ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

5 ივლისს, PHR-ის იურისტმა ქეთი კოპალიანმა ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

36688540_1998162500203151_1613067606162407424_nშეხვედრის თემა შეეხებოდა მხარდამჭერის რეფორმას. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა, თუ როგორაა კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების სამართლებრივი სტატუსი. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ქმედუნარიანობის საყოველთაო უფლებაზე, რომლის აღიარებაც ხდება, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით და მეორე მხრივ, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ქმედუნარიანობის უფლების პრაქტიკული რეალიზაციის პროცესში წარმოიშობა მთელი რიგი დაბრკოლებები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საბანკო-საფინანსო სფეროში მოქმედება. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კვლავაც სირთულეს წარმოადგენს იმის გააზრება, რომ მხარდამჭერი, განსხვავებით მეურვეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვის ინსტიტუტისგან, არ წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების ჩამნაცვლებელს და ის მხოლოდ ეხმარება მხარდაჭერის მიმღებს დამოუკიდებლად მოქმედებაში.

36720967_1998160653536669_2408329029204574208_n.jpgმოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომლის განმავლობაშიც სოციალური სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. შეხვედრის დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა წუხილი იმასთან დაკავშირებითაც, რომ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებათა ნაწილისთვის მხარდამჭერის რეფორმის არსი ბოლომდე გასაგები ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად, ისმის კითხვის ნიშნები იმ სერვისების ადეკვატურობასთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდებაც ხდება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მხრიდან დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება სასამართლოს მიერ მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრა; ორგანიზაციის იურისტმა მათ განუმარტა, რომ მხარდასაჭერი სფეროს განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, მხარდაჭერის მიმღების საჭიროებების შესაბამისად.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის წარმომადგენელს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც მიიღონ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა.

36641626_1998161583536576_6743097091351904256_n

36668759_1998162580203143_2466975175543881728_n

36668759_1998162580203143_2466975175543881728_n36674965_1998160390203362_590690442811539456_n