„მინდოდა გამომეცადა როგორია დამოუკიდებლად ცხოვრება. თავიდან შიშები გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ ეს შიშები“- ამბობს სოფიო კაპანაძე, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი დატოვა და მეუღლესთან-ანატოლი ბოგაცკოვთან ერთად ქუთაისში, მისთვის გამოყოფილ ბინაში განაგრძო ცხოვრება.

სოფიო კაპანაძე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გაიზარდა. იგი ჯერ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში, მოგვიანებით კი მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ირიცხებოდა. სოფიოს ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გათვალისწინებით, პანსიონატში დარჩენის საჭიროება აღარ იყო. ისინი პანსიონატს მხოლოდ იმის გამო ვერ ტოვებდნენ, რომ საცხოვრებელი არ გააჩნდათ.

„მადლობელი ვარ სახელმწიფოსი, რომ მაჭმევს, მასმევს, მაგრამ ჩემი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო. აქ კარგია, მაგრამ დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება“- სოფიო კაპანაძე.

სოფიო 2011 წელს დაოჯახდა ამავე პანსიონატში მცხოვრებ ანატოლი ბოგაცკოვზე. მათ ჰყავთ ერთი შვილი, რომელიც მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისში იზრდებოდა, ამჟამად კი მინდობით აღზრდის ფარგლებში ქუთაისში ცხოვრობს.

სოფიო და ანატოლი სისტემატურად ურეკავდნენ შვილს, კანფეტებს და სათამაშოებს უგროვებდნენ და როცა შეეძლოთ ბავშვის მიმღებ ოჯახში მიდიოდნენ. „იქ სხვა ბავშვებიც არიან და იმათთვისაც მიმაქვს, რა თქმა უნდა“- სოფიო კაპანაძე.

სოფიო დიდხანს ცხოვრობდა ქუთაისში, იქ ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შესაბამისად, იმედი ჰქონდა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებოდნენ. ამ მიზეზით, მან საცხოვრებლად ქუთაისი აირჩია და ქალაქის მერიას მიმართა ბინით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა, ქუთაისის მუნიციპალიტეტს სოფიოსა და ანატოლისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობებით აღჭურვილი საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე უარი თქვა საკმარისი რესურსის არარსებობის გამო.

მერიისგან განსხვავებით, სოფიოს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება აღიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. სოფიომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დახმარებით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ქუთაისის მერიას დაავალა სოფიოსა და ანატოლისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის მერიას არ გაუსაჩივრებია. 

„ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ  მინდა ჩემ შვილთან ერთად  ვიცხოვრო. არ მინდა ბავშვი ჩვენსავით  გაიზარდოს და  პანსიონატებში იცხოვროს. მინდა,  რომ  ბავშვი გაიზარდოს ოჯახში და  ოჯახური სითბო იგრძნოს“- ამბობს  სოფიო.

იგი ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, მისთვის საცხოვრებლად გამოყოფილ ბინაში. აქვს ბოსტანი და უვლის ყვავილებს. პანსიონატიდან წამოიღო ფილმების კოლექცია და სათამაშო დათუნია, რომელსაც უფროს შვილს ეძახის.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ იგი საცხოვრებლით დააკმაყოფილა, სოფიო შვილთან ერთად ცხოვრებას ჯერაც ვერ ახერხებს. ინსტიტუციაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც საქმე შვილთან ერთად ცხოვრებას ეხება. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ოჯახური პატივისცემით უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი მშობლის უფლების განხორციელებაა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე, გააძლიეროს ისინი, როგორც მშობლები, რათა შეძლონ სახელმწიფო ზრუნვიდან შვილების დაბრუნება და დამოუკიდებლად მათი აღზრდა. სოფიო განიცდის, რომ ბავშვი უკვე დიდია და ყველაფერს ხვდება. უნდა რომ მშობლებთან იყოს. სოფიოს იმედი აქვს, რომ ბავშვი რომ გაიზრდება აუხსნის, რატომ მოხდა რომ თავიდან მათთან ვერ ცხოვრობდა.

სოფიოსგან განსხვავებით, არ გაუმართლა დავით ჭეიშვილს. საქართველომ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერმა ქვეყანამ, აიღო პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება და ხელი შეუწყონ მათ ადგილობრივ საზოგადოებაში სრულყოფილად ჩართვაში.

კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, დღემდე ვერ ხერხდება დავით ჭეიშვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

დავითი ბავშვობიდან მიატოვეს მშობლებმა, იგი ჯერ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, შემდეგ კი სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. 2012 წლიდან დღემდე მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ცხოვრობს. დავითი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამხმარე მუშაკად მუშაობს. თუმცა, მისთვის ყველაზე მთავარი ოჯახური გარემოა. „მინდა შევქმნა ოჯახი, როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა, მყავდეს შვილები და ჩემი მშობლებისგან განსხვავებით ისინი თვითონ გავზარდო. მივცე ის სითბო და სიყვარული, რაც მე დამაკლდა ბავშვობაში“- დავით ჭეიშვილი.

დავითის დავა სახელმწიფოსთან საკუთარი უფლებებისთვის წლებია სასამართლოში გრძელდება. მას იურიდიულ დახმარებას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უწევს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ვალდებულებებს სახელმწიფო სხვადასხვა კანონის მიღებით აღიარებს, დავითი  უკვე მეხუთე წელია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ვერ ახერხებს დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში სრულყოფილად ჩართვის, პირადი ცხოვრების გარანტირებული და მრავალჯერ აღიარებული უფლებით სარგებლობას.  

იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სასამართლოს მეშვეობით უწევთ ბრძოლა, რადგან მოვალეობის მიუხედავად, სახელმწიფოს მათთვის რესურსი არ აქვს გამოყოფილი. 

ბლოგის ავტორი: თაკო კაპანაძე 

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.