PHR-ის იურისტები დუშეთის პანსიონატის მაცხოვრებლებს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის შესახებ ესაუბრნენ

2018 წლის 24 ივლისს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში იმყოფებოდნენ. იურისტებმა ინსტიტუციაში მცხოვრებ ადამიანებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, დისკრიმინაციის არსისა და  ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, PHR-ის იურისტებმა დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს გააცნეს თანასწორობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციები და აუხსნეს თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქმედუნარიანობის რეფორმასა და დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. 

დუშეთიშეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ დაწესებულების ადმინისტრაციას და განიხილეს ინსტიტუციაში კაცი მომვლელების დასაქმების საკითხი. ორგანიზაციის იურისტები რეგულარულად ახორციელებენ ვიზიტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში და ისმენენ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა პრობლემებს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ადამიანებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა მამაკაცი მომვლელების პანსიონატში დასაქმების საჭიროება.

მაცხოვრებელთა განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცებისთვის გარკვეულ უხერხულობასთან/უსიამოვნებასთან იყო დაკავშირებული ქალი მომვლელების მხრიდან დახმარების მიღება, ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით. PHR-ის პოზიციით, არსებული პრობლემა წარმოადგენს დისკრიმინაციულ პრაქტიკას, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ სახალხო დამცველს თანასწორობის უფლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართა[1].


[1] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/01/15/phr-117/