PHR-ი აგრძელებს საჯარო ადგილებში გენდერული თანასწორობის დაცვის მოთხოვნას

ორგანიზაციამ  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2017 წელს სახალხო დამცველს სწრაფი კვების ობიექტ „ვენდისის“ საპირფარეშოებზე განთავსებული ნიშნებისა და ინფრასტრუქტურის გამო დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაციამ საჩივარში მიუთითა, რომ საპირფარეშოზე განთავსებული ნიშნები, ისევე როგორც შიგნით განთავსებული ინფრასტრუქტურა, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა სქესის წარმომადგენელ პირებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებიან და საპირფარეშოს მოხმარებას გადაწყვეტენ.

78245208879323დაწესებულებაში განთავსებული სამი საპირფარეშოდან, რომლებიც განკუთვნილია ქალებისთვის, კაცებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ბავშვის/არასრულწლოვნის ნიშანი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოს აქვს. ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებდა, რომ საპირფარეშოს ნიშნები შეიცავენ დისკრიმინაციულ გზავნილებს, რადგან ნიშნებზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვებს მხოლოდ ქალთა საპირფარეშოთი, შესაბამისად, დედასთან ერთად შეუძლიათ სარგებლობა. ორგანიზაციის პოზიციით, განთავსებული ნიშნები ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს იმის შესახებ, რომ ბავშვების მოვლა სწორედ ქალების, და არა კაცების, საქმეა. ამასთან, მამას, როგორც მშობელს ეზღუდება კანონით უზრუნველყოფილი მშობლის უფლების განხორციელება, ხოლო ბავშვს ხელი ეშლება, ორივე მშობლისგან მიიღოს თანაბარი ზრუნვა და მონაწილეობა აღზრდის პროცესში.

სახალხო დამცველმა შეისწავლა PHR-ის განცხადება და აღნიშნულ კომპანიას მიმართა, რის შედეგადაც 2018 წლის მარტიდან სწრაფი კვების ყველა ობიექტის საპირფარეშოზე განთავსდა ნიშნები – მამაკაცები/ბავშვები, ქალები/ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები/ბავშვები. სახალხო დამცველმა ორგანიზაციას აცნობა, რომ აღნიშნული ნიშნების განთავსებით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტი აღმოიფხვრა.

თუმცა, განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, ორგანიზაციამ კვლავ მიმართა სახალხო დამცველს და განცხადებაში მიუთითა, რომ გარდა საპირფარეშო ნიშნებისა, პრობლემას წარმოადგენს მამაკაცების ტუალეტის ინფრასტრუქტურაც, რადგან თუკი მამაკაცი დისკრიმინაციული ნიშნების გვერდის ავლით, მაინც გადაწყვეტს ბავშვის მამაკაცებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოში შეყვანას, არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესები მაინც ვერ იქნება დაცული. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მამაკაცების  საპირფარეშო არაა იზოლირებული და ინფრასტრუქტურის მოწყობისას არაა გათვალისწინებული პირადი ცხოვრების/სივრცის მინიმალური სტანდარტი, რაც ბავშვს თავიდან აარიდებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას გარშემო მყოფი სხვა პირების ყურებას.

სახალხო დამცველის აპარატმა „ვენდისის“ ობიექტებში განახორციელა მონიტორინგი და ორგანიზაციას აცნობა, რომ მამაკაცების საპირფარეშოს ერთ კედელზე განთავსებულია პისუარები, ხოლო მეორე მხარეს – დახურული კაბინა, რითაც შეუძლია ისარგებლოს ბავშვმა. შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ საპირფარეშოებზე შესაბამისი ნიშნების განთავსებით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი აღმოიფხვრა და PHR-ის განცხადების საფუძველზე საქმისწარმოება შეწყვიტა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კვლავ აგრძელებს საჯარო ადგილებში გენდერული თანასწორობის დაცვის მოთხოვნას.