დღეს PHR-ს სამართლებრივი დახმარებისთვის საკარანტინო ზონაში მყოფმა 5 წლის ალექსანდრას დედამ, თამთა თათარაშვილმა მომართა.
თამთამ და ალექსანდრამ საქართველოს საზღვარი 3 დღის წინ, სომხეთიდან გადმოკვეთეს. ისინი სომხეთში, თამთას მეუღლის სახლში ისვენებდნენ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. მათ სახლში სროლებისა და აფეთქების ხმა ესმოდათ, ხოლო მას შემდეგ რაც ერთი ნაღმი სახლთან საკმაოდ ახლოს ჩამოვარდა, ისინი ჯერ ერევანში წავიდნენ, ხოლო შემდეგ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
სამშობლოში დაბრუნებამდე 4 დღით ადრე თამთამ შეავსო განაცხადი საკარანტინე ზონის ნაცვლად, მისი და 5 წლის ბავშვის თვითიზოლაციაში გადასაყვანად. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, ისინი მაინც საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად თამთა და ალექსანდრა ქ. რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს, სადაც საკმაოდ მძიმე პირობები იყო („ოთახი არ გავდა დალაგებულს, არ ჰქონდა აივანი და სასტუმროს გარედან თუნუქის ფირფიტები ერტყა, რომლებიც მზეზე ძალიან ცხელდებოდა და ოთახში ძალიან ცხელოდა ამის გამო“). საკვებს კი თამთას ოჯახი აწვდიდა.
თამთას საჯარო პოსტების გამოქვეყნების შემდეგ ისინი თბილისში მდებარე სასტუმროში გადმოიყვანეს, სადაც უკეთესი პირობები დახვდათ ვიდრე რუსთავში, თუმცა მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა შესაბამისი ორგანოებისთვის თვითიზოლაციაში გადაყვანაზე, ამ დრომდე შესაბამისი ქმედებები არ მოჰყოლია.
PHR-მა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დროის უმოკლეს ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას უფლებები და აარიდოს საკარანტინე ზონებში ცხოვრება არასრულწლოვნებს.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.