მხარდაჭერის სისტემის გამოწვევების შესახებ ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში, რომლის მიზანსაც ქმედუნარიანობის რეფორმის არსის შესახებ საზოგადოების იმ ნაწილის ინფორმირება წარმოადგენს, რომლებიც რეფორმის უშუალო აქტორებად გვევლინებიან. PHR-ის იურისტებმა მორიგი შეხვედრა ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გამართეს, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა  და სოციალური სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

46983767_2221821784806237_5928638319842820096_nორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მხარდაჭერის ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს სამართლებრივ ურთიერთობებში დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა ეძლევათ. იურისტებმა ისაუბრეს მხარდამჭერის განსაზღვრის სამართლებრივი პროცედურის შესახებაც; კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებებსა და  სოციალური მუშაკის ვალდებულებაზე – ზედამხედველობა გაუწიოს პროცესს.

46960045_2164569297128367_7681347136843153408_n.jpgშეხვედრის მონაწილე სოციალური მუშაკების თქმით, მხარდამჭერთა საქმიანობაზე ზედამხედველობის გაწევისას, მთელი რიგი პრობლემები წარმოიშობა. ზოგიერთ მხარდამჭერს უჭირს იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურისთვის დაკისრებული მონიტორინგის ფუნქცია; ამდენად, ისინი ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას სოციალური მუშაკის მიერ მხარდამჭერის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშის შედგენის პროცედურასთან დაკავშირებით. სოციალური  სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც სოციალურმა მუშაკმა არ გასცა რეკომენდაცია ამა თუ იმ პირის მხარდამჭერად დანიშვნაზე, ან არ გამოუხატავს თანხმობა ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის შედეგების მიმართ.

ასევე, მათი თქმით, სოციალური მუშაკების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ სამსახურს არ ყოფნის არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი მონიტორინგის ფუნქციის განხორციელებისთვის იმგვარად, რომ სრულად იყოს დაცული ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი და გადაილახოს ზედამხედველობის სტანდარტული, შაბლონური ხასიათი. მაგალითად, ფოთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკია დასაქმებული. მას მხარდაჭერის მიმღების/მხარდამჭერის ზედამხედველობის გარდა, სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების დავალებათა შესრულება აკისრია. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სოციალური სამსახურის გაძლიერება და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის მხარდაჭერის სერვისის გამართულად მიწოდება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, და ამავდროულად, მოხდება სოციალური სამსახურის თანამშრომლების დაყოფა სამუშაო თემებისა და სპეციალიზაციის მიხედვით.

შეხვედრის დამსწრეთა თქმით, ისინი მიესალმებიან ქმედუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმას, თუმცა, აღნიშნავენ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმა, შესაბამისი სტრუქტურული და უწყებრივი ცვლილებების გარეშე, არ იქნება ნაყოფიერი და ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე მხარდაჭერის მიმღებ პირთა მდგომარეობა არსებითად შეიცვლება უკეთესობისკენ.

#OSGF-ის მხარდაჭერით #PHR-ი აგრძელებს ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.