თბილისის მერია ხანდაზმულთა პანსიონატების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად მუშაობას იწყებს

როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დაიწყო ხანდაზმულთა საკითხების შესწავლა, რისთვისაც სისტემატიურ ვიზიტებს ვახორციელებთ საქართველოში არსებულ ხანდაზმულთა პანსიონატებში მოხუცების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

94

ვიზიტების დროს, ერთ-ერთ მძიმე პრობლემად ინფრასტრუქტურული პირობები გამოვლინდა. დაწესებულებებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შენობამდე არ აღწევს, რაც იქ მცხოვრებ მოხუცებს გადაადგილების და ჯანმრთელობის დაზიანების მნიშვნელოვან რისკებს უქმნის. გადაადგილებისას დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაზიანების რამდენიმე მძიმე შემთხვევა. ასევე, მათთვის შეუძლებელია ტაქსის მომსახურება, ფინანასების არარსებობის და კონკრეტულ მისამართზე გამოძახების მიღების შეუძლებლობის გამო.

აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის თხოვნით, PHR-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა. პასუხად, ორგანიზაციას  დაუკავშირდა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად გვაცნობა, რომ მუშაობა დაწყებულია, ადგილზე მოინახულეს ობიექტები და უახლოესი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი სატრანსპორტო მარშრუტის დასაგეგმად ცვლილებები განხორციელდება, რაც ხანდაზმულებს მისცემს საშუალებას, უპრობლემოდ შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

აღნიშნული სამსახურის ოპერატიულ რეაგირებას არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებთ და განვაგრძობთ დანაპირების შესრულების მონიტორინგს.