PHR-მა ბავშვის უფლებების დარღვევის გამო “ხარისხის არხის” თვითრეგულირების მექანიზმს მიმართა

2018 წლის 6 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა ტელეკომპანია „ხარისხის არხის“ თვითრეგულირების მექანიზმს საჩივრით ამა წლის 27 აგვისტოს გასული გადაცემის გამო.

საჩივარში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აღნიშნულ გადაცემაში გადაცემის წამყვანმა დავით გიორგობიანმა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი პრინციპები. კერძოდ მან წაახალისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, შელახა მათი ღირსება და მორალური ზიანი მიაყენა მათ.

აღნიშნულ გადაცემაში წამყვანი აბორტის შესახებ საუბრობს, საკითხის განხილვისას კი იმოწმებს და არგუმენტად მოჰყავს ამონარიდები გარკვეული ლიტერატურიდან, რომლებიც, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პოზიციით, შეიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზიანის შემცველ მოსაზრებებს და ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. იმის გათვალისწინებით, რომ წამყვანის მიერ გავრცელებული ციტატა შეიცავს სიძულვილის ენას, PHR-ი თავს იკავებს ჩანაწერისა და ციტატის გავრცელებისაგან.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობს საზოგადოებაში დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებას და კვლავწარმოებას. ბავშვების “ჯანმრთელებად” და “ავადმყოფებად” დაყოფამ, შესაძლოა, გააძლიეროს საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომები ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. მაუწყებლის მხრიდან დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის ტირაჟირება ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია იმ ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელსაც აღნიშნული ტერმინოლოგია მიემართება.

წამყვანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოების განვითარებისთვის უმჯობესია, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს არ უმკურნალონ და „ანგელოზებად წარსდგნენ ღვთის წინაშე“. აღნიშნული ინფორმაცია მნიშნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებას, რადგან მშობლებისთვის და საზოგადოებისთვის მათი წარმოჩენა არასასურველ ადამიანებად, შესაძლოა, ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ბავშვების საზოგადოებაში სოციალიზაციისას და ტრავმა მიაყენოს მათ ფსიქიკას.

ამ და სხვა დარღევების გამო, ორგანიზაცია თვითრეგულირების მექანიზმისგან კანონით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელებას მოითხოვს.