რაში გვჭირდება გენდერული სტატისტიკა?!

ავტორი: თათია მიქელაძე

სამართლიანობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გლობალურად ფიქრისას ხვდები, რომ მხოლოდ თანმიმდევრული და დეტალური ნაბიჯებით შეძლებ იმ აღმოჩენების გაკეთებას, რომელიც შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. დღეს არაპოპულარული საკითხები ხვალ მნიშვნელოვანი ხდება და წარსულში არსებული პრობლემების აღმოფხვრას უწყობს ხელს. ჩემთვის ბოლო პერიოდის ასეთი აღმოჩენა გენდერული სტატისტიკის მნიშვნელობაა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საქმეებში. სწორედ გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში  გენდერული სტატისტიკის მნიშვნელობასა და მასთან მიმართებით სახელმწიფოს როლზე ვისაუბრებ.

თანასწორობის, როგორც პოლიტიკური აქტის განმარტება/აღიარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თანასწორობა, როგორც პოლიტიკური აქტი გულისხმობს ყველა სახელმწიფო ელემენტის/ინსტიტუტის და სახელმწიფოებრიობის, როგორც იდეის თანასწორობის ნორმა-პრინციპის შესაბამისად აგებასა და გატარებას.

თანასწორობის ისტორიული ნარატივის ცვლილება ეპოქალური გამოწვევების პროპორციულია, მაგრამ ის ისტორიული საფუძვლები დღევანდლამდე მოსული თანასწორობის იდეის გაპოლიტიკურების წინაპირობებია.

თანასწორობის ფემინისტური კონცეფცია სუფრაჟისტთა მოძრაობით იწყება და ვითარდება გენდერული თანასწორობის, როგორც მეინსტრიმ აგენტობის მქონე პრინციპამდე და სახელმწიფოს სამოქმედო გეგმად ჩამოყალიბებამდე.

გენდერული თანასწორობა მრავალპროფილიანი კონცეფციაა და მისი ყველა განშტოების განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მისაღწევად. მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა, რათა მოხდეს  ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გენდერული მეინსტრიმინგის იდეაზე აწყობა.

გენდერული სტატისტიკა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გენდერული სტატისტიკის წარმოება ახალი გამოწვევაა სახელმწიფოებისათვის. ეს ერთგვარი აღიარების ფორმაა მათგან, რომ გენდერი განმსაზღვრელი ნიშანია რიგი დანაშაულებებისა თუ დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევაში, კერძოდ, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას საჭიროა, გენდერულად სენსიტიური მიდგომების გამოყენება და კვალიფიცირებისას, ქალისა და ოჯახში მისი როლის სტერეოტიპული დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება. სწორედ ასეთი მიდგომების ჩამოყალიბების და მათი საჭიროების ანალიზის საშუალებას იძლევა გენდერული სტატისტიკა. გენდერული სტატისტიკის წარმოების აუცილებლობის გასაგებად კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაინახოს ის ბმა/კავშირი, რომელიც სტატისტიკის არსებობას და გენდერული თანასწორობის მიღწევას შორის არსებობს.

სტატისტიკური მონაცემი, რომელიც  გენდერული ანალიზის შედეგად არის შეგროვებული ერთის მხრივ სახელმწიფოს აჩვენებს მის სტრუქტურებში არსებულ ხარვეზებს და საშუალებას აძლევს განვითარებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელს ხდის მოქალაქეებმა გააკონტროლონ სახელმწიფოს საქმიანობა, რადგანაც ეს მონაცემები რეალურად, გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ამ მიმართულებით ესა თუ ის სახელწმიფო ორგანო. [1]

ძალადობის შემთხვევბზე მორგებული ზუსტი სტატისტიკური მონაცემების წარმოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, არამედ მსხვერპლთა და მოწმეთა წასახალისებლად, რათა მათ მიმართონ შესაბამის უწყებებს ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში.[2]

სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატვა გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს ბიუჯეტის გენდერული ასპეტების და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად შედგენა/დამუშავებაში (gender budgeting). რადგანაც სახელმწიფომ პოლიტიკურის გარდა, ფინანსური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ამ მიმართულებით.[3] გენდერული ბიუჯეტის საჭიროებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოების ერთ-ერთი არგუმენტი ხშირ შემთხვევაში გენდერული სტატისტიკის წარმოებაზე უარის თქმისას შესაბამისი რესურსების უქონლობაა. ამასთან, სრულყოფილი და შინაარსობრივი გენდერული სტატისტიკის წარმოება ნამდვილად საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს, მაგრამ მის დამუშავებაზე უარის თქმა მხოლოდ ამ მიზეზით დაუშვებელია.

გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია გაკეთდეს ყველა შესაბამისი სტრუქტურის/ინსტიტუციის პოლიტიკის  გენდერული ანალიზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ გენდერული ინდიკატორები, ეს გულისხმობს იმ საზომი ერთეულების დამუშავებას, რომელთა სტატისტიკურ მონაცემების შეგროვება და  ციფრებში გამოსახვა მოხდება.

ეროვნულ დონეზე, გენდერული ინდიკატორები საჭიროა მათთვის, ვინც შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც გენდერული უთანასწორობის შეფასების საშუალებას. გარდა ამისა, გენდერული ინდიკატორები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკის შემუშავება აღნიშნული უთანასწორობის შესამცირებლად და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. გენდერული ინდიკატორების საშუალებით უნდა შეიცვალოს/აღმოიფხვრას ფესვგადგმული სტერეოტიპები, მაგალითად, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), რომელიც არ აფასებს ქალთა აუნაზღაურებელი შრომის კონტრიბუციას და არ შეყავს იგი ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში.[4]

გენდერული ინდიკატორების სწორედ შერჩევა არის ყველაზე ფუნდამენტური ეტაპი გენდერული სტატისტიკის წარმოებისას, რადგანაც ეს ინდიკატორები გიჩვენებს და ზომავს ყველა შესაბამისი უწყების მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გატარებული ღონისძიებების ხარისხს. მაგრამ გენდერული სტატისტიკა მხოლოდ ციფრებში გამოსახული ცხრილი არ არის, ის საშუალებას იძლევა გააანალიზო და შეაფასო არსებული უთანასწორო მდგომარეობა და მის მიზეზებზე და გავლენებზე დაფიქრდე.

გენდერული სტატისტიკა ყველაზე სანდო წყაროა მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მისაღებად.[5] სტატისტიკური მონაცემი არის ის მტკიცებულება, ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შემქმნელებმა დაინახონ და აღიარონ ქალსა და კაცს შორის არსებული განსხვავების რეალური სურათი და მისი გავლენები ყველა სფეროზე და უბიძგებს მათ, მიიღონ სათანადო, გენდერულად სენსიტიური გადაწყვეტილებები და ასევე გახადონ კანონმდებლობა მეტად გენდერულად სენსიტიური. მაგალითისთვის, შვედეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1975 წლიდან გროვდება და მუშავდება ქალთა ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ  სტატისტიკური მონაცემები და ეს ინფორმაცია არის ქვაკუთხედი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ამის შედეგად კი შვედეთში არის გენდერული მეინსტრიმინგის იდეაზე აწყობილი ძლერი/მკაცრი კანონმდებლობა და პოლიტიკური ხედვა/ჩარჩო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.[6]

გენდერული სტატისტიკის წარმოების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა მონაცემთა შეგროვებისას არსებული გარღვევების (data gaps) იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს არასაკმარისი ოდენობის ბიუჯეტით, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობით, გენდერული მეინსტრიმინგის დოზის სიმცირით და გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით არსებული კონცეფციებისა და მეთოდების საჭიროებასთან შეუსაბამობით.

რეგულარული გენდერული სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვანი მასალაა გენდერის მკვლევარებისთვისა, რათა მოხდეს დროში ცვალებადი გენდერული უთანასწორობის მიზეზების, შედეგების  და გავლენების შესწავლა და შეფასება. ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები, არის ის ძალა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სწორი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წარმოებისთვის.

გენდერული სტატისტიკა მნიშვნელოვანი ელემენტია გენდერული გავლენების შეფასების (gender impact assessment) კონცეფციისა, რომელიც შეისწავლის/აფასებს ნებისმიერი პოლიტიკური თუ აქტივისტური ქმედებების განსხვავებულ შედეგებს/გავლენებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. ეს არის კონცეფცია, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფო უნდა გეგმავდეს გენდერულ თანასწორობის პოლიტიკას, ბიუჯეტს და ახორციელებდეს შესაბამის მონიტორინგს.

გენდერული თანასწორობის მისაღწევად ბრძოლებში პოლიტიკური ნების არსებობა არის გადამწყვეტი ნიშნული და ვფიქრობ, გენდერული სტატისტიკის წარმოების შედეგების ანალიზს შეუძლია შექმნის ის სივრცე, რომელსაც ცნობიერების შეცვლის შესაძლებლობა ექნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არსებული უთანასწორობის მსხვერპლნი არიან.


ბლოგი მომზადდა PHR-ის პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში


[1] Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence. Council of Europe Treaty Series – No. 210. https://rm.coe.int/16800d383a

[2] Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence. Council of Europe Treaty Series – No. 210. https://rm.coe.int/16800d383a

[3] Administrative data collection on violence against women – good practices. European Institute for Gender Equality.2016

[4] სახელმძღვანელო გენდერული სტატისტიკის გამოყენების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2011 წელი. http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/health/genderuli%20statistikis%20gamoyeneba.pdf

[5] Gender indicators in evidence-based policymaking. Global forum on gender statistics. 26-28 January 2009.

[6] Administrative data collection on violence against women – good practices. Crime and criminal justice statistics on violence against women. European Institute for Gender Equality.2016.