გადაწყვეტილების სანახავად დააჭირეთ აქ.
როგორ დაიწყო ისტორია?
2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის გიორგიმ [1] აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა რომ მასწავლებელმა სცემა.
ლალიმ[2] პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე.
რა არ გააკეთა სახელმწიფომ?
რამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. ლალიმ ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.
საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.
2018 წლის 08 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.
პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.
აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.
გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.
რა დაადგინა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა?
2022 წლის 07 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
კომიტეტმა განმარტა, რომ გიორგის საჯარო ბაღში მისვლისას სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.
კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, რაც განმტკიცებული იყო სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის ბებიის მონათხრობით, რომ მას ხშირად უნახავს იგივე აღმზრდელი როგორ სჯიდა მის შვილიშვილსაც. ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. აღმზრდელის მითითება, რომ ბავშვის სახეზე დაზიანება ალერგიის შედეგი იყო, არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებით.
კომიტეტმა გაითვალისწინა, განმცხადებლის (გიორგის) მოწყვლადობა, რომ ბავშვი იყო 3,5 წლის, მასწავლებლის ავტორიტეტი და გავლენა, ასევე ბავშვზე კონტროლის შესაძლებლობა, საჯარო ბაღის როლი რაც გულისხმობს საჯარო ფუნქციის განხორციელებას - იზრუნოს და განათლება მიაწოდოს ბავშვებს. კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოექცა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ფარგლებში.
კომიტეტმა, დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი. განმარტა, რომ:
ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი რომ დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ასევე, გამოძიება უნდა წარმიმართოს სწრაფად და გონივრულ ვადაში.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ ბავშვი სპეციალიზებულმა გამომძიებელმა გამოკითხა ფსიქოლოგისა და მამის თანდასწრებით, თუმცა სახელმწიფომ არ უზრუნველყო გამოკითხვის ვიდეო გადაღება, რომ დაეცვა ბავშვის ჩვენება შემდგომ განხილვებში გამოყენების მიზნით ან იმის დასადგენად, რომ ბავშვს ნამდვილად განემარტა სიმართლის თქმის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყო. დაახლოებით 10 თვე დასჭირდა გამოძიებას გამოეკითხა ბაღის ორი თანამშრომელი, რომლებიც ასევე ადანაშაულებდნენ აღმზრდელს, 15 თვე დასჭირდა სხვა ბავშვების მშობლების გამოსაკითხად. სახელმწიფომ ვერ ახსნა ამ გაჭიანურების მიზეზები. ბავშვის ადვოკატს გამოძიების დაწყებიდან 19 თვის შემდეგ მიეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. საბოლოო ჯამში, კომიტეტმა განმარტა, რომ 5 წელზე მეტი დროა სახელმწიფო აწარმოებს გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე. კომიტეტმა დაასკვნა, რომ ამგვარი გამოძიება ვერ აკმაყოფილებს სისწრაფისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი.
რა დაევალა სახელმწიფოს?
კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაციის გაცემა ბავშვზე.
სახელმწიფომ ასევე უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი რომ უზრუნველყოს მსგავსი დარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით სხეულებრივი დასჯის შემთხვევათა სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
კომიტეტს სურს სახელმწიფომ 180 დღის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროება და ფართოდ მისაწვდომობა ქართულ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება ბავშვის სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ, სადაც კომიტეტმა სახელმწიფოს ბავშვის უფლებების დარღვევა დაუდგინა.
სამართლებრივი დახმარება ხორციელდება USAID/PROLoG -ის ფინანსური მხარდაჭერით.