PHR-ის იურისტებმა ლაგოდეხში ქმედუნარიანობის რეფორმების გამოწვევების შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს

პირველ აგვისტოს, PHR-ის იურისტებმა – სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, მხარდამჭერებთან და სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქმედუნარიანობის რეფორმის გამოწვევების შესახებ. კერძოდ, რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება მხარდამჭერის რეფორმა საქართველოში, როგორ ხდება მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მინიჭება, როგორ წარიმართება მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღები პირის ურთიერთობა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან, სასამართლოსთან, ფინანსურ დაწესებულებებთან, სანოტარო ბიუროსთან სანოტარო მომსახურების მიღებისას და ა.შ.

38292782_1817822521612793_2100977029154340864_nმოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომელთაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები ყოველდღიურად აწყდებიან. მხარდამჭერთა განმარტებით, ის გარემოება, რომ სასამართლოსთვის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ განცხადების, ან მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენა მათ არ შეუძლიათ საკუთარ რეგიონში და  ამისთვის იძულებულნი არიან სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ჩავიდნენ, მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. მხარდამჭერებმა, აგრეთვე, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მშობლებმა, რომელთაც აქვთ სურვილი, მიიღონ ოფიციალური მხარდამჭერის სტატუსი, განმარტეს ისიც, რომ მათთვის საკმაოდ პრობლემურია ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზისთვის, ასევე, მხარდამჭერად დანიშვნისთვის აუცილებელი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის საკუთარი რეგიონის დატოვება და სხვა რეგიონებში ჩასვლა.

IMG_3020.JPGაღინიშნა ისიც, რომ ნარკოლოგიური შემოწმება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისთვისაც კი ფასიანია, რაც ქმნის დამატებით პრობლემას მხარდამჭერის სტატუსის მიღების პროცესში. ორგანიზაციის იურისტების მხრიდან გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ მხარდამჭერად დანიშვნის მსურველი პირის შესაბამისი განცხადების სასამართლოში შესვლის შემთხვევაში, სასამართლო პროცესი შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივად, მხარდაჭერის მიმღები პირისა და მხარდამჭერის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. ხოლო, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის, შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპერტები შესაძლებელია ადგილზე ეწვიონ მხარდაჭერის მიმღებისა და მხარდამჭერის სტატუსის მიღების მოსურნე პირებს.

როგორც მხარდამჭერებმა და სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, მხარდამჭერად დანიშვნისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვება, მძიმე სოციალური ფონის პირობებში, ვრცელი ბიუროკრატიული სისტემის გავლასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული ართულებს მათი მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვას მხარდამჭერად დანიშვნასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მათ მუნიციპალიტეტში უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების არსებობის აუცილებლობას. იურისტებმა შეხვედრის მონაწილე შშმ პირთა მშობლებს შესთავაზეს PHR-ის იურიდიული რესურსების გამოყენება და კონსულტაციების საშუალებით შესაბამისი სამართლებრივი დახმარება მხარდამჭერად დანიშვნის პროცედურების გავლასთან დაკავშირებით.