PHR-ის მოთხოვნით სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებული დისკრიმინაციული ტერმინოლოგია გასწორდა

PHR-ის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, რათა საქართველოს მთავრობის N145 დადგენილებაში განეხორციელებინა ტერმინთა მოდიფიცირება. 2018 წლის 25 ივლისს  სახალხო დამცველმა ორგანიზაციას წერილობით აცნობა, რომ მოპასუხე მხარემ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და ტერმინები „ჯანმრთელი ბავშვი“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი“ ჩანაცვლდა ტერმინებით „ბავშვი“ და „განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი“, რითაც აღმოიფხვრა სავარაუდო დისკრიმინაციის შედეგები.

98სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემული იყო სტატისტიკური ინფორმაცია, სადაც მე-7 პუნქტში – „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ ასახული იყო რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნები და სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით. აღნიშნულ დოკუმენტში ბავშვთა შესახებ მონაცემები დაყოფილი იყო ორ კატეგორიად: „ჯანმრთელი ბავშვი“ და „შშმ ბავშვი“. მსგავსი დაყოფა ასევე მოცემული იყო სტატისტიკის სხვა პუნქტებში.

PHR-ი 2017 წლის 7 აგვისტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვაში აღნიშნავდა, რომ ბავშვების დაყოფა ჯანმრთელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად, ამყარებდა საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს, ქმნიდა ვარაუდს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არა მდგომარეობა, არამედ დაავადებაა, ხოლო შშმ პირები კი “დაავადებულები”. აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობდა დისკრიმინაციას, საზოგადოებაში დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებას და კვლავწარმოებას.

ორგანიზაციის პოზიციით, საზოგადოების “ჯანმრთელებად” და “არაჯანმრთელებად” დაყოფამ, შესაძლოა, გააძლიეროს საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მით უფრო მაშინ, როდესაც ამგვარი ინფორმაცია გამოქვეყნებულია იმ სახელმწიფო უწყების, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც უშუალოდაა ვალდებული, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ ინტეგრაციას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.