სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება

3 ივლისს PHR-ის წარმომადგენლები „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ იმყოფებოდნენ. განსხვავებით წინა ვიზიტისგან, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ მაცხოვრებლებთან შეხვედრისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაცნობის შესაძლებლობა, უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად, დაწესებულების ადმინისტრაციამ ორგანიზაციის იურისტებს შესაძლებლობა მისცა, დაეთვალიერებინათ დაწესებულება და შეხვედროდნენ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს.

მიუხედავად მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისა, იურისტებს მხოლოდ ხანმოკლე დროით მიეცათ მათთან გასაუბრების საშუალება.

tmpორგანიზაციის წარმომადგენლების დაკვირვებით, გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულების პერსონალის დამოკიდებულება მაცხოვრებლებისადმი. პერსონალი ყურადღებას ამახვილებს მაცხოვრებლების დიაგნოზზე და არა მათ სოციალური ადაპტაციის ხარისხზე. დაწესებულების ფსიქიატრების მოსაზრებით, მაცხოვრებლებს, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე არ აქვთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ეხება ორგანიზაციის იურისტებთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასაც. ფსიქიატრების მიერ არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სწორედ მაცხოვრებლების დიაგნოზი გახდა დაწესებულებაში მათი მოხვედრის საფუძველი და მათ მიერ ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი და ადეკვატური. მიგვაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება უხეშად არღვევს დაწესებულებაში მცხოვრები პირების უფლებებს და ცალსახად ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების  სოციალურ მოდელს, რომლის დამკვიდრების პროცესში, სამედიცინო პერსონალის როლი და მათი დამოკიდებულება მაცხოვრებლების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მაცხოვრებლების უფლებადამცველებთან ეფექტური შეხვედრის უფლების რეალიზება, რათა მაქსიმალურად იყოს აცილებული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევები. 

PHR-ის იურისტები დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას სრულყოფილად ვერ გაეცნენ, ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლები კვლავ გეგმავენ დაწესებულებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული ცვლილებების გაცნობასა და შეფასებას.