თბილისის საქალაქო სასამართლომ კერძო კომპანიის – შპს “პრომოუტერის” მხრიდან ორგანიზაციის “თბილისი პრაიდი” მიმართ, საქმიანობის სფეროს ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.

სარჩელის საფუძველი

2019 წლის ივნისში, ღირსების მარშის (პრაიდის) კვირეულის ორგანიზების დროს, „თბილისი პრაიდმა“ და მისმა აქტივისტებმა ღონისძიებისთვის საჭირო მასალების  დაბეჭდვის მიზნით მიმართეს შპს „პრომოუტერს“.

დეტალებზე შეთანხმების შემდგომ, შპს „პრომოუტერის“ წარმომადგენელმა ჰომოფობიური მოტივით უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, მისი განცხადებით, კომპანია მხარს არ უჭერს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს და არ სურს მსგავს ორგანიზაციას გაუწიოს პროფესიოული მომსახურება.

შპს „პრომოუტერის“ უარი მომსახურების გაწევაზე გამოწვეული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით, რაც დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გათვალისწინწებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თბილისი პრაიდის“ სახელით დაარეგისტრირა სარჩელი შპს „პრომოუტერის“ წინააღმდეგ, საქმიანობის სფეროს (ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა) ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით.

კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”:

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1-ე მუხლის მიხედვით ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “თბილისი პრაიდი”-ს სარჩელი კერძო კომპანიის – შპს “პრომოუტერი”-ს მიმართ დაკმაყოფილდა, დადასტურდა კომპანიის მხრიდან საქმიანობის სფეროს, კერძოდ ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

კომპანიის მსგავსი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ასახავს ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობას, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირება.

ასევე არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამოავლენს ჰომოფობიის ნიადაგზე მსგავს დამოკიდებულებას, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ყველა ვალდებულია ისევე დაიცვას თანასწორობა, როგორც ამას საჯარო დაწესებულება იცავს და როგორც კანონში “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” წერია.  სხვა შემთხვევაში ქვეყანაში თანასწორობისა და ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კიდევ უფრო გართულდება.

PHR-ი სამართლებრივ დახმარებას ახორციელებს USAID/PROLoG მხარდაჭერით.