედიკამენტების შერჩევა დღის ცენტრში არ ხდება, ეს ფსიქიატრების კომპეტენცია.
სამედიცინო მოდელი აქაც ხელშემშლელია. ზოგადად, ბავშვთა ფსიქიატრების სიმცირეცაა.
2-3 ბავშვთა სტაციონარი არის, სადაც ურჩევენ მედიკამენტს, დაასტაბილურებენ და მერე
უშვებენ სახლში. ეს სწორია, მაგრამ სახლში
როცა მწვავე ქცევაა ეს არ კმარა და საჭიროა პერსონალური ასისტენტი.
მეორე ნაწილი ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის და მიჭირს თქმა. თუმცა,
არის მედიკამენტები, რომლებსაც ნიშნავენ გარკვეული დიაგნოზის შემთხვევაში და ეხმარება
ქცევის მოწესრიგებაში, ფუნქციონირებაში, რაც აადვილებს ახალი უნარების დასწავლას და
მისაღებია. თუმცა, შესაძლოა მედიკამენტურ მკურნალობაზე
პაციენტი იყოს რეზისტენტული. ფსიქიატრები დგანან დილემის წინაშე. ბავშვს ვერ გათიშავ,
მეორე მხრივ გაქვს კრიზისული ქცევა, რომელსაც შეიძლება მოყვეს ოჯახის წევრის ან ბავშვის
დაზიანება. საუკეთესო გამოსავალი არის პერსონალური ასისტენტი. თუმცა, კვალიფიციური
კადრები არ გვყავს, რადგან აქამდე არ ყოფილა ამ მხრივ მოთხოვნა. ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტრო სულ ახლახანს დათანხმდა კრიზისული შემთხვევების პერსონალური ასისტენტის
კონცეფციაზე მუშაობას, ისევე როგორც ბიოფსიქოსოციალურ შეფასების მოდელზე გადასვლას,
რაც ძალიან მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს ქმედითი
ნაბიჯები.
რა ცვლილება უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სისტემაში?
ჯანდაცვის პირველად სექტორში არის სწორი დიაგნოზის, სწორი რეფერირების,
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სწორი ფორმით მიწოდების პრობლემები. ქალების პრობლემა
ბევრად უფრო მწვავეა, ნაკლებად სარგებლობენ სხვადასხვა სერვისით. ც ჰეპატიტის პროგრამაა
ერთადერთი, რომელსაც აქვს შშმ პირების მომსახურების გაიდლაინი. სხვებს ან ხარვეზით
აქვთ, ან არ აქვთ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით კიდევ უფრო რთული შემთხვევებია.
ასევე, ჩვენთან სექსოლოგს ზღუდავს ლიცენზია. სექსოლოგი უნდა იყოს ყველა
ასაკის ადამიანისათვის, მაშინ როცა ჩვენთან აქვთ მხოლოდ ზრდასრულთა სექსოლოგის ლიცენზია.
ამიტომ ჩვენ რომ მივმართავთ, მოზარდთა მკურნალობა ვერ ხორციელდება, შეუძლიათ მხოლოდ
გვირჩიონ რამე.
როგორც წესი, მშობელს რაღაც კითხვა თუ აქვს მიდის პედიატრთან. პედიატრია
ის ადამიანი, ვისთანაც პრობლემის იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს პირველად. მათ უნდა
ჰქონდეთ ფსიქოლოგების, მასწავლებლების, ასისტენტების, თერაპევტების კომპეტენცია, რომ
ზოგადი რჩევები მისცენ უშუალოდ ჰიგიენასთან
დაკავშირებით და მერე სწორად გადაამისამართონ სპეციალისტთან. პედიატრის მიერ სიღრმისეული
ჩატარება, სკრინინგის ინსტრუმენტი, ანამნეზში გამოკითხვა, ბავშვი თუ იწყებს სხეულის
ნაწილებზე ხელის მოკიდებას... ეს მინიმალური ჩარევაც კი მოგვცემდა საშუალებას რომ ბავშვი
მივიდეს ფსიქოლოგამდე, ქცევით თერაპევტამდე ანუ სფეროში მომუშავე სპეციალისტთან.
შეჯამებისთვის დავამატებდი, რომ ზოგადად სექსუალური განათლება, რეპროდუქციული
ჯანმრთელობა და ჰიგიენა აუცილებელია ისწავლებოდეს ბავშვობიდან. ეს ერთი მხრივ, ხელს
უწყობს ძალადობის პრევენციას, მეორე მხრივ, შესაძლებლობა აქვს ჩაერთონ სხვადასხვა ჯანდაცვის
პროგრამებში, თუ იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ზოგადად თერაპიებში ან საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სივრცეებში მნიშვნელოვანია საკუთარი
და სხვისი სივრცის გამიჯვნის სწავლება. ეს ერთი მხრივ იცავს თვითონ ბავშვს (შშმ იქნება
თუ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე), მეორე მხრივ, მუშაობს შშმ პირების მიმართ არსებულ
სტიგმებზე, რომ მაგალითად თავს ვერ იკავებენ და ხშირად ახორციელებენ არასასურველ სექსუალურ
ქცევას. საბოლოოდ, ყველასთვის ყველა კუთხით აუცილებელია პროგრამებში სავალდებულო იყოს
მსგავსი საკითხების სწავლება.
ინტერვიუ ჩაწერილია თამარ კაპანაძის მიერ.
პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality
Education) ფინანსური მხარდაჭერით.