მარტყოფის პანსიონატში არსებული პრობლემების შესახებ PHR-მა სახელმწიფო უწყებებს მიმართა

2018 წლის 31 ივლისს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები პირებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისა და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში PHR-ის წარმომადგენლებმა მათ დისკრიმინაციის არსისა და  ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

  • სოციალური გასაცემლით სარგებლობა

Untitledპანსიონატის მაცხოვრებლებთან საუბრისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა. ერთ-ერთმა მხარდაჭერის მიმღებმა პირმა აღნიშნა, რომ ეზღუდება კუთვნილი დაგროვილი პენსიის გამოყენების უფლება, რასთან დაკავშირებითაც PHR-მა ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ მიმართა.

  • რეკრეაციის უფლება

ორგანიზაციამ ფონდისგან პანსიონატის მაცხოვრებლების მიერ გამოკვეთილი კიდევ ერთი პრობლემის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრები ადამიანებისთვის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასვენებას სამთო და საზღვაო კურორტზე. როგორც პანსიონატის მაცხოვრებლებმა იურისტებთან საუბრისას აღნიშნეს, საზღვაო კურორტზე დასვენების მსურველ ეტლით მოსარგებლე პირებს უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ სასტუმროები არ იყო ადაპტირებული. უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში“. კონვენციის მიხედვით, აღნიშნული ბარიერების აღმოფხვრა მოიცავს შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;

შესაბამისად, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პოზიციით, ეტლით მოსარგებლე პირები პანსიონატში მცხოვრებ სხვა პირებთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მათ არაადაპტირებული გარემოს გამო, სხვების მსგავსად არ ეძლევათ საზღვაო კურორტზე დასვენების შესაძლებლობა.

  • დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება

პანსიონატში მცხოვრები რამდენიმე პირისთვის, რომლებსაც ჰყავთ შვილები და აქვთ მათთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. PHR-ის იურისტები რამდენიმე წელია ცდილობენ აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად მათ სამართლებრივად დახმარებას, თუმცა, მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, საჭიროა სახელმწიფომ პრაქტიკულად განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების  კონვენციითგათვალისწინებული ვალდებულები, აღიაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარი უფლება, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და მიიღოს ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში.