PHR-ისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

6 მარტს, PHR-ის იურისტებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის INSPIRE-ის 7-საფეხუროვანი სტრატეგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. მოცემული სტრატეგია შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, Unicef-ის, UNODC-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სტრატეგია მიმართულია ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, რაც მოიცავს მტკიცებულებებით გამყარებულ მიდგომათა ერთობლიობას.

INSPIRE-ის 7-საფეხუროვანი სტრუქტურა მოიაზრებს ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა:Inspire.jpg

  • კანონმდებლობა და აღსრულება;
  • ნორმები და ღირებულებები;
  • უსაფრთხო გარემო;
  • მშობლებისა და მზრუნველების მხარდაჭერა;
  • შემოსავალი და ეკონომიკური გაძლიერება;
  • რეაგირება და მხარდამჭერი მომსახურებები;
  • განათლება და სასიცოცხლო უნარები.

53531804_2354218704597527_7106825884396421120_n

PHR-ის იურისტებმა განათლების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია INSPIRE-ის შვიდივე სტრატეგიის თავისებურებების შესახებ; მათ ასევე, ისაუბრეს INSPIRE-ის მეთოდოლოგიის გამოყენებისას თოთოეულ სტრატეგიაზე ერთდროული და კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობაზე, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საქმეში ეფექტური და გრძელვადიანი შედეგების მიღწევა.

შეხვედრის განმავლობაში აღინიშნა ისიც, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოსაფხვრელად მიმართული სტრატეგიების საუკეთესოდ და ეფექტურად განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სისტემური, კოორდინირებული მოქმედებების და უწყვეტი პროცესის საფუძველზე, რომელშიც ჩართულნი იქნებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე – სკოლები,  სამოქალაქო ორგანიზაციები და შესაბამისი პროფილის აქტივისტები.

1129229-INSPIRE_Handbook.png

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ INSPIRE-ის ყოველი სტრატეგია სათანადო მტკიცებულებებითაა გამყარებული, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში დაინტერესებულ სტრუქტურებსა და პირებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ პროგრამებს, რომლებიც შექმნილია და ხორციელდება INSPIRE-ის სტანდარტებისა და სტრატეგიების შესაბამისად.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება INSPIRE-ის სტრატეგიის შესახებ და დასვეს კითხვები აღნიშნული კომპლექსური მიდგომის პრაქტიკული განხორციელების გზებთან დაკავშირებით; უფრო კონკრეტულად, კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ რომელი უწყებისა და სახელმწიფო სტრუქტურის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი INSPIRE-ის სტრატეგიებზე ეფექტური მუშაობა. PHR-ის წარმომადგენლების განმარტებით, სტრატეგიათა განხორციელებითა და პრაქტიკაში იმპლემენტაციით საუკეთესო შედეგი მიიღწევა მხოლოდ სხვადასხვა საჯარო უწყებათა და სამოქალაქო ორგანიზაციათა ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, მომავალში, საპილოტე სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გააგრძელონ მსჯელობა და მუშაობა INSPIRE-ის მიერ შემოთავაზებული სისტემური მიდგომისა და 7 სტრატეგიის ქართულ კონტექსტში იმპლემენტაციის კონკრეტული გზებისა და აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების შესახებ.