ქმედუნარიანობის რეფორმის გამოწვევები – PHR-ის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ქეთევან კოპალიანმა ზესტაფონში მდებარე დღის ცენტრში – „კავშირი ორიონი“, ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. დღის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მხარდამჭერები და ასევე, მშობლები, რომლებიც უახლოეს პერიოდში სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაინიშნონ მხარდამჭერებად.

cover

ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეხვედრის განმავლობაში ისაუბრა მხარდამჭერის შერჩევისა და  დანიშვნის სამართლებრივი პროცედურის, აგრეთვე, მხარდაჭერის ინსტიტუტის ამოსავალი პრინციპების – ქმედუნარიანობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის განხორციელების აუცილებლობის შესახებ. PHR-ის იურისტმა დამსწრეებს გააცნო მხარდამჭერის მოდელის საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება; კერძოდ, მიაწოდა მათ ინფორმაცია იმ პრაქტიკული მექანიზმების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები ახერხებენ ქმედუნარიანობის უფლების სრულყოფილად რეალიზაციას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დამოუკიდებლად მოქმედებისას.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს დაინტერესება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში ეძლევა მხარდამჭერს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა. PHR-ის იურისტმა მათ განუმარტა, რომ იმგვარ შემთხვევებში, როდესაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებს ნების გამოვლენას, რაც გარდაუვალ ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, სასამართლო მხარდამჭერს ანიჭებს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებამოსილებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რადგან მხარდამჭერი, ადრინდელი მეურვისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების ჩამნაცვლებელს, იგი ვალდებულია, იმოქმედოს იმგვარად, როგორც იმოქმედებდა თავად მხარდასაჭერი პირი მას რომ ნების გამოვლენა შესძლებოდა. მსგავს შემთხვევებში, მხარდაჭერის კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპი ავალდებულებს მხარდამჭერს, გადაწყვეტილებები მიიღოს იმ ცოდნის შესაბამისად, რომელიც მას აქვს მხარდაჭერის მიმღებ პირთა ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე და ამ გზით მოახდინოს არა ნების ჩანაცვლება, არამედ – მხარდასაჭერი პირის ნების ინტერპრეტირება. 

როგორც დღის ცენტრის თანამშრომლებმა, მხარდამჭერებმა და მშობლებმა აღნიშნეს, რეფორმის პრაქტიკული განხორცილებისთვის  საჭიროა, რომ მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებმა მიიღონ მათთვის აუცილებელი მხარდაჭერა და დახმარება არა მხოლოდ მხარდამჭერების, არამედ, სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების მხრიდანაც.