მედია და პრობლემის მასშტაბები

მედია და პრობლემის მასშტაბები – აუთვისებელი სტატისტიკა

შეგხვდებოდათ სტატიები სათაურებით:

tako

ავტორი: თამარ კურატიშვილი

„ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა“

„ყოფილმა პარტნიორმა გოგონა მოკლა“

„ქმარმა ჯაჭვით დამაბა და მოკვლით მემუქრებოდა“

„17 წლის გოგონაზე პედოფილი მამინაცვალი ოთხი წლის ასაკიდან ძალადობდა“

„მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს“

„ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ“

„11 წლის ფეხმძიმეს მოძალადეზე დაქორწინება აიძულეს“

და კიდევ უამრავი მსგავსი შინაარსის სათაურით ქვეყნდება სტატიები, რომლებიც გოგონებსა და ქალზე ძალადობის ფაქტებზე გვიყვება. მკითხველები ვხვდებით, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა, მაგრამ რამდენად მასშტაბურია პრობლემა და რამდენად ეფექტურად რეაგირებს სახელმწიფო, ამის ანალიზს ჟურნალისტები იშვიათად გვთავაზობენ. ცალკე საკითხია ჟურნალისტების ინტერესი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საკითხი იკვლიონ, ცალკე კი – სახელმწიფოს რამდენად შეუძლია მათთვის გამოთხოვილ ინფორმაციაზე სრულყოფილი სტატისტიკის მიწოდება.

მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ცალკეული შემთხვევაა, მაგრამ ბოლო ერთი წლის ან ხუთი წლის მანძილზე რამდენი ქალი გარდაიცვა აღნიშნული მიზეზით? რამდენ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და რამდენ შემთხვევაში დადგინდა ექიმის ბრალეულობა? ან რამდენ მათგანს შეუწყდა ექიმის სახელმწიფო ლიცენზია? – ამ მონაცემების არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნებოდა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის საკითხი პრობლემად განეხილა და მიღებული შედეგი განეზოგადებინა; ეჭვქვეშ დაეყენებინა ექიმის სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის საკითხი; საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ სამედიცინო შეცდომების დაშვების შემდეგ ექიმებს ლიცენზია უწყდებათ, ან პირიქით, ისინი შეცდომების მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას.  

თუნდაც, ქალთა მკვლელობების შემთხვევაში, ჟურნალისტები იწყებენ იმის ძიებას, თუ რა გახდა ქალის მკვლელობის მიზეზი, რასაც არ შეიძლება ენიჭებოდეს საზოგადო მნიშვნელობა. მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არსებობს და არა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად. ქალთა ფემიციდის, როგორც პრობლემის განხილვისას, ციფრებს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია პრობლემის საჩვენებლად, ვიდრე მეზობლის შეფასებას, თუ როგორი თვისებებით გამოირჩეოდა მსხვერპლი ან მოძალადე.

თუ ჟურნალისტი იკითხავს, – როგორია ყოველწლიურად ქალთა მკვლელობების სტატისტიკა? მცირდება თუ იზრდება? დასახმარებლად რამდენ მოკლულ ქალს  მიუმართავს მკვლელობამდე სამართალდამცავებისთვის? რამდენ შემთხვევაში გამოიცა დამცავი ან შემაკავებელი ორდერი? – აღნიშნული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჟურნალისტს შეუძლია პრობლემის ჩვენება – ქალებს იმიტომ ხოცავენ, რომ ისინი დროულად არ მიმართავენ სახელმწიფოს, თუ სახელმწიფო ვერ იცავს ქალებს?

როგორ იქცევა ჟურნალისტი მაშინ, როცა კონკრეტული შემთხვევა მოხდა დღეს და მასალის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი საათი აქვს? სტატისტიკა, რომელიც მას სჭირდება, სახელმწიფო ვებ-გვერდებზე არაა განთავსებული და ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში პასუხი 10 სამუშაო დღემდე შეიძლება გაიწელოს? ან, სახელმწიფო საერთოდ არ აწარმოებს ჟურნალისტისთვის საჭირო სტატისტიკას?

პრობლემა იმ დღეს არ იბადება, როცა ამბავი ხდება, ამიტომ ჟურნალისტებს შეუძლიათ ინფორმაციის წინასწარ გამოთხოვა. და თუკი სახელმწიფო ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან სტატისტიკას არ აწარმოებს და მათ საზოგადოების ინფორმირებულობაში ხელი ეშლებათ, ჟურნალისტებისთვის ესაც ახალი ამბავია, პრობლემური ამბავი.