პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება

PHR-ის ხელმძღვანელის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან სატელეფონო საუბრის უკანონო ჩაწერა დადგინდა

2015 წლის 12 ოქტომბერს, PHR-ის ხელმძღვანელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მისი სატელეფონო საუბრის უკანონოდ ჩაწერის თაობაზე მიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილების (‪#‎გ‬-1/212/2015) თანახმად სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რიონული განყოფილების წარმომადგენლის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი ანა აბაშიძესთან სატელეფონო საუბრის გაფრთხილების გარეშე ჩაწერას. საჩივრის ზეპირი განხილვის პროცესზე „სააგენტომ ვერ მიუთითა რომელიმე საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად საჭირო იყო აუდიოჩაწერა. მეტიც, სააგენტომ ზეპირი განხილვის სხდომაზე დაადასტურა, რომ მხარდამჭერი პირის დანიშვნის პროცედურა არ ითვალისწინებს მხარდამჭერ პირთა კანდიდატებთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის საჭიროებას. სააგენტომ ვერ ასაბუთებს, თუ რატომ აღემატებოდა განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის ინტერესი მონაცემთა სუბიექტის- ანა აბაშიძის ინტერესს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მონაცემთა სატელეფონო საუბრის ჩაწერის მიმდინარეობის შესახებ ნათელი და მკაფიო გაფრთხილების ფაქტი არ დგინდება“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავების შესახებ. ვინაიდან, ანა აბაშიძის წერილობითი მიმართვის მიუხედავად მას არ გადაეცა მისი საუბრის აუდიოჩანაწერი, სააგენტოს მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ამავე კანონის მე-15 და 21-ე მუხლების დანაწესის დარღვევას. აღნიშნული უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ჩანაწერიდან. რომლის თანახმადაც, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ მონაცემებს. 
PHR მადლობა უხდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს საჩივრის დროული განხილვისათვის და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის დაცვას ყველა პირისთვის. PHR ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდება.