კონტრაცეფციაზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალის, როგორც რეპროდუქციული, ისე სექსუალური უფლების განსახორციელებლად. კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე წვდომის უზრუნველყოფა ხშირად ვერ ხერხდება, რაც განსაკუთრებული სიმწვავით ქალების ცალკეულ ჯგუფებში აისახება. მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები. პრობლემის მთავარი მიზეზი შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალობასთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენები და სტერეოტიპული დამოკიდებულებებია, რის გამოც, სამედიცინო პერსონალს ხშირად არ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ხარისხიანი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შეთავაზება. ამასთან, შშმ სტატუსთან ასოცირებული ჯანმრთელობის მდგომარეობები და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, ცოდნის ნაკლებობის გამო, ექიმებს ხშირად აშინებს და კონტრაცეპტივების, უფრო მეტად კი მისი ჰორმონული მეთოდების გამოყენების რეკომენდაციის გაცემის თავშეკავებისკენ უბიძგებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვის ერთ-ერთი გზა თავად შშმ ქალების, მათი ოჯახის წევრების, სამედიცინო პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებაა. აღნიშნული დოკუმენტი შშმ ქალებისთვის კონტრაცეპტივების შესახებ საგანანმანათლებლო ხასიათის მასალას წარმოადგენს, შშმ ქალებსა და გოგოებს შესაბამისი ინფორმაციით აღჭურვავს და კონტრაცეფციასთან დაკავშირებული თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაეხმარება.

დოკუმენტის ავტორი: ესმა იმერლიშვილი


დოკუმენტი მომზადებულია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.