PHR-მა ფსიქიატრის მიერ გამოყენებული შეუფერებელი ლექსიკის გამო საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას განცხადებით მიმართა

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი ფსიქიატრის მიერ გამოყენებული შეუფერებელი ლექსიკის გამო საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას განცხადებით მიმართა. საქმე ეხება ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დასაქმებული ფსიქიატრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც მას აცვია მაისური შემდეგი წარწერით:

„მე ფსიქიატრი ვარ, შენ ნაპოლეონი“.

mental-health-2019924_1280-1

იმ ფონზე, როდესაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები დღემდე წარმოადგენენ სტიგმატიზირებულ ჯგუფს, ამგვარი ფრაზის გამოყენება და ფართოდ გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ ეთიკას, ზრდის საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, ახალისებს დისკრიმინაციას და ლახავს ადამიანის ღირსებას; მით უფრო მაშინ, როდესაც ამგვარი ფრაზა გამოყენებულია ექიმი ფსიქიატრის მიერ, რომელიც უშუალოდ ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების სოციალური რეაბილიტაცია და მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი საზოგადოებაში მათ სრულ ინტეგრაციას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებამ იმსჯელა მოცემულ საკითხზე და მიიჩნია, რომ  აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ დებულებას, რომლის მიხედვითაც, ფსიქიატრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა კონკრეტულ ვითარებაში თავად განსაზღვროს კორექტული და მისაღები ქმედება. საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი „გაცვეთილი“ და ირონიული შინაარსის წარწერების გამოქვეყნება შეუფერებელია ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, რის გამოც ექიმ-ფსიქიატრის მიმართ შენიშვნა გამოიცა.