არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპარლამენტის დეპუტატთან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს

21 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტის დეპუტატს ანა გომეშს შეხვდნენ და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა აბაშიძემ შეხვედრაზე ბავშვთა უფლებრივ მდგომარებაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იმ გადაუჭრელ პრობლემებზე, რაც წლებია სახელმწიფოსთვის გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც ბავშვთა მიმართ სკოლებში არსებული ძალადობისა და უსაფრთხოების სისტემური პრობლემები. ანამ ასევე, კრიტიკულად შეაფასა ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარება და ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა.

42585797_10210612573588854_7486783692405211136_nშეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ. რა დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონის თანამშრომლებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, გასაუბრება სასულიერო პირების თანდასწრებით მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმიდის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითაა შექმნილი, იგი ექცევა საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო რეგულირების ქვეშ, რომლის თანახმადაც ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა ბავშვმა, კომუნიკაცია იქონიოს მესამე პირებთან, მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ანამ აბაშიძემ ევროპარლამენტის დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია სასულიერო პირების მხრიდან წესების თვითნებურად შემოღების შესახებ, რომლითაც ხდება ბავშვთა იძულება, დაემორჩილონ ბავშვთა უფლებებთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამო  წესებს.