განცხადება ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ეხმიანება, ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის პერსონალის და თავად ეპისკოპოს სპირიდონის (ხელმძღვანელი)  მიერ, ბავშვთა უფლების უხეშ დარღვევას, კონფიდენციალური კომუნიკაცია იქონიოს სახალხო დამცველთან, რაც ამავდროულად სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლას წარმოადგენს. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის მოითხოვს:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო) შესაბამისი სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ მოხდეს ფაქტის შესწავლა და, დაწესებულების მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
  2. ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში რელიგიური ლიდერების ბავშვთა უფლებების დამრღვევი და უკანონო მოქმედებების აღკვეთა და მოახდინოს დაწესებულებაში კანონმდებლობის დარღვევით მოხვედრილი ბავშვების შემაშფოთებელი მდგომარეობის დაუყოვნებელი გამოსწორება.

2018 წლის 13 სექტემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ. რა დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონის თანამშრომლებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, რომ გასაუბრება სასულიერო პირების თანდასწრებით მომხდარიყო.

ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი არის სახელმწიფოს მიერ, 2014 წელს ოფიციალურად ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს და კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით. დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა, მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთა მდგომარეობაზე ზედამხედველობა, კონკრეტული პროგრამული მხარდაჭერა და ბავშვების დაწესებულებიდან გადინების პროცესი მკაცრად რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. აღნიშნული პირობების განუხრელი დაცვა ასევე დაწესებულების ლიცენზირების არსებითი მოთხოვნაა.

ბავშვის უფლებათა კონვენცია

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, აგრეთვე კომპეტენტურ ზედამხედველობას.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში მოთავსებული მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვები იმყოფებიან ძალადობის, დასჯის და არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ. ამ რისკების შესამცირებლად კი სავალდებულოა სახელწიფოში არსებობდეს ბავშვების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი, რომელსაც ექნება სრულყოფილი წვდომა ყველა დაწესებულებაზე.

ამავე კონვენციის მე-16 მუხლი ბავშვებს აძლევს უფლებას მიიღონ კონფიდენციალური სამართლებრივი რჩევა, რაც არ საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლების თანხმობას და არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვის ქვედა ზღვარი.

ეროვნული კანონმდებლობა

საქართველოს მთავრობის, 2014 წლის, 15 იანვრის, #66 დადგენილება, (,,ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი“), დეტალურად არეგულირებს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებსა და შესაბამისად ადგენს სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების პირობებს, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყველა ტიპის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ბავშვთათვის სადღეღამისო მომსახურებას.

დადგენილების თანახმად (სტანდარტი 3 – კონფიდენციალობის უზრუნველყოფა), მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:  ბ) დაიცვას ბავშვთა კორესპონდენციების, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალურობა; გ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბავშვების საუბრის კონფიდენციალურობას.

დაწესებულების მონიტორინგი

საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, დაუბრკოლებლივ შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს ყველა ტიპის დახურულ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე ბავშვთა სახლებში. პირადად და კონფიდენციალურად შეხვდეს ბავშვებს და მოისმინოს მათი საჩივრები/მოსაზრებები. სახალხო დამცველის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ხელშეშლა აკრძალულია და ისჯება კანონით.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმიდის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითაა შექმნილი, იგი ექცევა საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო რეგულირების ქვეშ, რომლის თანახმადაც ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა ბავშვმა, კომუნიკაცია იქონიოს მესამე პირებთან, მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. როგორც სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებს[1][2], სასულიერო პირების მხრიდან წლებია ხდება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით ბავშვთა დაწესებულებების  მართვა, წესების თვითნებური შემოღება და ბავშვთა იძულება დაემორჩილონ ბავშვთა უფლებებთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამო  წესებს. აღნიშნული მოიცავს ბავშვების გამოხატვის თავისუფლების და მესამე პირებთან კონფიდენციალური შეხვედრების უფლების უკანონო შეზღუდვას. დაწესებულებაში ოფიციალური მონიტორინგის მიზნით შესული ორგანოების საქმიანობაში უკანონო ჩარევას  და სხვა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები, არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა თავისუფალი განვითარების და ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის სტანდარტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. კოალიცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე.


[1] http://www.osgf.ge/files/2016/EU%20publication/Angarishi_A4_Children_GEO_Cor.pdf

[2] https://www.driadvocacy.org/wp-content/uploads/Left-Behind-final-report.pdf