PHR-ის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხსენებით გამოვიდა

9 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს. ც

NANA.jpgPHR-ის წარმომადგენელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიდგომა პრობლემის მოგვარების მიმართულებით არაეფექტურია და ვერ პასუხობს მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. შეუსრულებელი რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი ბაზის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან. ნანამ ასევე ისაუბრა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების დანერგვა:

„პრობლემურია გეგმის მიღმა დარჩენილი ისეთი უფლებრივი მიმართულებები, როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს ვალდებულებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკისა და ინფორმაციის დამუშავება, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების, წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლება, პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, გადაადგილების თავისუფლება, აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციაზე მისაწვდომობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემა, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვის გაუმჯობესებისათვის შესაბამის ღონისძიებების გატარების ვალდებულებები”, - აღნიშნა ნანა გოჩიაშვილმა.

ნანამ ყურადღება გაამახვილა ზრდასრულთათვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის არ არსებობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ის პროგრამები, რაც ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციისთვის არსებობს, არასაკმარისია და არ ითვალისწინებს მომსახურებების ხარისხსა და საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სერვისების შექმნას.

სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების თავის შეფასებისას, PHR-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გეგმით გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, არ შესრულებულა. მაგალითად, არ მომხდარა სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ დოკუმენტის მიღება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება, აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო სისტემის განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდების შესწავლა მათი შემდგომი დანერგვის მიზნით.

შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თემატურ ჯგუფებში წარმოადგინეს ანგარიშები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა გაძლიერებაზე.