PHR-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიმართა

PHR-მა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისა და ოდენობის ნაწილში მოსამართლეების დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიმართა. ორგანიზაციის სარჩელის რეგისტრაცია 2017 წლის 18 ოქტომბერს განხორციელდა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი ქალი მოსამართლე, რომელსაც გააჩნია მოსამართლედ მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება.

საკონსტიტუციო სასამართლო„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია შესაძლებელია დაენიშნოთ მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუკი  დაუმთავრდებათ უფლებამოსილების ვადა ან განხორციელდება სასამართლოს ლიკვიდაცია. თუმცა, ამავე კანონის თანახმად, საქართველოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება მხოლოდ 65 წლის მიღწევის შემდეგ შეუძლიათ განსხვავებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას. საქართველოს კანონმდებლობა მათ არ უწესებთ 65 წლამდე მოცდის მოთხოვნას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) დაწესებით უგულვებელყოფილია მოსამართლედ მუშაობის სტაჟი და ხორციელდება არსებითად უთანასწორო პირების თანასწორი მოპყრობა.

PHR-ი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ზოგიერთი სიტყვის არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც აღმოფხვრის მოსამართლეების დისკრიმინაციას.

Yes_Check_Circle.svgორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის გაცნობა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე – http://www.constcourt.ge/ge/court/sarchelebi , ნომრით – 1266.