PHR შშმ პირთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების, როგორც სექსუალური ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმის შესახებ მუშაობა დაიწყო. პროექტი ორგანიზაცია MAC Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება  თემაზე სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში,  სპეციალიზებულ საჯარო სკოლებსა და შშმ პირთა დღის ცენტრებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები.  ამ ეტაპზე, PHR-ის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის 198-ე და 202-ე საჯარო სკოლებს სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები მიღებენ განათლებას.

IMG_5096.JPG

როგორც შეხვედრების დროს გამოვლინდა, სკოლაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ  ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. PHR-ის წარმომადგენელმა თათია მიქელაძემ, სექსუალურ ძალადობაზე, როგორც მწვავე სოციალურ პრობლემაზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების სწავლების მეთოდებზე გამახვილდა.

IMG_5098.JPG

დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით განათლების სისტემაში რიგი  პრობლემები არსებობს. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლის არარსებობა, სკოლებში სექსუალური განათლებისა და გადამზადების პროგრამების აუცილებლობა განათლების სისტემის ერთ-ერთ გამოწვევად დასახელდა განსაკუთრებით მაშინ როცა ამის პრაქტიკული აუცილებლობა დგას სპეციალიზებულ დაწესებულებებში. ორივე სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  ამ საკითხებზე მუშაობისას  მშობლების უმრავლესობის დამოკიდებულება მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ბარიერს წარმოადგენს. მათთვის სექსუალურ განათლებაზე, ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე  თავისუფალი საუბარი მიუღებელია, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს განათლებასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ დაიწყოს სექსუალური და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია. იმსჯელეს ამ პროცესში მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარების უმნიშვნელოვანესი რგოლის ჩართულობაზე.

IMG_5141.JPG

როგორც გამართული დისკუსიებიდან გამოვლინდა, ამ საკითხზე მუშაობა ცალმხრივად, მხოლოდ სკოლის სივრცეში შედეგებს ვერ მოიტანს, არამედ ის უპირობოდ მოითხოვს მშობლების და სხვა მხარდამჭერ პირთა აქტიურ ჩართულობას. დღეისათვის კი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის პრობლემა საჯარო სკოლებში, კვლავ რჩება ტაბუირებულ საკითხად და კვლავ არსებობს სერიოზული ბარიერები/სტერეოტიპები სექსუალური განათლების, სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებებზე საუბრის დასაწყებადაც კი.

PHR განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს შშმ პირთა უფლებრივი გარანტიების გაზრდის მიზნით.

IMG_5098.JPG