PHR-მა გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მორიგი შეხვედრა გამართა

PHR-ი აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა დღის ცენტრში – „მშობელთა ხიდი“ გაიმართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ფსიქოლოგი, აღმზრდელები და მშობელი.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა თათია მიქელაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოზარდების სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის ფორმებსა და თავისებურებებზე.  შეხვედრის მონაწილეებთან ასევე ისაუბრა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ შშმ მოზარდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე, როგორც სექსუალური ძალადობისგან დაცვის პრევენციული მექანიზმზე. თათიამ შეხვედრის ფარგლებში განიხილა დღის ცენტრების ადმინისტრაციისა და პერსონალის უფლება-მოვალეობები და არსებული რეალობა.

PHR-ის იურისტმა აღნიშნა, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახენ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს მათზე მორგებული და ადაპტირებული მეთოდებით უნდა მიეწოდოთ.  მან ასევე, ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოზარდები ინფორმაციას მათთან მომუშავე პერსონალისა და მშობლებისგან  იღებდნენ, რადგანა ინტერნეტ სივრცეში მოძიებული ინფორმაცია, შესაძლებელია, მათთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

53560538_2339373672792825_8691488685692026880_n

როგორც შეხვედრისას გამოიკვეთა, უმაღლესი განათლების სისტემაში არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე გათვლილი კონკრეტული პროფესიული მიმართულებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ფსიქოლოგების, აღმზრდელებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლების მომზადება. არსებული სისტემური პრობლემა ქმნის სირთულეებს, რომლის პირობებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებთან მომუშავე პერსონალი არ არის კვალიფიციური იმგვარი მნიშნელოვანი ქცევების მართვის საკითხებში, როგორიცაა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებები.

შეხვედრის ფარგლებში, წინა შეხვედრების მსგავსად,  კვლავ პრობლემად დასახელდა ოჯახის ჩართულობის საკითხი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების მართვისას. დისკუსიის ნაწილში აღმზრდელები განიხილავდნენ მშობელთა ჩართულობის პირობებში სექსუალური ქცევების მართვის წარმატებულ შემთხვევებზე.

შეხვედრას ესწრებოდა მოზარდი გოგონას მშობელი. მან აღნიშნა, რომ შვილთან  ამ საკითხებზე არ უსაუბრია, რადგანაც მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, გოგონამ თავად შეძლო საჭირო ინფორმაციის მიღება, ხოლო მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ დაინტერესების შემთხვევაში თავად გაუჭირდებოდა მისთვის ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება.

შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ინდივიდუალურად მუშაობის პრაქტიკის არ არსებობა იწვევს. როგორც დღის ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ ინფრომაციის მიღება განსხვავებული ხარისხითა შესაძლებელი შშმ მოზარდებისათვის, რომელთაც მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოახატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხების ადაპტირების პროცესში გათვალისწინებული იყოს ყველა შშმ მოზარდის ინტერესი.

დღის ცენტრის ადმინისტრაცია მზადაა მომავალში ითანამშრომლოს შშმ მოზარდების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის მართვისა და მათთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებზე მშობლებისა და პერსონალისათვის ტრენინეგების დაგეგვმის პროცესში.