2014 წლის 7 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2 - ის ეთერში, გადაცემაში ,,ნანუკას შოუ“ გასული სიუჟეტის შესახებ PHR- ის შეფასება

ფაქტობრივი გარემოებები

2014 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ - ის ეთერში, გადაცემაში ,,ნანუკას შოუ“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენის ლეონიდ ჩეროვეცკის მიერ გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადამღები ჯგუფის ვიზიტსა და ბავშვებისათვის საქველმოქმედო მიზნით საჩუქრების გადაცემას ეხებოდა. გადაცემის წამყვანმა, ბავშვებთან ერთად გაატარა 48 საათი, მოისმინა მათი სურვილები, შემდეგ კი საჯაროდ გადასცა საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის მთელი მსვლელობის დროს შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება, დასახელებული იყო მცირე საოჯახო ტიპის სახლის მისამართი, ნაჩვენები იყო შენობის შესასვლელი, გადაღებები მიმდინარეობდა ბავშვების საძინებელ ოთახებში. გადაცემის წამყვანი სიუჟეტის დასაწყისში ამბობს: ,,48 საათის მანძილზე ვიცხოვრებთ მათი ცხოვრებით. არც კი ვიცი, ეს მათ უნდათ თუ არა...არ ვიცი, რამდენად უნდათ მათ სხვებმა გაიგონ, რომ მშობლებმა მათი აქ დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს“.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილების   (№291) ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამა“ თანახმად, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო. 2014 წლის 21 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წერილით (№05/44-14) მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია:

1. გასცა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნული სიუჟეტის მომზადებაზე თანხმობა და დაცული იყო თუ არა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი აღნიშნული სიუჟეტის მომზადებისას

2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ინფორმირებული არ ყოფილა, რა სახის რეაგირება მოახდინა სიუჟეტის გასვლის შემდეგ.

2014 წლის 30 მაისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხიდან (№04/44892) ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით წინასწარი ნებართვა არ გაუცია. რაც შეეხება შემდგომში სააგენტოს რეაგირებას, 6 მაისს წერილობით აცნობეს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას მსგავსი ტიპის მოქმედებებზე სააგენტოს წინასწარი ნებართვის აუცილებლობაზე. სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მიერ იგივე ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად მიეწოდა ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

2014 წლის 24 ივნისს (წერილის ნომერი) არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განმეორებითი წერილით (№05/77-14) მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს და გამოითხოვა 6 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან გაგზავნილი წერილის ასლი, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შესაბამისი ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 6 ივლისის კორესპონდენციიდან (№04/57248) დგინდება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ,,ნანუკას შოუ”-ს გადამღები ჯგუფის ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა სოციალური მუშაკის გეგმიური ვიზიტის დროს 1 მაისს, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე. სააგენტომ გადაცემამდე 1 დღით ადრე, 6 მაისს  მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას აცნობა, რომ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების მეურვეობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოს სახით. ამდენად, აუცილებელია მათი თანხმობა ბავშვის ფოტო/ვიდეო გადაღების დროს. ამავე წერილით, სოციალური მომსახურების სააგენტო სთხოვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, რომ შემდომში გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული და წინასწარ მოახდინოს სააგენტოს ინფორმირება. მიუხედავად ამისა, სიუჟეტი ეთერში გავიდა აღნიშნული სახით.

ბავშვთა დაცვის ეროვნული სტანდარტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები. 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66-ე დადგენილების (,,ტექნიკური რეგლამენტი  - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“) პირველი მუხლის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24 საათიან მომსახურებას.

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ,,ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია“. ასევე, ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი  საქმის კურსში უნდა იყვნენ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს. ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს მომსახურების მიმწოდებელს. აღნიშნული მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს წერილობითი თანხმობა ბენეფიციარის ან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან ბენეფიციარის შესახებ იფნორმაციის გავრცელებამდე.

,,მცირე საოჯახო ტიპის სახლში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის № 04-385/ო ბრძანება ასახავს მცირე საოჯახო ტიპის სახლში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილებას. აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს შემდეგ საკითხებს: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სოციალური მუშაკის სავალდებულო ვიზიტების რაოდენობას, ვიზიტებზე განსახორციელებელ საქმიანობას, სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებს ბავშვის ძირითად საჭიროებებთან მიმართებაში და ა.შ. თუმცა, ამ  დოკუმენტში  არაფერია ნათქვამი, თუ როგორ ნაწლდება ბავშვის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და პირად ინფორმაციაზე კონფიდენციალობის უზრუნველყოფის ვალდებულება მომსახურების მომწოდებელსა და სააგენტოს შორის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის ბრძანებით დამტკიცებულია დებულება (№01/474-ო), რომელიც არეგულირებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საქმიანობას, მათ უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს. დებულების 31 - ე მუხლის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს  ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს ვალდებულებას წარმოადგენს ,,მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების ფუნქციონირების კოორდინაცია და ზედამხედველობა“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №14  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სახელმწიფომ უპირველესი ყურადღება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას უნდა დაუთმოს. 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე - 16 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებს. ბავშვის კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს ყველა სიტუაციაში, მათ შორის ოჯახურ გარემოში, ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში და ნებისმიერი სერვისის მიღების დროს. მე-16 მუხლი ვრცელდება ბავშვის საცხოვრებელ გარემოზე, მის ურთიერთობაზე და კომუნიკაციაზე სხვებთან და ა.შ.

ბავშვის უფლებათა კომიტეტი, კონვენციის მე-16 მუხლით დადგენილ სტანდარტთან დაკავშირებით განსაკუთრებულ მითითებას აკეთებს მედია საშუალებების ვალდებულებებზე ბავშვის კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით. კომიტეტი თავის ერთ-ერთ რეკომენდაციაში (CRC/C/15/Add.36) განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ყველა საჭირო საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკული პროცედურებისა და რეგულაციების შექმნის მიზნით, რათა გარანტირებული იყოს ბავშვის კონფიდენციალობის უფლება. აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს სახელმწიფოებს ვადებულებას, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მავნეა მისი კეთილდღეობისათვის და უზრუნველყოს ბავშვის პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის უფლებას  კონვენციის მე - 16 და მე - 17 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. (CRC/C/15/Add.36).

 

მედია და ბავშვის უფლებები

მედიის განსაკუთრებული როლი აღიარებულია ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. ბავშვის უფლებათა კომიტეტი  1996 წელს მიღებულ დოკუმენტში ,,ბავშვი და მედია“ (,,The child and the media”) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მედია საშუალებების როლზე ბავშვის უფლებების დაცვის საკითხში. ჟურნალისტებსა და რედაქტორებს აქვთ ვალდებულება, მუშაობის დროს მოახდინონ ბავშვის უფლებების დაცვისკენ მიმართული სიუჟეტების მომზადება, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დარღვევებზე. ამასთან,  მედია ვალდებულია, საკუთარი მოქმედებით თავად არ მოახდინოს ბავშვის უფლებების ხელყოფა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2014 წელს ჩატარდა კვლევა ,,ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“. მონიტორინგის პერიოდში თემატურ გადანაწილებაში პირველ სამეულშია ,,ქველმოქმედება“ (16%), რომლის დიდი ნაწილი პიარისა და რეკლამის ელემენტების შემცველ მასალას მოიცავს.

მედიამონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ბავშვები მედიასაშუალებებში  კვლავაც საკმაოდ ხშირად არიან ქველმოქმედების ობიექტებად წარმოჩენილნი. ქველმოქმედების ავტორებად ძირითადად გვევლინებიან კერძო კომპანიები ან ადგილობრივი თვითმმართველობის, გამგეობის, საკრებულოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ასეთი მასალები, როგორც წესი, ემსახურება ქველმოქმედების ავტორთა პიარს, მათ პოზიტიურად წარმოჩენას და არა ბავშვთა პრობლემების წინ წამოწევას და განსაკუთრებული ნიშნით ხასიათდება პრესაში, სადაც სტატიის სათაურიც, ფოტოც და ტექსტიც იდენტურია.

კვლევაში მოხვდა ,,ნანუკას შოუს“ აღნიშნული გადაცემა,  რომელშიც წამყვანი ერთ - ერთი ბავშვის ისტორიასაც გვიყვება. ,,გამიჭირდა დაძინება, ყველაფერზე ერთად მეფიქრდებოდა, ყველაზე მეტად კი ერთ ბავშვზე, რომლის სახელსაც არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით ერთს, მისმა დედამ ხუთი შვილიდან ერთი გამოარჩია და აქ მოიყვანა, 4 კი თავისთან დაიტოვა“.

იქვე, გადაცემის შუა ნაწილში ირკვევა, რომ ბავშვთა სახლის ისტორიის ნაწილი უკრაინის ყოფილი მერის, ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის ქველმოქმედებას შეეხება ის საქართველოში ცხოვრობს და ბავშვთა სახლი მისი საქველმოქმედო პროექტებიდან ერთ-ერთია.

საქმეში არსებული დარღვევები

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ადგილი აქვს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებების მნიშვნელოვან დარღვევას. აღნიშული განპირობებულია, როგორც  ეროვნულ კანონმდებლობაში შესაბამისი რეგულირების არარსებობით, ასევე ბავშვის უფლებათა კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტების ინფორმირების ნაკლებობით. კერძოდ, დარღვეულია ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-16 და მე-17 მუხლები მე-3 მუხლთან ერთობლიობაში:

  • ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტში ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების შესახებ“ არაფერია ნათქვამი ბავშვის კონფიდენციალობის დაცვაზე და ამ მიმართულებით მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებზე, რამაც მეტწილად განაპირობა  სიუჟეტის გადაღების დროს ბავშვის უფლებების დარღვევა. კერძოდ, ბავშვის კონფიდენციალობის დარღვევა, რადგან შესაძლებელი იყო ბავშვის იდენტიფიცირება გასული სიუჟეტის მიხედვით. თუმცა, აღნიშნული არ ათავისუფლებს სერვისის მიმწოდებელს საერთაშორისო სტანდარტების გამოყნების ვალდებულებებისგან. ამავდროულად გონივრული მოლოდინი არსებობს იმაზე, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის სერვისის მიმწოდებელს უნდა სცოდნოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 - ე დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტი  - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“ შესაბამისი დებულებები, რომელიც მბოჭავია (სავალდებულოა) მსგავსი ტიპის სერვისის მიმწოდებლისთვის.

მისასალმებელია სააგნეტოს მხრიდან სერვისის მიმწოდებლის წინასწარი ინფორმირება ნებართვის მოპოვების ვალდებულების შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ არ მოახდინა ბავშვის უფლებათა დარღვევის ცხადი შეფასება. ხოლო რეაგირება, რომელიც გამოიხატა გაფრთხილებაში, არ შეიძლება შეფასდეს დარღვევის პროპორციულად. რადგან, როგორც მათ მიერ მოწოდებული წერილიდან ირკვევა, გაფრთხილება მიმართული იყო მომავალში მომხდარ შესაძლო შემთხვევებზე და კავშირი არ ქონია მიმდინარე საქმის შესწავლასთან. აქედან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედება იყო არაეფექტური.

სააგენტოს ფაქტობრივად შეეძლო ბავშვთა უფლებების დარღვევის პრევენცია სიუჟეტის შეფასებით და მისი გაშვების შესახებ დასკვნის მომზადებით, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, სახეზეა სააგენტოს მხრიდან მისთვის საქართველოს მთავრობის დადენილებით ,,ტექნიკური რეგლამენტი  - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“ დადგენილი ვალდებულების დარღვევა.

მედია საშუალებამ დაარღვია საერთაშორისო სტანდარტით მასზე დაკისრებული სათანადო სიფრთხილის გამოჩენის ვალდებულება ბავშვებთან დაკავშირებული სიუჟეტის მომზადების დროს. აღნიშნულს ადასტურებს ასევე გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის  მიხედვითაც, სიუჟეტი შეფასდა, როგორც კონკრეტული პირის, ბიზნესმენის პიარის შემადგენელ ნაწილად და ბავშვები წარმოდგენილები იყვნენ ქველმოქმედების ობიექტებად. ამავდროულად კონკრტული ნებართვის მოპოვების გარეშე მოხდა ბავშთა იდენტიფიცირება, მათი პირადი ცხოვრების პატივისცემაში უხეში ჩარევა. 

რეკომენდაციები

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა გატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები:

  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის №04-385/ო ბრძანებას ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების შესახებ“ დაემატოს  კონკრეტული რეგულაცია, სადაც გაწერილი იქნება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვის კონფიდენციალობის დაცვის პროცედურები;
  • სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილების მიღების დროს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი კონკრეტულ გარემომებენთან მიმართებაში, შესაბამისი, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • სოციალური მომსახურების სააგნეტოს მხრიდან, აღნიშნულ ფაქტს უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება, განისაზღროს პასუხისმგებლობის ზომები და მოხდეს მისი გავრცელება ყველა სამზრუნველო სერვისის მიმწოდებელზე საქართველოს მასშტაბით;
  • ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ისეთი ამბების გაშუქებისას, რომელიც არა ბავშვთა პრობლემების წამოწევას, არამედ გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების ან კერძო პირებისა და კომპანიების რეკლამას ემსახურება. ასევე სასურველია, სიუჟეტის მომზადებისას ითანამშრომლონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებთან, რათა თუნდაც გაუფრთხილებლად, სიუჟეტის მომზადების დროს, არ  მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისა და უფლებების დარღვევა.