სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმე სასამართლოში

2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დასაქმების ადგილზე ქალის სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების სარჩელი. მოსარჩელის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს.

პირველად საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში, სექსუალურ შევიწროების საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეს არა მხოლოდ სავარაუდო შემვიწროებელი, არამედ მასთან ერთად, თავად ის დაწესებულება წარმოადგენს, სადაც მსხვერპლი მუშაობდა.

არსებული რეალობის მიხედვით დამსაქმებელი კომპანიები თავს არიდებენ სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის ეფექტური პოლიტიკის დანერგვას, შიდა რეგულირების შემუშავებას, რომელსაც დასაქმებულთა დაცვის მიზნით გამოიყენებდა. დამსაქმებელი ერთგვარად უგულებელყოფს სამუშაო ადგილას თანამშრომლების სექსუალური შევიწროებისგან დაცვას.

იმ პირობებში, როცა სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის  სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტური მექანიზმი და  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, სასამართლო წარმოადგენს ადგილს, სადაც სექსუალური შევიწროებისგან მსხვერპლთა დასაცავად სწორედ მსოფლიოში აღიარებული  სტანდარტები უნდა დადგინდეს. მსხვერპლის დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელი ამგვარ მიზანს ემსახურება.  

სარჩელის წარმოებაში მიღება ამკვიდრებს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილას განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სავარაუდო შემვიწროებელს, არამედ დაწესებულებასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო და ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის. 

large