როგორ (ვერ) აჩუმებენ ბავშვებით ქალებს

36673589_10156464116711112_6297113146238697472_nროგორ (ვერ) აჩუმებენ ბავშვებით ქალებს

ანუ

ქალთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კოორდინირებული სერვისების აუცილებლობა

ჩვენს ოფისში ხშირად მოდიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, ითხოვენ შველას, იურიდიულ დახმარებას, ხანდახან – გადარჩენასაც. ისინი ემოციურები არიან, რადიკალური გადაწყვეტილებებითა და მოთხოვნებით და თითქოს, ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ერთად დავრეკოთ პოლიციაში, ის ჩვენებას მისცემს, მოძალადეს დააკავებენ, სასამართლო გაიმართება და… მაგრამ – არა, გამოცდილებამ გვასწავლა, რომ  ქალს ეს ემოციური ფონი მალე გადაუვლის. მეორე დილას, როდესაც ჩვენ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი გვექნება მზად, ის მორიდებით შემოვა და გვეტყვის, რომ გადაიფიქრა.

ასეთ დროს ჩვენ არ ვბრაზდებით,  თავიდანვე ვიცით, რომ შეცვლილი ქცევის ალბათობა მაღალია. არც ქალს ვადანაშაულებთ, ეს მისი უფლებაა. ის არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ვხვდებით, რომ ის კვლავ იძულებულია ასე მოიქცეს. გვიჩნდება კითხვები: რატომ იქცევა ასე? რატომ ამბობს უარს დახმარებაზე? რატომ რჩება მოძალადესთან? როგორ დავეხმაროთ?

რას ამბობენ კვლევები

ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი აქვთ პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებს[1]. სხვა ფაქტორებთან ერთად, მათი გადმოცემით, ძალადობაგამოვლილი ქალის ქცევის მოულოდნელ ცვლილებას  ბავშვების ფაქტორი იწვევს.

კვლევის თანახმად, წყვილების 40%-ს სადაც ოჯახში ძალადობა ხდება, ჰყავთ შვილები. ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე როგორც უშუალო, ისე ხანგრძლივი ეფექტის მქონეა. ბავშვები, შესაძლოა, უშუალოდ შეესწრონ მშობელზე განხორციელებულ ძალადობას ან, ნახონ მისი შემდგომი მოვლენები. შეიძლება ისინი გამოიყენონ როგორც – იარაღი.

ქალები, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელების დროს ფიქრობენ ბავშვებზე და სვამენ კითხვას, როგორ იმოქმედებს ეს მათ შვილებზე. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის არსებობა და კონფლიქტში ჩართულობა, პირველ რიგში, უბიძგებს ქალს ნებისმიერი ფორმით თავიდან აირიდოს ძალადობის განმეორება, თუნდაც ამის გამო დათმობაზე წასვლა მოუხდეს.

ქალების ქცევის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია ის ფაქტორი, თუ რამდენად შენარჩუნებული აქვს მას შვილზე ზრუნვის პროცესში, ყოველდღიური თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოძალადესთან. მსხვერპლები, რომლებიც აგრძელებენ მშობლის მოვალეობების გაყოფას მოძალადესთან, მერყეობენ პოლიციისადმი მიმართვის საკითხზე. მათ აქვთ იმედი, რომ ამ ფორმით მაინც შეინარჩუნონ ურთიერთობა და ამის გამო არ ატყობინებენ სამართალდამცავებს. როგორც წესი, ისინი მეტად არიან მოძალადეზე ფინანსურად დამოკიდებულები.

ისიც ცნობილია, რომ მოძალადეები ბავშვებს ხშირად იარაღად იყენებენ, იმისათვის რომ ჰქონდეთ წვდომა და კონტროლი მსხვერპლის ინფორმაციაზე. მაგალითად, ბავშვებს ავალებენ გაარკვიონ, სად იყო დედა კონკრეტულ დროს და რას აკეთებდა. ასევე, ემუქრებიან მსხვერპლს, რომ ბავშვს მოუყვებიან ამა თუ იმ არასასურველ ინფორმაციას; გარდა ამისა, ემუქრებიან, რომ ბავშვთა დაცვის სერვისს მიაწვდიან იმგვარ ინფორმაციას, რაც მათი რწმუნებით, დაადასტურებს, თითქოს მსხვერპლი ცუდი დედაა და ბავშვს ჩამოართმევენ. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ბავშვის ბიოლოგიური მამაა, შესაძლოა, გამოიყენოს მის ხელში არსებული სამართლებრივი მექანიზმი: დაემუქროს მსხვერპლს ბავშვის მეურვეობაზე საოჯახო დავის წამოწყებით სასამართლოში, ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებით, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის შეზღუდვით და ასე შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, ქალების გადაწყვეტილებას – მიმართონ პოლიციას, მნიშვნელოვნად განაპირობებს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ბავშვის შესწრება ძალადობის ფაქტზე[2]. ქალებს ეშინიათ, არ დაზიანდეს მათი შვილი, ბავშვმა არ ჩათვალოს რომ ძალადობა ნორმაა, ამიტომაც ასეთ დროს მეტად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.

თუ განვაზოგადებთ, გამოდის რომ უფრო მეტი ბავშვიანი ქალი მიმართავს სამართალდამცავებს, ვიდრე  ქალები ვისაც არ ჰყავთ შვილები. მაგრამ ამავე დროს გამოვლინდა, რომ სწორედ ბავშვების ფაქტორი აფერხებს მათ, განაგრძონ სამართალწარმოება[3].

მნიშვნელოვანია ამ საკითხებში სოციალური დაცვის სერვისების (სოციალური დაცვის სამსახური) როლის გაანალიზება. ერთ შემთხვევაში, თუ სოციალური დაცვის სამსახურისთვის შეტყობინება მოძალადის მხრიდან მსხვერპლზე ზემოქმედების საშუალებაა, მეორე შემთხვევაში, როდესაც სოციალური დაცვის სამსახური უკვე ჩართულია საქმეში, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქალების თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან. ამას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ქალი უფრო დაცულად გრძნობს თავს და ამიტომ ეძლევა ძალა, მიმართოს პოლიციას, უარეს შემთხვევაში კი – სოციალური სამსახურისთვის იმის დასამტკიცებლად რომ მოძალადეს ეწინააღმდეგება, მიმართავს სამართალდამცავებს.

არსებობს მოვლენების განვითარების კიდევ ერთი ნეგატიური  შესაძლებლობა: როდესაც სოციალური სამსახური მოძალადის შეტყობინებას ქალის მხრიდან ბავშვების მიმართ ძალადობაზე სათანადო მტკიცებულებების გარეშე ირწმუნებს. სოციალური სამსახური ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ იწყებს მშობლის უფლების შეზღუდვის პროცედურას და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს სიტუაციას უფრო უმძიმებს. კიდევ უფრო რთული შემთხვევა, რომელიც აშშ-ის რამდენიმე შტატის კანონმდებლობითაა დაშვებული: ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც დროულად ვერ შეატყობინა ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს, შესაძლოა, ამ დაგვიანების გამო, თავად დაექვემდებაროს სანქციას, ვინაიდან მან ვერ შეძლო მოძალადისგან ბავშვების დაცვა.

აღნიშნული პრობლემები მნიშვნელოვნად გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომ ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობისგან დაცვის სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში ჰარმონიზებული არ არის ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემებთან. ეს ორი პრობლემა ხშირად კანონმდებლებისა და მთავრობების მიერ ერთმანეთისგან განცალკევებულად განიხილება.

ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სისტემების კოორდინაცია

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა დაცვის სერვისებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელო წესები, რომელიც ბავშვთა დაცვის სამსახურებს (ჩვენ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო) ეხმარება და ავალდებულებს იყოს უფრო მგრძნობიარე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ორეგონის შტატის ამგვარი სახელმძღვანელოს ძირითადი პუნქტებია[4]:

მთავარი პრინციპები რითიც უნდა იხელმძღვანელონ ბავშვთა სერვისებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში

  • ბავშვები უნდა დარჩნენ ან განთავსდნენ უსაფრთხოდ, არამოძალადე მშობელთან;
  • ბავშვთა დაცვის სამსახურმა უპირატესად უნდა ითანამშრომლოს არამოძალადე მშობელთან;
  • ეს თანამშრომლობა უნდა დაეფუძნოს სრულფასოვან შეფასებას, რომელიც გამოავლენს არამოძალადე მშობლის ძლიერ მხარეებს. მის ძლიერ მხარეებსა და რესურსებს უნდა დაეყრდნოს მომავლის სამოქმედო გეგმაც;
  • მოძალადეებთან გარკვეული ქმედებების ჩატარება და ბავშვთა დაცვის სამსახურის კომუნიკაცია ამცირებს ბავშვების მიმართ არსებულ რისკს. მაგალითად, ბავშვთა დაცვის სამსახურმა უნდა აღწეროს მოძალადის ძალადობრივი ქცევა, ამ ქცევის უარყოფითი გავლენა ბავშვებზე და ა.შ.
  • არამოძალადე მშობელი არ უნდა გადავტვირთოთ არასაჭირო სერვისებით და მოთხოვნებით.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან და ქალთან კომუნიკაცია

ერთ-ერთი მთავარი წესი, ბავშვთა დაცვის სამსახურებისთვის ორეგონის შტატში არის ის, რომ ამ სამსახურის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ ოჯახში ძალადობით ბავშვისთვის მიყენებული ტრავმის ამოცნობა და დოკუმენტირება. მაგალითად, ბავშვის ისეთი რეაქცია, როგორიცაა ხანგრძლივი დროით კომუნიკაციაზე უარის თქმა, შიში და სხვაგვარი გამოხატულება, პროფესიონალებისთვის ერთგვარი ნიშანი უნდა იყოს ამ ბავშვის მდგომარეობის შესახებ.

ბავშვთა დაცვის სერვისების წარმომადგენლებმა, ასევე, მკაცრად უნდა გააკონტროლონ თავისი ქმედებები ოჯახში ძალადობის ზრდასრული მსხვერპლის, მათ შორის, ქალის მიმართ:

  • არ მოახდინოს ამ ქალების სტიგმატიზება, დამცირება;
  • არ დაიწყოს საუბარი ბავშვების ჩამორთმევაზე, ამის საფუძვლიანი მიზეზის გარეშე და ა.შ.
  • დაარწმუნოს მსხვერპლი რომ იგი არაა მოძალადის ქმედებებზე პასუხისმგებელი;
  • შეაფასოს მსხვერპლისა და მისი შვილის მიმართ არსებული საფრთხის სერიოზულობა;
  • შეაფასოს მსხვერპლის შესაძლებლობები შვილებისთვის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • დაეხმაროს მსხვერპლს, დაგეგმოს, უსაფრთხოდ შეადგინოს გადაადგილების, ცხოვრების გეგმა მისთვის და მისი შვილებისათვის;
  • გადაამისამართოს მსხვერპლი ოჯახში ძალადობის სერვისებში და დაეხმაროს რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვთა დაცვის სერვისის წარმომადგენელმა შეძლოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაცია შესაბამისი სტანდარტით, მათ შორის:

  • დაარწმუნოს ბავშვი, რომ ის რაც მშობლებს შორის მოხდა მისი პასუხისმგებლობა არ არის;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაარწმუნოს ბავშვი, რომ მისი ბრალი აგრეთვე არაა ის, რომ ბავშვმა ვერ შეძლო ვინმესთვის ა მშობლებს შორის ძალადობის შესახებ მოეყოლა;
  • დაეხმაროს ბავშვს იმ ზრდასრულების იდენტიფიცირებაში, ვისთანაც შეუძლიათ უსაფრთხოდ საუბარი.
  • განიხილოს ბავშვთან მისი უსაფრთხოების საკითხები.

გენდერული სტერეოტიპების დაუშვებლობა და გენდერულად მგრძნობიარე შეფასება

ბავშვთა დაცვის სამსახურისთვის შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახერხონ ქეისის დოკუმენტირებისას გენდერული ტენდენციურობის გამოვლენა სწორი ენისა და ტერმინების გამოყენებით.

მათ თავიდან უნდა აირიდონ ისეთი ფრაზების გამოყენება, რომელიც რაიმე კუთხით მოძალადედ ან ძალადობის ხელშემწყობად წარმოაჩენს მსხვერპლ ქალს, მაგალითად:

  • მშობლები ახორციელებდნენ ძალადობას;
  • ორივე მშობელი უარყოფს ძალადობას;
  • დისფუნქციური ოჯახი;
  • დედამ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ძალადობისგან;
  • დედა მამას აძლევდა საშუალებას ბავშვებზე ეძალადა.

ბავშვთა  დაცვის სერვისებმა, ბავშვების მდგომარეობის შეფასებისას და სკრინინგის ჩატარებისას, უნდა გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საკითხები და ბავშვის შეფასების ანგარიშში აუცილებლად ასახონ შემდეგი ინფორმაცია: ოჯახში არსებული იარაღი, ოჯახში ძალადობის ინტენსიობის თუ სიხშირის ზრდის გარემოებები, ძალაუფლებისა და კონტროლის გადანაწილება, დამცირებისა და შეურაცხყოფის ეპიზოდები, იზოლაცია ა.შ.

ბავშვის შეფასების გასაკეთებლად კი უნდა დაეყრდნონ მაქსიმალურად მრავალფეროვან წყაროს, მათ შორის:

  • პოლიციის ოქმები;
  • შემაკავებელი დამცავი ორდერები;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების და სამართალწარმოების სხვა მასალები.

სერვისები, რომელიც უნდა შესთავაზონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს და ბავშვებს

იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს არ შეეშინდეს მოძალადის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წამოწყება, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, აუცილებელი სერვისებით. მას უნდა სჯეროდეს, რომ ხმის ამოღება ყველა სხვა აუცილებელი რესურსის დაკარგვად არ დაუჯდება. ასეთი სერვისები, ქვეყნების მიხედვით მრავალფეროვანია. განვიხილოთ ისევ ორეგონის შტატის მაგალითზე არსებული სერვისები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის:

დროებითი დახმარება ძალადობის მსხვერპლებისთვის

დახმარება ფარავს ქალის და ბავშვების საცხოვრისის გადასახადს, იპოთეკურ სესხს, ავეჯს, საკეტებს და უსაფრთხოებას, პირადი ნივთების გადმოტანის ხარჯებს, ტანსაცმლისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების ხარჯებს.

ოჯახის მხარდამჭერი სერვისები

ეს სერვისი აძლიერებს და ეხმარება მსხვერპლს მშობლის მოვალეობების შესრულებაში და ბავშვების ჯანმრთელად განვითარების უზრუნველყოფაში. ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან, რათა შეძლოს ბავშვისთვის მზრუნველი გარემოს შექმნა, საკუთარი პიროვნული მდგრადობის გამომუშავება, სოციალური კავშირების დამყარება და შენარჩუნება. სერვისი მოიცავს:

  • სახლში ვიზიტებს;
  • ოჯახის საჭიროებების შეფასებას;
  • ადვოკატირებას;
  • ოჯახის ინდივიდუალურ გეგმას;
  • გადაუდებელ სერვისებს.

თემში არსებული სერვისები

ძალადობის მსხვერპლი ქალებისა  და ბავშვებისთვის ასევე ხელმისაწვდომია თემში არსებული  ოჯახში ძალადობისგან დაცვის სპეციალური სერვისებიც:

  • უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა (უსაფრთხო სახლი, გადაადგილება, კომუნიკაცია და ა.შ.);
  • კრიზისული თავშესაფარი;
  • 24-საათიანი ცხელი ხაზი;
  • თანასწორთა მხარდაჭერის სერვისი (სხვა ქალები რომელთაც გამოვლილი აქვთ ეს მდგომარეობა, ჯგუფური ან ინდივიდუალური მხარდაჭერა);
  • ინფორმირების და გადამისამართების სერვისი;
  • ადვოკატირება.

ნივთიერებაზე დამოკიდებულების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები

ნივთიერებაზე დამოკიდებული მსხვერპლებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ცენტრები. თავის მხრივ, ამ ცენტრებს პროფილური ცოდნის გარდა გავლილი უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის ამაღლების ტრეინინგი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს სერვისი ესაჭიროება როგორც მოძალადეს ისე მსხვერპლს, ისინი სხვადასხვა ცენტრში უნდა გადამისამართდნენ.

კონფიდენციალობის დაცვის პროგრამა

იუსტიციის დეპარტამენტი ახორციელებს კონფიდენციალობის დაცვის პროგრამას, რომლის მთავარი ფუნქცია მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ პროგრამაში შეუძლიათ ჩაერთონ ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ადევნების მსხვერპლები. საჭიროების შემთხვევაში მათ შესთავაზებენ საცხოვრებლის გამოცვლას და მათ შესახებ საჯარო ჩანაწერების კონფიდენციალობას. ასევე, იცვლება მონაცემები მათ მართვის მოწმობაში, საარჩევნო სიაში, სოციალური დაცვის სისტემაში და ყველა სხვა სახელმწიფო უწყების რეესტრში, სადაც მანამდე მსხვერპლის იდენტიფიცირება შეეძლო მოძალადეს.

მსხვერპლის დახმარების სერვისი

აღნიშნულ სერვისში მსხვერპლი იღებს საკონსულტაციო მომსახურებას (მაგ. ფსიქოლოგი), იურიდიულ მომსახურებას, კომპენსაციის მიღებაში დახმარებას და ადვოკატირების სხვა შესაძლებლობებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებას, დაკრძალვის ხარჯებში დახმარებასა და სხვა.

სერვისები იმიგრანტებისთვის და ლტოლვილებისთვის

იმიგრამნტების სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მათ მიმართ  ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა, ამ სტატუსის მატარებელ ქალებს სპეციალური სერვისებს შესთავაზებენ , დამატებით მათ შეუძლიათ მოითხოვონ თავშესაფარი და მოძალადისგან დაცვა.

მოძალადესთან დაკავშირებული სერვისები

აღნიშნული სერვისები ორიენტირებულია მოძალადის ქცევის ცვლილებაზე და მისი საჭიროებიდან გამომდინარე, მოიცავს სხვადასხვა რეაბილიტაციისა და ჩარევის კურსებს.

სახელმძღვანელოს ყველა ღონისძიების აღწერა ბლოგში შეუძლებელია, თუმცა, დავასრულებ იმით, რომ ბავშვთა დაცვის სამსახურები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ქალის საჭიროებებს ბავშვთა საჭიროებებთან ერთად განიხილავენ, წარმოადგენს ქალების გაძლიერების აუცილებელ საშუალებას. თავის მხრივ, სამართალდამცავი სამსახურები და სასამართლო, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვის პროცესში სათანადო ადგილს დაუთმობს ბავშვთა დაცვის სამსახურებს, მხოლოდ უკეთესი შედეგების მიღწევას შეძლებს.

ქალებს, რომლებიც სახელმწიფოს ოჯახში ძალადობისგან დასაცავად მიმართავენ, უნდა ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ ამ მიმართვით ისინი ბავშვების მდგომარეობას არ გააუარესებენ.

სახელმწიფო უწყებებისა და  ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიერ კი, ქალის უარი მისთვის  ძალადობისგან დაცვის შეთავაზებაზე არ აღიქმებოდეს როგორც მისტიკურ, გაუგებარ მოვლენად. პირიქით, ქალების ნების გათვალისწინებითა და მოსმენით უზრუნველყოფდნენ მათთვის და ბავშვებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნას, რაც ქალს გახდის უფრო გაბედულს, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან.


[1] Rhodes, V.K., Dichter, ME., Kothari, L., Marcus, S.C., Cerulli, C. The Impact of Children on legal actions taken by women victims on intimate partner violence, J Fam Biol 2011, 26. 355-364

[2] Bonomi, A., Holt, V. L., Martin, D. P., & Thompson, R. S. (2006). Severity of intimate partner violence and occurrence and frequency of police calls. Journal of Interpersonal Violence, 21, 1354–1364

[3] Hare, S. C. (2010). Intimate partner violence: Victims’ opinions about going to trial. Journal of Family Violence

[4] https://apps.state.or.us/Forms/Served/ce9200.pdf