ოქტომბერში PHR-მა გაავრცელა განცხადება თუ როგორ არ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ 7, 11 და 17 წლის ბავშვების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად დაწერილი სარჩელი იმ მიზეზით, რომ მათ მიერ დაწერილი სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანი იყო და ბავშვებს სასამართლოს სხვა კოლეგიისთვის უნდა მიემართათ.

ამის შემდეგ, არასრულწლოვანებმა ხელმეორედ შეიტანეს სარჩელი, რომელიც ისევ არ მიიღო სასამართლომ. ამჯერად მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვების მიერ დაწერილ სარჩელს მშობელი არ აწერდა ხელს. სარჩელის ამ მიზეზით დახარვეზება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის 2020 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შესულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვისთვის გარანტირებულია სასამართლოში მიმართვის უფლება:

„ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.“  

ბავშვების გადმოცემით, მათ  ბავშვთა უფლებათა კოდექსის ამ მუხლზე დაყრდნობით დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს, ხოლო მოსამართლის მიერ ამ სარჩელის დახარვეზებამ მათ ეს უფლება შეუზღუდა.

„ჩვენ გამოვიყენეთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სპეციალური, ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა. როგორც ვიცით ეს  ფორმა შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად შეგვძლებოდა სარჩელის სასამართლოში შეტანა. ამ ფორმაშიც კი არსადაა მოთხოვნილი მშობლის ხელმოწერა.„

PHR-ი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ბავშვების სარჩელის დახარვეზება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სარჩელზე მშობლის ხელმოწერა არ არის, ეწინააღმდეგება პირველ სექტემბერს ამოქმედებულ ბავშვის უფლებათა კოდექსს და ნეგატიურად აისახება ბავშვების დამოკიდებულებაზე სასამართლოს მიმართ.

მიგვაჩნია რომ სასამართლომ ბავშვის მიერ დაწერილი სასარჩელო მოთხოვნა უნდა განიხილოს ძალაში შესული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, რისი მთავარი მონაპოვარი სწორედ სასამართლოსთვის დამოუკიდებელი მიმართვის უფლებაა და არა ძველ ნორმებზე დაყრდნობით, რომელიც ასაკობრივ ცენზს ადგენდა და აუცილებლად ითხოვდა მშობლის მონაწილეობას სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაში.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.