PHR-ის მიმართვის საფუძველზე გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ქართულ თარგმანში ცვლილება განხორციელდება

PHR-ის მიმართვის საფუძველზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ქართულ თარგმანში გამოყენებული ტერმინი “უფლებაუნარიანობა”- “ქმედუნარიანობით” შეიცვლება.

PHR-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონვენციის ტექსტში ზემოხსენებული ცვლილების ასახვასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ, განიხილა აღნიშნული ცვლილების საკითხი და მიზანშეწონილად ცნო შესწორების განხორციელება კონვენციის მე-12 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, სადაც გამოყენებულია ტერმინი “უფლებაუნარიანობა”.

გაეროს შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ოფიციალური ვერსიის მე-12 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით აღიარებულია შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა უფლება ქმედუნარიანობაზე, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს კი ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ იმ ზომების მიღება, რომელთა საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექნებათ პრაქტიკული შესაძლებლობა ქმედუნარიანობის უფლების განხორციელებისთვის.

crpd-logo.pngმიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ოფიციალური ვერსიის ტექსტი აფუძნებს “სამართლებრივი ქმედუნარიანობის” (“legal capacity”)  ცნებას, კონვენციის ქართულ თარგმანში “ქმედუნარიანობის” მაგივრად დღესაც გამოიყენება “უფლებაუნარიანობის” ტერმინი.“უფლებაუნარიანობა” მოიაზრებს ნებსმიერი ადამიანის უნარს, შეიძინოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. “ქმედუნარიანობა” კი გულისხმობს პირის შესაძლებლობას, თავისი ნებითა და მოქმედებით არამარტო სრული მოცულობით შეიძინოს, არამედ განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.  ამდენად, იმ ძირეული განსხვავებების გამო, რაც არსებობს “უფლებაუნარიანობისა” და “ქმედუნარიანობის” სამართლებრივ ცნებათა შორის უკიდურესად მნიშვნელოვანია, კონვენციის ქართული თარგმანი ზუსტად შეესატყვისებოდეს პირველწყაროს და იზიარებდეს მის შინაარსს.

ამჟამად, კონვენციის ტექსტში “უფლებაუნარიანობის” ტერმინის “ქმედუნარიანობით” ჩანაცვლების საკითხი გაგზავნილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პარლამენტში წარსადგენად. პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე განთავსებულ კონვენციის თარგმანში გამოყენებული ტერმინი “უფლებაუნარიანობა” – “ქმედუნარიანობით” შეიცვალოს.